გენადი ტრუხანოვი, ოდესის მერი: “პოლონეთის ქალაქ ვროცლავში, ზურაბ ადეიშვილთან რესტორანში შეხვედრის დროს ქრთამის სახით 500 000 დოლარის გადახდა მომთხოვეს“

გენადი ტრუხანოვი

2017 წელს, ოდესის მერს, გენადი ტრუხანოვს 500 ათასი დოლარის ქრთამის სანაცვლოდ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტას სთავაზობდნენ. 

ამის შესახებ საუბარია ოდესის მერის 2024 წლის 10 სექტემბრის დაკითხვის დოკუმენტებში, რომლებიც ყოფილმა დეპუტატმა, იგორ მოსიიჩუკმა გამოაქვეყნა. დაკითხვის ოქმი 2024 წლის 10 სექტემბრით არის დათარიღებული.

დაკითხვის ოქმის თანახმად, უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორის ყოფილი მოადგილე გიზო უგლავა სთავაზობდა ტრუხანოვს, შეხვედროდა მიხეილ სააკაშვილსა და მის ხალხს, რათა არ ყოფილიყო პრობლემები ე.წ. კრაიანის ქარხნისა და ოდესის აეროპორტის გასხვისების საქმეებში, რომელთა ფიგურანტი იყო ოდესის მერი ტრუხანოვი.

დაკითხვის ოქმის თანახმად, ოდესის მერი გიზო უგლავას 2017 წელს შეხვდა, რა დროსაც ტრუხანოვს უთხრა, რომ მან სისხლის სამართლის მასალები წაიკითხა და იმისთვის, რომ არ შეჰქმნოდა პრობლემები, მიანიშნა, მიხეილ სააკაშვილს და მის ხალხს, კერძოდ, ზურაბ ადეიშვილს, დავით საყვარელიძეს და ვინმე ირაკლის შეხვედროდა.

დოკუმენტების თანახმად, მოგვიანებით, ტრუხანოვს დაუკავშირდა ყოფილი დეპუტატი ალექსანდრ გრანოვსკი, რომელმაც ორგანიზება გაუწია მიხეილ სააკაშვილის ხალხთან პოლონეთში შეხვედრას, სადაც დასახელდა ქრთამის ოდენობა.

„მე დავასკვენი, რომ ეს ადამიანები ჩემთან უგლავასგან მოვიდნენ და მისი სახელით მელაპარაკებიან. ზურაბის კითხვაზე მე ვუპასუხე, რომ ვიმუშავებ სამართლებრივ ველში და არ ვიცი რაიმე პრობლემების შესახებ. აღნიშნული შეხვედრა ამით დასრულდა, რის შემდეგაც ჩვენ რესტორნის გასასვლელისკენ დავიძარით. გარეთ გასვლამდე ჩემთან ალექსანდრ გრანოვსკი მოვიდა და მითხრა, რომ საჭიროა 500 ათასი დოლარის მიცემა. ეს თანხა წარიმართება უკრაინის ნაციონალურ ანტიკორუფციულ ბიუროსთან პრობლემების მოსაგვარებლად, ანუ იმისთვის, რომ საქმეს სვლა არ მიეცეს და მე ბრალი არ წამიყენონ. მე ვუპასუხე, რომ სასაუბრო არაფერია“, – ნათქვამია დოკუმენტში.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის სექტემბერში გიზო უგლავა სამსახურებრივი გამოძიების შედეგად უკრაინის ნაციონალური ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორის პირველი მოადგილის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.