დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ელისაბედ ჯავახიშვილი 54 წლისაა. მას 9 შვილი და რვა შვილიშვილი ჰყავს, მეცხრე შვილიშვილის მოლოდინშია. ელისაბედს შვილებთან ერთად 18 სხვისი შვილი ჰყავს აღზრდილი, რომლებიც ქუჩიდან აიყვანა და შვილებისთვის განკუთვნილი სითბო მათაც გაუნაწილა.
„პრაიმტაიმთან “ ინტერვიუში მან მრავალშვილიანი ოჯახის სირთულეებსა და წარმატებებზე ისაუბრა:
– რომ მეკითხებიან, პროფესიით ვინ ხარო, ვეუბნები, რომ პროფესიით ვარ დედა. პრობლემების მეტი რა მაქვს, მაგრამ არც წუწუნი მიყვარს და ვერც დაღვრემილობას ვიტან. 9 შვილის დედა არ უნდა იყო ისე, რომ სხვა შეაშინო. დღეს დემოგრაფიული პრობლემებია ქვეყენაში და არ უნდა იფიქრონ ახალგაზრდებმა, რომ თუ ბევრ შვილს გააჩენენ, მთელი ცხოვრება პრობლემების მეტი არაფერი ექნებათ.
ხანდახან მეც არ მჯერა, რომ ამდენი შვილი მყავს. 33 წლისას 9 შვილი მყავდა. ახლა მეცხრე შვილიშვილს ველოდები. გარდა ამისა, გავზარდე ქუჩაში მცხოვრები 18 ბავშვი და მათგან კიდევ 8 შვილიშვილი მყავს. ყველანი ერთად რომ მოვგროვდებით, ჩემს სახლში ადგილიც არ არის ხოლმე.
ქუჩაში მცხოვრები ბავშვები მონასტრის დედებს მოჰყავდათ ხოლმე ჩემთან. ზოგი 3 წელი ცხოვრობდა ჩემთან, ზოგი 8 წელი. დედას მეძახდნენ. ზოგი ბოლომდე შემომრჩა, ზოგი უფრო მალე წავიდა. მაშინდელი კანონი ბავშვებს ალკოჰოლდამოკიდებული მშობლებისგან არ იცავდა. ბავშვს ცოტა ფორმაში ჩავაყენებდი, წესრიგს, სისუფთავეს შევაჩვევდი და დედები მოდიოდნენ და მართმევდნენ, ისევ მოწყალების სათხოვნელად უშვებდნენ.
მამა გიორგი, რომელიც დღეს თბილისის ერთ-ერთ მონასტერში მოღვაწეობს, ჩემი გაზრდილია და დედას მეძახდა. ეგეც ქუჩაში ცხოვრობდა. ახლა ის ჩემი შვილიშვილის ნათლიაა და ჩემს შვილებთან მეგობრობს. 9 წლის იყო, როცა ჩემთან მოიყვანეს და როცა ხორციან კერძს ვაკეთებდი, ამბობდა ხოლმე, – მამაჩემი ადამიანების ხორცს ჭამსო. ვფიქრობდი, რომ ამით ჩემი ყურადღების მიქცევა უნდოდა, რადგან ყველა შვილობილი ეჭვიანობდა ჩემს შვილებზე. ცდილობდნენ, ისე მოქცეულიყვნენ, რომ ჩემი ყურადღება მიეპყროთ. თავიდან ძალიან მიჭირდა მათი ნდობის მოპოვება, რადგან თავისებური, ქუჩური წესები ჰქონდათ და რაღაცებს თავისებურად საზღვრავდნენ. ნდობას თუ მოიპოვებ, მერე ისე შეუყვარდები, რომ ვერაფერი შეაძულებს შენს თავს. თუმცა, მე ძალიან მეშინოდა იმის, რომ ქუჩიდან მოყვანილ ბავშვებს ქუჩური წესები ჩემს შვილებზე არ გაევრცოთ. მყავდა აყვანილი 11 წლის გოგონა, რომელიც დედამ არყის საყიდლად გაგზავნა და ქუჩაში 9 ჯარისკაცმა გააუპატიურა. ბავშვს რომ ვაბანავებდი, მეკითხებოდა ხოლმე, ელისაბედ დეიდა, მუცელი მეზრდება? რატომ მეკითხები-მეთქი? ვკითხე და მერე მომიყვა ამ ამბავს. მთელი ღამე ვიჯექი და ვტიროდი, ჩემი ქმარი კი მამშვიდებდა.
