1740388520
KIU-ში საერთაშორისო სტარტაპ კონკურსის - „Hult Prize“ საკვალიფიკაციო ეტაპის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) საერთაშორისო სტარტაპ კონკურსის - „Hult Prize” საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით ჩატარდა. ღონისძიება გახსნა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა KIU-ს რექტორის მოადგილემ მარიამ კვირკვიამ. ჩემპიონატში სტუდენტებისაგან შემდგარი რვა გუნდი მონაწილეობდა, რომლებმაც ჟიურის წინაშე ინოვაციური სტარტაპ იდეები წარადგინეს.
Hult Prize 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპის გამარჯვებული გუნდები გახდნენ:
I ადგილი – BugWATT
BugWATT- ეკომეგობრული ენერგიის წყარო, რომლის მისიაა ბატარეების მწვანე და მდგრადი ტექნოლოგიით განვითარება. გუნდის ინოვაცია ეფუძნება ქიტინს – ბუნებრივ მასალას, რომელიც მწერებში გვხვდება და რომელსაც ენერგიის შესანახად იყენებენ. მათი გადაწყვეტა ალტერნატიულ, ეკომეგობრულ ენერგიის წყაროს წარმოადგენს, რომელიც ბუნებასთან ჰარმონიაში იქნება. BugWATT გახდა KIU-ში Hult Prize-ის გამარჯვებული და შემდეგ ეტაპზე გადასვლის შესაძლებლობა მიიღო.
II ადგილი – TerraGuard
TerraGuard-ის მიზანია შექმნას ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული VTOL (ვერტიკალური ასაფრენ-დასაჯდომი) დრონების სამეთვალყურეო სისტემა, რომელიც მიმართული იქნება გარემოს დაცვისა და უსაფრთხოების გაუმჯობესებაზე. ავტონომიური დრონები გამოავლენენ ტყის ხანძრებს, უკანონო ხე-ტყის ჭრას, ბრაკონიერობასა და სხვა საფრთხის შემცველ ქმედებებს. ეს ინოვაციური გადაწყვეტა დაეხმარება რეგიონებს ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებასა და უსაფრთხოების სისტემის გაძლიერებაში.
III ადგილი – Medion
Medion არის ინოვაციური ანონიმური პლატფორმა, რომელიც მიზნად ისახავს მენტალური ჯანმრთელობის მხარდაჭერას და სტიგმის დაძლევას. მსოფლიოში უამრავი ადამიანი ვერ იღებს სათანადო დახმარებას ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების გამო. Medion გთავაზობთ უფასო რესურსებს, AI ასისტენტს და ანონიმური თერაპიის ზარებს პროფესიონალებთან. პლატფორმის მიზანია, გახდეს უსაფრთხო, ხელმისაწვდომი და ინოვაციური სივრცე, რომელიც მილიონობით ადამიანს დაეხმარება.
KIU-ში ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ: რუსუდან ჩაჩანიძე (Media Lab, Widgera), სანდრო ბოლქვაძე (Widgera) და ლუკა კაკაბაძე (Media Academy, Widgera). ჟიურიმ გუნდების იდეების ინოვაციურობა, სოციალური ზემოქმედების შესაძლებლობა და ბიზნეს მოდელის სიცოცხლისუნარიანობა შეაფასა.
Hult Prize-ის საკვალიფიკაციო ეტაპის გამარჯვებული გუნდი „BugWATT“ ეროვნულ ეტაპზე გადასვლის შესაძლებლობას მიიღებს, სადაც ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო სტუდენტური სტარტაპები შეეჯიბრებიან ერთმანეთს. მომდევნო ეტაპები მოიცავს ციფრულ ინკუბატორს, გლობალურ აქსელერატორს და საბოლოოდ, გლობალურ ფინალს, სადაც გამარჯვებული გუნდი 1 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის გრანტისთვის იბრძოლებს.
Hult Prize გახლავთ მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური სტუდენტური სტარტაპ კონკურსი, რომელიც სოციალურ მეწარმეობას უჭერს მხარს. ყოველწლიურად ათასობით უნივერსიტეტი და ათი ათასობით სტუდენტი ერთვება ამ გლობალურ მოძრაობაში, რათა წარმოადგინონ იდეები, რომლებიც შეესაბამება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს (SDGs) და რეალურ სოციალურ ზეგავლენას მოახდენს.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში კონკურსის ორგანიზატორები იყვნენ KIU-ს სამაგისტრო პროგრამის „ფინანსები და ინფორმაციის მენეჯმენტი“ (FIM) სტუდენტები ერეკლე ბერიძე და თეიმურაზ ფხაკაძე, რომლებსაც უკვე აქვთ დიდი გამოცდილება სტარტაპ ეკოსისტემაში. გარდა იმისა, რომ ერეკლე და თემო ამ კონკურსის ორგანიზატორები იყვნენ, მათ თავადაც ექნებათ შესაძლებლობა, KIU-ს სახელით მონაწილეობა მიიღონ Hult Prize-ის სპეციალურ კონკურსში, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლები (ორგანიზატორები) შეეჯიბრებიან ერთმანეთს.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ამაყობს სტუდენტთა მიღწევებით და მხარს უჭერს ინოვაციური იდეების განვითარებას. უნივერსიტეტი კვლავაც გააგრძელებს მსგავსი პროექტების მხარდაჭერას, რათა ახალგაზრდებს მიეცეთ შესაძლებლობა, გამოიწვიონ მნიშვნელოვანი სოციალური ცვლილებები.