გაყიდულ სახლში 16 წლის მოზარდის სხეულის ნარჩენები იპოვეს, რომელიც 2005 წლიდან გაუჩინარებული იყო (აშშ)

სახლი

კოლორადოში, ახლახან გაყიდულ სახლში ადამიანის ნაშთები აღმოაჩინეს. როგორც აღმოჩნდა, სხეული 16 წლის გოგონას ეკუთვნის, რომელიც 2005 წლიდან დაკარგული იყო. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

„დნმ-ის ტესტირებით, მსხვერპლი იდენტიფიცირებულია, როგორც ამანდა ლეარიელ ოვერსტრიტი. ის იყო სახლის წინა მეპატრონის ბიოლოგიური ქალიშვილი. მისი გაუჩინარების გარემოებები გამოძიებისთვის დიდი ხნის განმავლობაში ბუნდოვანი იყო, ისევე როგორც მტკიცებულებები“,- ნათქვამია პოლიციის განცხადებაში. 

გამოცემის თანახმად, პოლიციელებმა ჯერ ადამიანის თავი და ხელები იპოვეს. სხეულის ნაწილები საყინულეში იყო შენახული. საყინულეს ახალი მფლობელი ათვალიერებდა. სწორედ მაშინ აღმოაჩინა მან საყინულეში სხეულის ნაწილები. 

პოლიციამ ცხედარი გაკვეთა, მაგრამ დამატებითი ინფორმაცია მოზარდის გარდაცვალების მიზეზისა და აქტიური გამოძიების შესახებ ამ დროისთვის არ არის ხელმისაწვდომი.