საქსტატი - თებერვალში ყველაზე მეტად, 15.4 პროცენტით ზეთი გაძვირდა

ზეთი

სტატისტიკის ეროვნული სანსახურის მონაცემებით, თებერვალში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.7 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.25 პროცენტული პუნქტით აისახა.

ფასები 15.4 პროცენტით მომატებულია ზეთსა და ცხიმზე, ყავა, ჩაი და კაკაო 11.1 პროცენტით გაძვირდა, ბოსტნეული და ბაღჩეული – 9.7 პროცენტით. მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები 5.4 პროცენტითაა გაძვირებული. 2.6 პროცენტით მოიმატა ფასებმა რძეზე, ყველსა და კვერცხზე. თევზეული 1.2 პროცენტით, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული კი 1.2 პროცენტითაა გაძვირებული. 0.9 პროცენტით მოიმატა ფასებმა ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე, პური და პურპროდუქტები 0.8 პროცენტით გაძვირდა, ხოლო ხილი და ყურძენი – 0.1 პროცენტით.

„ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები მომატებულია 5.4 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.45 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა საავადმყოფოების მომსახურების (7.6 პროცენტი), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (7.0 პროცენტი) და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (3.5 პროცენტი) ქვეჯგუფებზე; სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 7.6 პროცენტით, რაც 0.38 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები ძირითადად მომატებულია ქვეჯგუფებზე: პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (26.3 პროცენტი), დაზღვევა (12.9 პროცენტი), საფინანსო მომსახურება (5.4 პროცენტი), პირადი ჰიგიენა (4.3 პროცენტი); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.7 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.32 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (6.0 პროცენტი), ისე თამბაქოს ნაწარმზე (3.3 პროცენტი); კავშირგაბმულობა: ჯგუფში ფასები შემცირებულია 12.2 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე -0.45 პროცენტული პუნქტით აისახა“, – წერია საქსტატის ინფორმაციაში.