1782158365
სამალავები და "ტელეგრამის" ონლაინმაღაზია - ცენტრალურმა კრიმინალურმა პოლიციამ ნარკოტიკების გავრცელების სქემა გამოავლინა
რეალიზატორი ახალგაზრდა კურიერს ასწავლის, როგორ დადოს ნარკოტიკი სამალავში ისე, რომ გამვლელებმა არ შეამჩნიონ. მთავარია, კლიენტს ე.წ. "ფაქტის" პოვნა გაუადვილდეს.
განსხვავებულად შეფუთული ნარკოტიკი მეტამფეტამინია, განსაკუთრებით დიდი ოდენობით. ფარული ჩანაწერებით ირკვევა, რომ ახალგაზრდა კურიერს ე.წ. "დამდების" ფუნქცია უნდა შეესრულებინა. ნარკოდანაშაულის სქემაში ჩართვის სანაცვლოდ კი ის გარკვეულ თანხასაც მიიღებდა.
"კურიერის" ინფორმაციით, რეალიზატორს "ტელეგრამში" ნარკოტიკების ონლაინმაღაზიაც ჰქონდა და ინტერნეტით სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკს, მათ შორის, მეტადონს და მეტამფეტამინს ავრცელებდა.
ნარკოტიკების გავრცელების ფაქტები ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოპერატიული ინფორმაციით აღკვეთეს. რეალიზაციის ხელშეწყობისთვის 25 წლის მამაკაცია დაკავებული.
ახალგაზრდა მამაკაცს ხელბორკილები საკუთარ ბინაში დაადეს. დაკავებულის მეუღლეს საჯაროდ გამოჩენა არ სურს, თუმცა კურიერთან დაკავშირებით კონკრეტული დეტალები მოყვა.
მტკიცებულებებზე ადვოკატი საქმის მასალების გაცნობის შემდეგ ისაუბრებს.
ნარკოდანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებები პოლიციამ უკვე მოიპოვა. სამართალდამცველებმა 25 წლის მამაკაცის ბინიდან და სამალავებიდან გასაყიდად გამზადებული ნარკოტიკები ამოიღეს. ნივთმტკიცებებს შორისაა რეალიზაციისთვის საჭირო მასალები.
ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.