მამა გიორგისთან ეკლესიის მსახურები მოდიოდნენ ხოლმე მოსაკითხავად. ის 14 წლამდე ჩემთან იზრდებოდა და მერე მონასტერში წაიყვანეს. ძალიან უნდოდა, ბერობა, მაგრამ ისე მოხდა, რომ ცოლი მოიყვანა და ახლა 4 შვილის მამაა და მღვდლად მოღვაწეობს.
თუმცა, მინდა გითხრათ, ისე მოხდა, რომ ქუჩის ბავშვებმა ჩემს შვილებს ცოდვა-მადლის გარჩევა ასწავლეს და მათზე კარგი გავლენა მოახდინეს. უსამართლობაზე თვალს არ დახუჭავენ, გაჭირვებულს გვერდს არ აუვლიან. ეს ყველაფერი ჩემმა შვილებმა ამ ბავშვებისგან ისწავლეს და მიმაჩნია, რომ ამ ბავშვების ჩვენთან ყოფნამ ბევრი კარგი რამ მოგვცა.
ძალიან მიხარია, ჩემი თვრამეტივე შვილობილი სწორ გზაზე დადგა და ყველასგან კარგი ადამიანი გამოვიდა.
ის 11 წლის გოგონა, რომელზეც ზემოთ მოგიყევით, მონასტერში დედებმა წაიყვანეს, მაგრამ 1 კვირაში იქიდან გამოიქცა. მერე სად იყო არ ვიცი და ამ რამდენიმე წლის წინ შემხვდა, ხელში ბავშვით, ფეხმძიმე და ქმართან ერთად. გადამეხვია, იტირა და ხელებს მიკოცნიდა. ძალიან იყო მოტეხილი, თითქოს დაბერებული, მაგრამ მაინც გამიხარდა, რომ ოჯახი შეუქმნია და ასე თუ ისე, თავისი პირადი ცხოვრება მოაწყო.
ბავშვობაში ძალიან მიყვარდა სახლობანას თამაში და მთელი ცხოვრება მგონია, რომ სახლობანას ვთამაშობ და თოჯინები ჩემი ბავშვები არიან. სად იყო ამათი პატარაობისას დენი და სარეცხის მანქანა? ხელით ვრეცხავდი ჩემი და აყვანილი ბავშვების ტანსაცმელს და ის ვიღლებოდი, რომ ხელები მკვდარი ჩიტებივით ჩამომიცვივდებოდა ხოლმე, მაგრამ მაინც ბედნიერი და ხალისიანი ვიყავი მუდამ.
ჩემმა მეუღლემ მომიტაცა. ეს ჩემი ტრაგედიაა და არ მიყვარს ამაზე ლაპარაკი. 18 წლის ვიყავი, რომ მომიტაცა და მამამ დამტოვა, არ წამომიყვანა უკან. მე ხუთშვილიან ოჯახში ვიზრდებოდი, ჩემი მეუღლე კი დედისერთა იყო, ხელის გულზე ატარებდნენ. გაზულუქებული ქმარი შემხვდა, მაგრამ კარგი ადამიანია ნამდვილად. მაშინ ქეიფის მეტი არაფერი იცოდა. მდიდარი ოჯახის შვილი იყო, არაჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრობდა და ბევრი მავნე ჩვევა ჰქონდა. ამის გამო ერთ მშვენიერ დღეს დედამთილს ვუთხარი, რომ ცალკე მინდოდა გადასვლა საცხოვრებლად, ოჯახით, მინდა, რომ ბევრი შვილი მყავდეს და ჩემმა ქმარმა პასუხისმგებლობა იგრძნოს-მეთქი. გადაირია ჩემი დედამთილი, ერთ შვილზე მეტი არ უნდა გააჩინო, თუ არა და წადითო. წამოვედით, მამიდამ დაგვითმო სახლი და იქ დავიწყეთ ცხოვრება, ჩემმა ქმარმა მუშაობაც დაიწყო. ჩემს მამამთილს საჭმელი რომ მოჰქონდა ჩვენთან, ეგეც კი ავუკრძალე. თვითონ ტრესტის მმართველი იყო და მერე შვილსაც დააწყებინა მუშაობა. მახსოვს, პირველი ხელფასი რომ აიღო, როგორი სიხარულით მოიტანა შინ. ასე დავიწყეთ დამოუკიდებლად ცხოვრება. მერე ჩემს მეუღლეს ფილტვის სიმსივნე დაემართა და ბინის გაყიდვა მოგვიწია, რომ მისთვის გვემკურნალა. 17 წელია, ქირით ვცხოვრობთ. მეუღლეს ესაჭიროებოდა მკურნალობა, რადგან ცალი ფილტვი აქვს და წავიდა საზღვარგარეთ, სამკურნალოდ. ახლა იქ შემორჩა და ვერ ჩამოდის. ძალიან გადარეული ადამიანი ვარ და მინდა, გულწრფელი ვიყო: ჩემს მეუღლეზე უფრო მეტი ამაგი მაქვს, ვიდრე ცხრა შვილზე ერთად და მიყვარს კიდეც.
