პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მარტოხელა ბებია, ლია პაპუნაშვილი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ანთოკში ცხოვრობს.
ექვსი წლის წინ, მას 28 წლის ქალიშვილი, გლანდების ოპერაციიდან რამდენიმე დღეში, სისხლდენით გარდაეცვალა.
„არ ვიცი, საიდან დავიწყო, ვერ ვუყრი სიტყვებს თავს. პირველ რიგში ვარ უზომოდ გამწარებული და გაუბედურებული დედა. ექვსი წლის უკან გარდამეცვალა 28 წლის გოგონა. გლანდების ოპერაციის შემდეგ, სისხლდენა დაეწყო და ვერაფერი ვუშველეთ. ორი შვილიშვილი დამიტოვა ობლად. რის შედეგადაც ჩემი ცხოვრება გაუსაძლისი გახდა“,- ჰყვება ქალი.
ქალიშვილის გარდაცვალების შემდეგ, ოჯახმა კიდევ ერთი შვილი დაკარგა და მშობლის გარეშე, კიდევ ერთი მცირეწლოვანი ბავშვი დარჩა.
„სანამ ცოტა გონზე მოვედი და ცხოვრების კალაპოტში ჩავდგებოდი, მეორე უბედურება დამატყდა თავს, სრულიად მოულოდნელად, ანევრიზმით, ახლა ვაჟიშვილი გარდამეცვალა. მასაც ერთი ობოლი დარჩა. ამის შემდეგ, ჩემი ცხოვრება ჯოჯოხეთს დაემსგავსა, ცოცხლად მოსიარულე მკვდარი ვარ, არ ვიცი როგორღა ვარსებობ, როგორღაც ვიმხნევებ თავს, რომ ჩემი ობლები კიდევ არ დაიჩაგრონ და ცოტა წვლილი შევიტანო მათ ცხოვრებაში“,- ამბობს ლია პაპუნაშვილი.
28 აპრილს, ორ შვილზე მგლოვიარე დედას, მოულოდნელად, სოფელ ანთოკში საცხოვრებელი სახლი დაეწვა.
ლია პაპუნაშვილი ამბობს, რომ ცეცხლმა ყველაფერი, მათ შორის, გარდაცვლილი შვილების ხსოვნისათვის მოწყობილი კუთხე, სრულიად გაანადგურა.
„დამეწვა სახლი, აბსოლუტურად ყველაფერი, რაც გამაჩნდა ცეცხლმა შთანთქა, გამინადგურდა ჩემი შვილების ხსოვნის კუთხე და ყველა მათი ნივთი. მოკლედ, სასოწარკვეთილი ვარ. ძალიან მერიდება მაგრამ მინდა, კეთილ ხალხს მივმართო, იქნებ დამეხმაროთ რაღაც მინიმალურით, რომ ცხოვრება შევძლო“,- ითხოვს შვილმკვდარი დედა.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ ლია პაპუნაშვილის ოჯახში შექმნილი განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობის გამო, მისი საცხოვრებელი სახლის სრული რეაბილიტაცია გადაწყდა.
„სასწრაფო და გადაუდებელია მისი სახლს რეაბილიტაცია. ახლა გადაყვანილები არიან უსაფრთხო ადგილას და უკვე დავიწყეთ შესაბამისი პროცედურები, რომ რაც შეიძლება მალე საცხოვრებელი სახლის აღდგენა მოხდეს. ვფიქრობთ, რომ ასევე შევუძინოთ, პირველადი მოხმარების ნივთები, რადგან სახლში აღარაფერი აქვთ. ყველაფერი უახლოეს დღეებში დაიწყება“, უთხრეს „პრაიმთაიმს" მერიაში.
ლია პაპუნაშვილის დასახმარებლად, სპეციალური ანგარიშიც შეიქმნა, სადაც საზოგადოების წარმომადგენლები მათთვის სასურველ თანხას რიცხავენ.
დახმარების მსურველებმა თანხა შეგიძლიათ დარიცხოთ:
GE96TB7361545064300025
მიმღები: ლიანა პაპუნაშვილი
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი