ეს კერძი თურქეთში ჩასახლებულმა ქართველებმა შემოინახეს

dzage

თურქეთში დიდი ხნის მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს, ჩასახლებულ მუჰაჯირებს, თავიანთი იდენტობის ნაწილად, დღემდე აქვთ შემონახული ქართული სამზარეულოს მარგალიტები. თაობიდან თაობას გადასცემენ კერძებს, რომლებსაც სამშობლოს გემო აქვს და ფესვებიდან მოსდგამთ.  

ფეისბუქზე გაცოცხლდა კერძი სახელწოდებით "ძაღეძმარი", რომელიც დღემდე ცოცხალია ქობულეთის სოფლებში. მეტწილად გაზაფხულზე ამზადებენ და პოპულარულიც კი არის. კერძის რეცეპტი სამშობლოდან გადახვეწილმა მუჰაჯირებმაც გაიყოლეს და თაობებს გადასცეს.
 

***

მზადდება კარგად დანაყილი ნიგვზის, ძმრის, სანელებლებისა და ქინძისაგან.შედარებით თხელ სოუსში მოხარშულ კვერცხებს აწყობენ.ამზადებენ დაკონსერვებული პომიდვრის წვენისგანაც.ძაღეძმარი ერთგვარი სოუსი იყო ძველად, გურიაში, რომელიც ნიგვზისგან მზადდებოდა და უამრავი კერძის შემადგენლობაში შედიოდა. მის დამზადებას რამდენიმე თვე სჭირდებოდა და ფერმენტაციის შემდეგ წლობით ინახებოდა.წყაროებში იგი პირველად 1854 წელს იხსენიება ერთ-ერთი სუფრის აღწერისას, რომელიც გურია-იმერეთის საზღვარზე გაიმართა.მისი დამზადების რეცეპტი აპოლონ წულაძემ და ბარბარე ჯორჯაძემ შემოგვინახეს.დღეისათვის დავიწყებულია. თუმცა, ქობულეთურმა სამზარეულომ, როგორც გურული გასტრონომიის ნაწილმა, შემოგვინახა კერძი ამ სახელწოდებით. თურქეთში კი მას ქობულეთელ მუჰაჯირთა შთამომავლები ამზადებენ.