საპატრიარქოში ვმუშაობდი წლების განმავლობაში. მძიმე 90-იან წლებში საღამოს სამ პურს მაძლევდნენ ხოლმე, ბავშვებისთვის, მაგრამ გარეთ იმდენი მშიერი ბავშვი მხვდებოდა, რომ ყველას ვუნაწილებდი და ერთი პური მრჩებოდა მხოლოდ, იმასაც თავშლის ქვეშ ვმალავდი, რომ მშიერ ბავშვებს არ დაენახათ და სახლამდე მომეტანა.
რა თქმა უნდა, ჩემი მრავალშვილიანი ოჯახისთვის ეს საკმარისი არ იყო და ხშირად არც საჭმელი გვქონდა. სადღაც წავიკითხე, რომ თუ ღვთისმშობლის ლოცვას 150-ჯერ წავიკითხავდი, შეისმენდა ლოცვას და დაგვაპურებდა. ჩემს შვილებსაც მოვუყევი ამის შესახებ. სახლში მოსული, რადგან დაღლილი ვიყავი, დავწვებოდი და დავიწყებდი ლოცვის კითხვას – „ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ“… მე ვამბობდი ლოცვას, ბავშვები კი ითვლიდნენ, რამდენჯერ ვიტყოდი. რაღაც რაოდენობამდე რომ მივიდოდი, ვთქვათ, 70-ჯერ წარმოვთქვამდი და მერე დამეძინებოდა. ბავშვები მანჯღრევდნენ და მაღვიძებდნენ, – დეე, თუ 150-ჯერ არ იტყვი, ხომ იცი, ხვალ პური არ გვექნებაო. მაშინ დენიც ცოტა ხნით მოდიოდა და ჩაიდანი ადუღებასაც ვერ ასწრებდა. როგორც კი ჩაიდნის პირიდან ორთქლი ამოსვლას იწყებდა, ბავშვები შემოეხვეოდნენ და ხელებს ითბობდნენ ზედ. ყინვის „უზორებით“ მოხატულ ფანჯრებზე კი ზღაპრებს ვიგონებდი და ასე ვართობდი.
ერთ ამბავსაც მოგიყვებით: ბინა ვიქირავეთ ისე, რომ დიასახლისს არ ვუთხარი, ამდენი შვილი რომ მყავდა, რადგან ვინც იგებდა, რომ მრავალშვილიანი ვიყავით, ბინაში შეშვებაზე უარს გვეუბნებოდნენ. ერთ დღესაც დიასახლისი რაღაც საქმეზე მოვიდა და ამდენი ბავშვი რომ ნახა, მკითხა, ესენი ყველანი შენები არიანო? – კი-მეთქი. ზამთარი იყო, ყინავდა გარეთ და ჩვენს სახლშიც, რადგან არაფრით ვთბებოდით. გადაირია ეს ქალი, არავინ გყავს ისეთი, რომ კერასინკა გამოართვაო? დაიტოვა ჩემი ბავშვები და მე წავედი ბიძაშვილთან, რომლის ქმარიც ერთ-ერთ ტელევიზიაში კორესპონდენტად მუშაობდა და საკმაოდ შეძლებულები იყვნენ. ვთხოვე, ზედმეტი კერასინკა ხომ არ გაქვთ, ბავშვები მეყინებიან-მეთქი. უარით გამომისტუმრეს. მე ხომ ვიცი, რომ წამოვიდოდი, ისინი დაიწყებდნენ – რად უნდოდა ამდენი შვილი, ახლა, როგორც გააჩინა, ისე მიხედოსო. ყველა ასე ამბობდა ჩემს ზურგს უკან და ბევრიც პირში მეუბნებოდა. მოვედი ხელცარიელი. დიასახლისი წავიდა გაბრაზებული და ნავთით სავსე კერასინკა მომიტანა საიდანღაც, სანამ შენი გექნება, ეს გამოიყენეო. გამოხდა ხანი და ეს ჩემი ბიძაშვილი და მისი ქმარი მოვიდნენ და კერასინკა მომიტანეს. აღმოჩნდა, რომ სიუჟეტის გასაკეთებლად გაუშვიათ სადღაც მთაში და იქ ზვავში მოყოლილა მანქანით. 3 დღე-ღამე ყოფილა თოვლში დამარხული და ექსკავატორებით თხრიდნენ თურმე, რომ ამოეყვანათ. მითხრა: მთელი ის პერიოდი, მანქანაში რომ ვიყინებოდი, შენ და შენი შვილები მახსნდებოდით და ღმერთს ვეხვეწებოდი, ოღონდ ახლა გადამარჩინე და ელისაბედს კერასინკას ვუყიდი-მეთქი. ჰოდა, ვიყიდე და მოგიტანეო.
