აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი - უკრაინაში არჩევნები გაუქმებულია, შეზღუდულია რელიგიის თავისუფლება, ეკლესიები დახურულია, არსებობს მედიაზე მთავრობის სრული კონტროლი

ტულსი გაბარდი

უკრაინაში არჩევნები გაუქმებულია, შეზღუდულია რელიგიის თავისუფლება, ეკლესიები დახურულია, შეზღუდულია ოპოზიციაც, არსებობს მედიაზე მთავრობის სრული კონტროლი, – ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა, ტულსი გაბარდმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

გაბარდის თქმით, ევროპული ქვეყნები არ არიან ერთგული თავისუფლების ღირებულებების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ამაზე საუბრობენ.

„პრეზიდენტი ტრამპი აცნობიერებს სამწლიანი სისხლიანი ომის დასრულების გადაუდებელ აუცილებლობას. მან დაამტკიცა, რომ ერთადერთი ადამიანია, ვისაც შეუძლია, ამის გაკეთება. პრეზიდენტ ზელენსკის განსხვავებული მიზნები აქვს. მან განაცხადა, რომ სურს ომის დასრულება, მაგრამ იგი მხოლოდ ისეთ დასასრულს მიიღებს, რაც უკრაინის გამარჯვებით დასრულდება, თუნდაც ეს მესამე მსოფლიო ომის ან ბირთვული ომის ძალიან მაღალი ფასის ხარჯზე მოხდეს“ – აღნიშნა ტულსი გაბარდმა.

ამასთან, ინტერვიუში გაბარდმა განიხილა თეთრ სახლში დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის მომხდარი ინციდენტი და აღნიშნა, რომ ეს ურთიერთობაში უზარმაზარი განხეთქილების მიზეზი გახდა

„ზელენსკიმ პირდაპირ გამოწვევა გაუგზავნა პრეზიდენტ ტრამპსა და ვიცე-პრეზიდენტ ვენსს მედიისა და ამერიკელი ხალხის წინაშე, რითაც ნათლად გამოავლინა რეალური, კეთილსინდისიერი მოლაპარაკებების მიმართ ინტერესის ნაკლებობა. ბევრი საუბარი მიმდინარეობდა სხვადასხვა ემისრების მეშვეობით, როგორც ზელენსკისთვის, ასევე პრეზიდენტ ტრამპისთვის, ოვალურ კაბინეტში ვიზიტამდე. პრეზიდენტ ზელენსკის მყისიერი ესკალაცია, გულწრფელად რომ ვთქვა, საკმაოდ მოულოდნელი იყო“, – აღნიშნა გაბარდმა.

შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის დირექტორის თქმით, აუცილებელია, მხარეები დასხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან. მისი თქმით, სავარაუდოდ, არცერთი მხარე არ იქნება კმაყოფილი მიღებული შედეგით. გაბარდმა ასევე გააკრიტიკა ევროპული ქვეყნების პოლიტიკა და განაცხადა, რომ ისინი მხოლოდ ფორმალურად ემხრობიან დემოკრატიულ ღირებულებებს.

„ევროპული ქვეყნები არ არიან ერთგულნი თავისუფლების ღირებულებების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ამაზე საუბრობენ. ჩვენ მოვისმინეთ ვიცე-პრეზიდენტ ვენსის სიტყვა მიუნხენში. სხვადასხვა მაგალითებია იმისა, თუ როგორ ახორციელებენ ხშირ შემთხვევაში ეს ევროპელი პარტნიორები და ხანგრძლივი მოკავშირეები პოლიტიკას, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიას. ეს აჩვენებს, რომ ისინი რეალურად არ უსმენენ ხალხის ხმას და ახორციელებენ ანტითავისუფალ პოლიტიკას. ჩვენ ვხედავთ ამას გაერთიანებულ სამეფოში. ვხედავთ ამას გერმანიაში. ვნახეთ ეს არჩევნების გაუქმებით რუმინეთში“, – განაცხადა გაბარდმა.

ამასთან, აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის განცხადებით, უკრაინაში ოპოზიციური პარტიები იდევნებიან, მედიაზე მთავრობის სრული კონტროლი არსებობს და იზღუდება რელიგიური თავისუფლება.

„ჩვენ ვსაუბრობთ ბევრ ამ ევროპულ ქვეყანასა და თვითონ ზელენსკიზე, რომლებიც აცხადებენ, რომ იბრძვიან თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის, როდესაც რეალურად რასაც ვუყურებთ ამ ქვეყნებში, ისევე უკრაინაში, ზუსტად საპირისპიროა. უკრაინაში არჩევნები გაუქმებულია. არსებობენ პოლიტიკური პარტიები, რომლებიც აკრძალულია, ან კიდევ კრიმინალიზებულია, ან ციხეში არიან ჩასმული. არსებობს რელიგიის თავისუფლების შეზღუდვა, ეკლესიები დახურულია. პოლიტიკური ოპოზიცია შეზღუდულია. არსებობს მედიაზე მთავრობის სრული კონტროლი. ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ მთელი სია იმ საკითხებისა, რომლებიც დემოკრატიისა და თავისუფლების ღირებულებების წინააღმდეგაა. ამიტომ, იბადება კითხვა, როგორც ვიცე-პრეზიდენტმა ვენსმა მიუნხენში აღნიშნა, ისინი მართლაც ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ გამოდიან – ეს ნათელია, მაგრამ, სინამდვილეში, რისთვის იბრძვიან ისინი? მართლა შეესაბამება თუ არა მათი ღირებულებები იმას, რაც, როგორც ისინი ამბობენ, ემთხვევა ჩვენსას? ემთხვევა თუ არა ისინი იმ პრინციპებს, რასაც მხარს უჭერენ პრეზიდენტი ტრამპი და ვიცე-პრეზიდენტი ვენსი – თავისუფლების, მშვიდობისა და ჭეშმარიტი უსაფრთხოების პრინციპებს?“- აღნიშნა ტულსი გაბარდმა