სავალუტო ინტერვენცია ზედმეტი ზეწოლის თავიდან ასაცილებლად და არასწორი მოლოდინების გასანეიტრალებლად განხორციელდა - ეკატერინე მიქაბაძე

ეკატერინე მიქაბაძე

სებ-ის მიერ განხორციელებული სავალუტო ინტერვენციის ძირითადი მიზეზი იყო ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქცია იყო. როგორც წესი, ჩვენს მიერ ვალუტის გაყიდვა, არაფუნდამენტური ფაქტორებიდან გამომდინარე, ზედმეტი მერყეობის თავიდან აცილების მიზნით ხორციელდება, - განაცხადა სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ.

მისივე თქმით, ფუნდამენტური ფაქტორებიდან გამოწვეულ გაუფასურებას ვერც ერთი ქვეყნის ცენტრალური ბანკი, ვერც ერთი რეზერვი ვერ შეებრძოლება.

„რა თქმა უნდა, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მოკლევადიან ეფექტებს ვანეიტრალებთ გარკვეულწილად“, - აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ.

ამასთან, მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლით კურსი, რომლის პირობებშიც გაცვლითი კურსი ყალიბდება ბაზარზე მაკროეკონომიკური, ფუნდამენტური ფაქტორებიდან გამომდინარე.

„ამ ეტაპზე ფუნდამენტური ფაქტორებიდან წონასწორულ კურსზე გავლენა არ ფიქსირდება. მოგეხსენებათ, ეკონომიკური ზრდა მაღალია, 2023 წლიდან ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე ქვემოთაა, საგარეო შემოდინებების თვალსაზრისით საკმაოდ პოზიტიური ტენდენციებია და შესაბამისად საგადამხდელო ბალანსიდან ზეწოლა კურსზე არ ფიქსირდება. ჩვენ მცურავი გაცვლითი კურსის პირობებში ინტერვენციებს მივმართავთ ძირითადად ორი მიზნით. პირველია, რეზერვების შევსება, რათა ადეკვატურ დონეზე შევინარჩუნოთ რეზერვები, რაც გრძელვადიანი სტაბილურობის გარანტიაა. თუმცა ამავე დროს იმ შემთხვევაში, როდესაც სხვადასხვა მიზეზებით გამოწვეული ჭარბი მერყეობა ფიქსირდება ბაზარზე, რომელიც არ არის გამოწვეული ფუნდამენტური ფაქტორებით, ამ შემთხვევაში ჩვენ ვყიდით კიდევაც უცხოურ რეზერვებს. სწორედ ასეთი შემთხვევა გაქვს ამ ეტაპზე. არის ეს ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქცია, რომლის ეფექტი გაგრძელდა. შესაბამისად, სწორედ ამ ზედმეტი ზეწოლის თავიდან ასაცილებლად და არასწორი მოლოდინების გასანეიტრალებლად განხორციელდა ინტერვენცია“, - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.