დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
რუსი მომღერალი ალა პუგაჩოვა, ქმართან, შოუმენ მაქსიმ გალკინთან ერთად, ომის დაწყებიდან მალევე, რუსეთიდან წავიდა. სამშობლოში მომღერალი აგვისტოს ბოლოს, შვილებთან ერთად დაბრუნდა. რუსეთში ჯერ კიდევ არ დაბრუნებულა მაქსიმ გალკინი, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში შოუებს მართავს.
ომის დაწყების შემდეგ, პუგაჩოვას, კონფლიქტის შესახებ არასოდეს საკუთარი აზრი არ გამოუთქვამს, თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში რუსეთის ხელისუფლებას მუდმივად აკრიტიკებდა გალკინი. ცოტა ხნის წინ შოუმენი რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ უცხო ქვეყნის აგენტად გამოაცხადა.
ამჯერად კი, როგორც რუსული მედია წერს, სამართალდამცავი ორგანოების ყურადღების ცენტრში ალა პუგაჩოვა მოექცა. ამის შესახებ საკუთარ ბლოგში ჟურნალისტი ქსენია სობჩაკი წერს. საქმე ეხება პუგაჩოვას პოსტს, სადაც მომღერალი სთხოვდა ხელისუფლებას, ქმრის მსგავსად, ისიც გამოეცხადებინათ უცხო ქვეყნის აგენტად.
„მივმართავ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, გთხოვთ, შემიყვანოთ უცხო ქვეყნის აგენტების სიაში, რადგან სოლიდარული ვარ ჩემი ქმრის - წესიერი, პატიოსანი და გულწრფელი ადამიანის, რუსეთის ნამდვილი და მოუსყიდველი პატრიოტის, რომელსაც მისი სამშობლოს აყვავება, მშვიდობიანი ცხოვრება და სიტყვის თავისუფლება სურს, ასევე, სურს შეწყდეს ჩვენი ჯარისკაცების დაღუპვა ილუზორული მიზნებისთვის, რაც ჩვენს ქვეყანას გარიყულს ხდის და ჩვენი მოქალაქეების ცხოვრებას ართულებს“, - წერდა პუგაჩოვა.
პოლიციაში შევიდა საჩივარი, სადაც რუსეთის ერთ-ერთი მოქალაქე აღნიშნავს, რომ მომღერალი რუს ჯარისკაცებს შეურაცხყოფს. ამასთან, საჩივრის ავტორი აცხადებს, რომ პუგაჩოვა „უცხო ქვეყნებისგან მხარდაჭერას იღებს“.