9 shvilis deda

9 შვილისა და 18 შვილობილის დედის სულისშემძვრელი ამბავი

ელისაბედ ჯავახიშვილი 54 წლისაა. მას 9 შვილი და რვა შვილიშვილი ჰყავს, მეცხრე შვილიშვილის მოლოდინშია. ელისაბედს შვილებთან ერთად 18 სხვისი შვილი ჰყავს აღზრდილი, რომლებიც ქუჩიდან აიყვანა და შვილებისთვის განკუთვნილი სითბო მათაც გაუნაწილა.

„პრაიმტაიმთან “ ინტერვიუში მან მრავალშვილიანი ოჯახის სირთულეებსა და წარმატებებზე ისაუბრა:

– რომ მეკითხებიან, პროფესიით ვინ ხარო, ვეუბნები, რომ პროფესიით ვარ დედა. პრობლემების მეტი რა მაქვს, მაგრამ არც წუწუნი მიყვარს და ვერც დაღვრემილობას ვიტან. 9 შვილის დედა არ უნდა იყო ისე, რომ სხვა შეაშინო. დღეს დემოგრაფიული პრობლემებია ქვეყენაში და არ უნდა იფიქრონ ახალგაზრდებმა, რომ თუ ბევრ შვილს გააჩენენ, მთელი ცხოვრება პრობლემების მეტი არაფერი ექნებათ.

ხანდახან მეც არ მჯერა, რომ ამდენი შვილი მყავს. 33 წლისას 9 შვილი მყავდა. ახლა მეცხრე შვილიშვილს ველოდები. გარდა ამისა, გავზარდე ქუჩაში მცხოვრები 18 ბავშვი და მათგან კიდევ 8 შვილიშვილი მყავს. ყველანი ერთად რომ მოვგროვდებით, ჩემს სახლში ადგილიც არ არის ხოლმე.

ქუჩაში მცხოვრები ბავშვები მონასტრის დედებს მოჰყავდათ ხოლმე ჩემთან. ზოგი 3 წელი ცხოვრობდა ჩემთან, ზოგი 8 წელი. დედას მეძახდნენ. ზოგი ბოლომდე შემომრჩა, ზოგი უფრო მალე წავიდა. მაშინდელი კანონი ბავშვებს ალკოჰოლდამოკიდებული მშობლებისგან არ იცავდა. ბავშვს ცოტა ფორმაში ჩავაყენებდი, წესრიგს, სისუფთავეს შევაჩვევდი და დედები მოდიოდნენ და მართმევდნენ, ისევ მოწყალების სათხოვნელად უშვებდნენ.

მამა გიორგი, რომელიც დღეს თბილისის ერთ-ერთ მონასტერში მოღვაწეობს, ჩემი გაზრდილია და დედას მეძახდა. ეგეც ქუჩაში ცხოვრობდა. ახლა ის ჩემი შვილიშვილის ნათლიაა და ჩემს შვილებთან მეგობრობს. 9 წლის იყო, როცა ჩემთან მოიყვანეს და როცა ხორციან კერძს ვაკეთებდი, ამბობდა ხოლმე, – მამაჩემი ადამიანების ხორცს ჭამსო. ვფიქრობდი, რომ ამით ჩემი ყურადღების მიქცევა უნდოდა, რადგან ყველა შვილობილი ეჭვიანობდა ჩემს შვილებზე. ცდილობდნენ, ისე მოქცეულიყვნენ, რომ ჩემი ყურადღება მიეპყროთ. თავიდან ძალიან მიჭირდა მათი ნდობის მოპოვება, რადგან თავისებური, ქუჩური წესები ჰქონდათ და რაღაცებს თავისებურად საზღვრავდნენ. ნდობას თუ მოიპოვებ, მერე ისე შეუყვარდები, რომ ვერაფერი შეაძულებს შენს თავს. თუმცა, მე ძალიან მეშინოდა იმის, რომ ქუჩიდან მოყვანილ ბავშვებს ქუჩური წესები ჩემს შვილებზე არ გაევრცოთ. მყავდა აყვანილი 11 წლის გოგონა, რომელიც დედამ არყის საყიდლად გაგზავნა და ქუჩაში 9 ჯარისკაცმა გააუპატიურა. ბავშვს რომ ვაბანავებდი, მეკითხებოდა ხოლმე, ელისაბედ დეიდა, მუცელი მეზრდება? რატომ მეკითხები-მეთქი? ვკითხე და მერე მომიყვა ამ ამბავს. მთელი ღამე ვიჯექი და ვტიროდი, ჩემი ქმარი კი მამშვიდებდა.

მამა გიორგისთან ეკლესიის მსახურები მოდიოდნენ ხოლმე მოსაკითხავად. ის 14 წლამდე ჩემთან იზრდებოდა და მერე მონასტერში წაიყვანეს. ძალიან უნდოდა, ბერობა, მაგრამ ისე მოხდა, რომ ცოლი მოიყვანა და ახლა 4 შვილის მამაა და მღვდლად მოღვაწეობს.

თუმცა, მინდა გითხრათ, ისე მოხდა, რომ ქუჩის ბავშვებმა ჩემს შვილებს ცოდვა-მადლის გარჩევა ასწავლეს და მათზე კარგი გავლენა მოახდინეს. უსამართლობაზე თვალს არ დახუჭავენ, გაჭირვებულს გვერდს არ აუვლიან. ეს ყველაფერი ჩემმა შვილებმა ამ ბავშვებისგან ისწავლეს და მიმაჩნია, რომ ამ ბავშვების ჩვენთან ყოფნამ ბევრი კარგი რამ მოგვცა.

ძალიან მიხარია, ჩემი თვრამეტივე შვილობილი სწორ გზაზე დადგა და ყველასგან კარგი ადამიანი გამოვიდა.

ის 11 წლის გოგონა, რომელზეც ზემოთ მოგიყევით, მონასტერში დედებმა წაიყვანეს, მაგრამ 1 კვირაში იქიდან გამოიქცა. მერე სად იყო არ ვიცი და ამ რამდენიმე წლის წინ შემხვდა, ხელში ბავშვით, ფეხმძიმე და ქმართან ერთად. გადამეხვია, იტირა და ხელებს მიკოცნიდა. ძალიან იყო მოტეხილი, თითქოს დაბერებული, მაგრამ მაინც გამიხარდა, რომ ოჯახი შეუქმნია და ასე თუ ისე, თავისი პირადი ცხოვრება მოაწყო... განაგრძეთ კითხვა

მთავარი სიახლეები