დასავლელი პარტნიორები „გამარჯვების გეგმას“ მხარს თუ არ დაუჭერენ, ეს იქნება დიდი შეცდომა და რუსეთისთვის პრივილეგია - ვოლოდიმირ ზელენსკი

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ევროკავშირის ლიდერების უმეტესობამ, მის მიერ წარდგენილ „გამარჯვების გეგმას“ მხარი დაუჭირა.

ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის ლიდერთა სამიტის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

უკრაინის ლიდერმა ლიდერებთან შეხვედრას პროდუქტიული უწოდა.

ზელენსკიმ ასევე ყურადღება გაამახვილა ცალკეულ წევრ პარტნიორთან გამართულ საუბრებზე, იმ ქვეყნების ლიდერებთან, ვისზეც უკრაინის გაძლიერებაა დამოკიდებული.

„ამ ქვეყნებს აქვთ დიდი გავლენა იმაზე, გაგვაძლიერონ თუ არა შორი მოქმედების იარაღით. იმ ქვეყნებს შორის, რომელთაც მე ვესაუბრე ამ ტიპის იარაღზე იყო პოზიტიური სიგნალებიც. ჩვენ ძალიან გვსურს, რომ აშშ-ის, როგორც უკრაინის თავდაცვისთვის მთავარი დონორის, პოზიცია იყოს დადებითი და გადამწყვეტი“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, თუ პარტნიორები მხარს არ დაუჭერენ „გამარჯვების გეგმას“, რომელიც მოიცავს როგორც შეიარაღების, ასევე ნატო-ში გაწევრიანებისა და ეკონომიკური ძალისხმევის პუნქტებს, ეს იქნება პრივილეგია რუსეთისთვის და დიდი შეცდომა.

„უკრაინის სისუსტე – ძალაა რუსეთისთვის. ვფიქრობ, ეს დიდი შეცდომა იქნება“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.