კანიე უესტს ყოფილი ასისტენტი უჩივის - მომჩივანი ამტკიცებს, რომ Diddy-ს სტუდიური სესიის დროს ნარკოტიკებით მოწამლეს და მასზე სექსუალურად იძალადეს

კანიე უესტი

კანიე უესტს ყოფილი ასისტენტი უჩივის - როგორც ის ამტკიცებს,  Diddy-ს სტუდიური სესიის დროს  ნარკოტიკებით მოწამლეს და მასზე სექსუალურად იძალადეს.

ლორენ პისკიოტამ კანიეს ივნისში ერთხელ უკვე უჩივლა, როცა რეპერი სექსუალურ შევიწროებაში, კონტრაქტის დარღვევასა და მის არაკანონიერ შეწყვეტაში დაადანაშაულა. უესტის იურიდიულმა წარმომადგენელმა მაშინ ბრალდებები უარყო.

ახალი სარჩელი კალიფორნიის სასამართლოში 8 ოქტომბერს შევიდა. მასში პისკიოტა, რომელიც კანიესთან ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა, ჰყვება, რომ ის ქომბსის ერთ-ერთ სტუდიურ სესიაზე დაპატიჟეს. მისი თქმით, სტუმრებს სასმელი მიართვეს და გააფრთხილეს, რომ ყველას უნდა დაელია, ვისაც სტუდიაში დარჩენა სურდა.

„სასმლის რამდენიმე ყლუპის მოსმის შემდეგ, რომელიც მას კანიე უესტმა მიართვა, მომჩივანმა უცებ ორიენტაცია დაკარგა,” – წერია სარჩელში. პისკიოტა ამტკიცებს, რომ ის მოწამლეს. მისი თქმით, გამოფხიზლებისას „უდიდეს სირცხვილსა და დაბნეულობას” გრძნობდა, მაგრამ თითქმის ვერაფერს იხსენებდა.

მომჩივანი ამბობს, რომ უესტმა ეს შემთხვევა მასთან საუბარში წლების შემდეგ გაიხსენა და უთხრა, რომ იმ ღამეს მასზე სექსუალურად იძალადეს.

პისკიოტა რეპერთან ჯერ აღმასრულებელ ასისტენტად, შემდეგ კი მისი კომპანიების გუნდის ხელმძღვანელად მუშაობდა.

აღნიშნულ ინციდენტში შონ კომბსის სახელიც ფიგურირებს, როგორც ღონისძიების ერთ-ერთი მასპინძელი. თუმცა მოსარჩელეს მის მიმართ ბრალდება არ წაუყენებია. Diddy ამჟამად ბრუკლინის ციხეშია და სასამართლო პროცესს ელის.