რა უნდა იცოდეთ, თუ იპოთეკური სესხის აღებას გეგმავთ - ახალ ცვლილებებს გიორგი კეპულაძე განმარტავს

giorgi kepuladze

ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, 1-ლი მაისიდან იპოთეკური სესხის გაცემის წესი შეიცვალა.

იპოთეკური სესხების ძირითადი ნაწილი ცვლადგანაკვეთიანია, რასაც თან ახლავს საპროცენტო რისკი, რომელიც მსოფლიო ბაზრებზე აშშ დოლარსა და ევროზე საპროცენტო განაკვეთების შესაძლო ზრდის წინაპირობების გათვალისწინებით განსაკუთრებით საგულისხმოა.

სებ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ რისკის საპასუხოდ საჭირო ბუფერების არსებობისთვის, კომერციულმა ბანკებმა ცვლადგანაკვეთიანი კრედიტის გაცემისას მსესხებლის გადახდისუნარიანობის შეფასების დროს 3 პროცენტული პუნქტი საპროცენტო განაკვეთის შოკი უნდა გაითვალისწინონ.

„საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე „პრაიმტაიმთან“ განმარტავს, რომ უფრო მეტი შემოსავალია საჭირო იმისთვის, რომ იპოთეკური სესხი ავიღოთ. 

მისივე თქმით, ახალი რეგულაცია რისკების უფრო მეტ დაზღვევას გულისხმობს, თუმცა, ძირეული ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.

„მარტივად რომ ვთქვათ, რისკების უფრო მეტად დაზღვევა შემოდის. იმის გამო, რომ იპოთეკური სესხები ძირითადად, ლარში მიბმულია საპროცენტო განაკვეთზე, როგორც არის რეფინანსირების განაკვეთი და ის შეიძლება გრძელვადიან პერიოდში მნიშვნელოვნად შეიცვალოს ზრდის ან მნიშვნელობის კუთხით.

შესაბამისად, ეროვნულმა ბანკმა გადაწყვიტა, რომ რისკების უფრო მეტი დაზღვევა მოსთხოვოს ბანკებს, რაც გულისხმობს იმას, რომ პირობითად, თუ ჩვენი ყოველთვიური შემოსავლის რაღაც ნაწილი შეგვეძლო მიგვემართა ამ სესხის გადასახდელად, ახლა უფრო მეტი შემოსავალი დაგვჭირდება, ან უფრო ნაკლებს გადაგვახდევინებენ ყოველთვიურად, ვიდრე აქამდე ვიხდიდით.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ გადახდა შეგვიმცირდება. მაგალითად, თუ 2 000-ლარიანი ხელფასით შესაძლებელი იყო, რომ თვეში გადაგვეხადა 800 ლარი, ეს თანხა შეიძლება შეგვიმცირონ, ან უფრო მეტ ვადაზე განაწილდეს იმისთვის, რომ ყოველთვიური ჩვენი შემოსავლებისა და სესხზე გადასახდელი თანხის თანაფარდობა მნიშვნელოვნად არ შეიცვალოს.

წარმოიდგინეთ, რომ შეიძლება ადამიანს აქვს 2 000-ლარიანი ხელფასი, იხდიდა 800 ლარს, მაგრამ თუ სესხის რეფინანსირების განაკვეთი გაიზრდება, შესაბამისად გაიზრდება სესხის საპროცენტო განაკვეთიც, მაშინ შეიძლება ყოველთვიურად უფრო მეტის გადახდა მოუწიოს. თავიდანვე ბანკები ვალდებულები არიან, რომ ეს რისკი დააზღვიონ და განსაზღვრონ ყოველთვიური შენატანი არა 800 ლარით, არამედ პირობითად, 750, ან 700 ლარი. შესაბამისად, უფრო მეტი შემოსავალი დაგვჭირდება იმისთვის, რომ იპოთეკური სესხი ავიღოთ, თუმცა, ამ შემთხვევაში უფრო მეტად ვიქნებით დაზღვეული სესხის საპროცენტო განაკვეთის რისკისგან, რაც შეიძლება ახლდეს ცვლად განაკვეთზე მიბმულ სესხებს, როგორიც არის რეფინანსირების განაკვეთი.

მაგალითად, ვიღაცამ აიღო სესხი, როცა რეფინანსირების განაკვეთი 8% იყო, დღეს კი არის 11%, ანუ მას ყოველთვიურად უფრო მეტის გადახდა მოუწევს, შესაბამისად, თავიდანვე ეს შეიძლება არ ყოფილიყო გათვლილი და ადამიანს განკარგვადი შემოსავალი უფრო ნაკლები რჩება.

ეროვნული ბანკის ვალდებულება საბანკო სექტორის რეგულაციაა. შესაბამისად, საჭიროა ყველა შესაძლო რისკის წინასწარ განსაზღვრა და დაზღვევა.

ბანკებს რაც შეეხება, ეს სავარაუდოდ, გამოიწვევს იპოთეკური სესხების პორტფელების ზრდის ტემპის შემცირებას, თუმცა, ბევრს არ შეეხება. არ არის ეს ისეთი მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც იპოთეკური სესხების პორტფელს მნიშვნელოვნად შეამცირებს. არც არის ისეთი ცვლილება, რომელიც მნიშვნელოვან ცვლილებებს გამოიწვევს. თუმცა, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ეკონომიკური ზრდისთვის მნიშვნელოვანია დაბალი საპროცენტო განაკვეთები, რომ უფრო მეტი ეკონომიკური აქტივობები იყოს, ამ შემთხვევაში, ეს თავისთავად ოდნავ შეამცირებს ეკონომიკურ აქტივობას, უფრო ნაკლები ტემპით გაიზრდება.“ - განაცხადა გიორგი კეპულაძემ.