გული მწყდება, რომ ერთადერთი, რაც ვერ შევძელი, ისაა, რომ შვილებს უმაღლესი განათლება ვერ მივეცი. ძალიან ნაკითხი შვილები მყავს, ყველას რაღაცის ნიჭი აქვს. არასოდეს მომწონდა ის მიდგომა, რომ აუცილებლად ყველა ადამიანმა უნივერსიტეტი უნდა დაამთავროს. ვეუბნებოდი ჩემს შვილებს, იყავი მეფუტკრე, მაგრამ იყავი კარგი მეფუტკრე. იყავი კარგი მიწათმოქმედი და რასაც გააკეთებთ, ბოლომდე დაიხარჯეთ-მეთქი. რომ შემეძლოს, კიდევ გავაჩენდი შვილებს, ისე მიყვარს ბავშვები.
სურათების რიგითობით გაგაცნობთ შვილებს: პირველ ფოტოზე ნინოა, ორი შვილის დედიკო, მზრუნველი და თბილი შვილი – რიგით მეშვიდე. მერე ანდრია, რომელიც ბავშვობაში ერეკლე მეფე იყო მუდამ და სამშობლოს გადარჩენა სურდა. ის კარგი, მშრომელი, პატიოსანი ბიჭია, კარგი პოეტი და ხის მხატვრული დამუშავების კარგი სპეციალისტი. მისი დაუღალავი შრომით რამოდენიმე ტაძრის კანკელი გამშვენდა, რაც იმედს მაძლევს ცხონებისას. ანდრია რიგით მესამეა. შემდგომ მარიამია. მარიამი სიმღერის ნიჭითაა დაჯილდოებული. მეცოსოპრანოა. ერთგული და ალალია, რომც უნდოდეს, ტყუილი არ გამოსდის. ცნობილია თავისი გულწრფელობით. რიგით მეექვსეა. მერე ლევანი, რიგით მერვე. ლევანი მხატვარია და უთბილესი ბიჭია. ყველა უყვარს, ყველა და ძალიან გულჩვილია. შემდგომ თორნიკეა, დედას შავი კაცი. ასე ვეფერები. ის ხატებს ამშვენებს ოქროთი და ვერცხლით, ჭედურობა ხელეწიფება. ცინცხალი გონებითა და მოხერხებულობით გამოირჩევა. დაოჯახებულია და ჯერჯერობით შვილი არ ჰყავს. რიგით მეოთხეა. მერე თამარი. თამარი ორი ვაჟის დედაა. ერთგულია ოჯახის და შვილების. ჩემი ტკბილი გოგოა, ჭკვიანი და საზრიანი. რიგით მეხუთეა. მერე დედას გიორგი. ოჯახის სული და გული. მის ხელებს რა არ შეუძლია. სულ მქონდა მისი იმედი ბავშვობიდან. პატარა იოანეს მზრუნველი მამიკო. შალვა,ჩემი სიყრმის შვილი და პირველი სიხარული. ის მეოთხე შვილს ელოდება. მშრომელი და მზრუნველი ყველასათვის. და მეცხრე, ჩვენი პრინცესა, თეკლა. ის აბიტურიენტია და მპირდება, რომ ჩემს აუხდენელ ოცნებებს შემისრულებს.
მათ ღირსებებზე ცოტა უხერხულია, დედამ თქვას. მე კი მართლაც ამაყი ვარ მათით და სიმართლე გითხრათ, სულ მეცოტავებიან მაინც. ვზივარ და თითებზე ვითვლი, ჯერჯერობით 22 ვართ და 23-ე გზაშია და ძალიან მინდა, რომ ასნი ვიყოთ… აი, ესაა ბედნიერება.
2020 წლის საარქივო მასალა