ჯორჯინა უზკატეგი ილია თოფურიასთან დაკავშირებით დუმილს არღვევს
1782197449
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) მასწავლებლებისთვის STEAM ბანაკი გაიხსნა. ბანაკი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა გახსნა.
სამინისტროს ინიციატივით, პროექტი უკვე მესამე წელია ხორციელდება და მიზნად ისახავს საჯარო სკოლებში საბუნებისმეტყველო, ტექნოლოგიური და შემოქმედებითი მიმართულებების გაძლიერებას. ლევან ღირსიაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ორგანიზატორებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და პედაგოგებს STEAM განათლების მნიშვნელობაზე ესაუბრა.
STEAM ბანაკის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერი ლევან კოპალიანი და ქალაქ ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი.
ბანაკის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა STEAM მიმართულებით სასწავლო დავალებების შემუშავებასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ტექნოლოგიების, ინჟინერიის, ხელოვნებისა (Art) და მათემატიკის ინტეგრირებული სწავლების ხელშეწყობას.
პედაგოგები შეისწავლიან სკოლებში STEAM კლუბების შექმნისა და ეფექტიანი მართვის საკითხებს და გაეცნობიან ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე არსებულ საუკეთესო პრაქტიკებს. გარდა ამისა, პრაქტიკული აქტივობების საშუალებით განივითარებენ პროექტებზე დაფუძნებული სწავლებისა და ინოვაციური სასწავლო გარემოს ორგანიზებისთვის საჭირო კომპეტენციებს.
ბანაკის დასრულების შემდეგ მონაწილეები საკუთარ სკოლებში STEAM კლუბებს დააფუძნებენ, რომლებიც პრაქტიკული პროექტების განხორციელებაზე იქნება ორიენტირებული. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მოსწავლეებში შემოქმედებითი და კვლევითი უნარების განვითარებას, რაც მათ STEAM მიმართულების ინტეგრირებულ სასწავლო აქტივობებში ჩართვის შესაძლებლობას მისცემს.
პროგრამის – „STEAM განათლება“ – ფარგლებში, 500-მდე სკოლიდან 288 მასწავლებელი დარეგისტრირდა, საიდანაც ტესტირების საფუძველზე შეირჩა საუკეთესო შედეგის მქონე 100 პედაგოგი. STEAM ბანაკს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი 22 ივნისიდან 26 ივნისის ჩათვლით უმასპინძლებს.