ეროვნულმა ბანკმა 4 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დააჯარიმა

ჯარიმა

ეროვნულმა ბანკმა 4 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ჯამში 28 300 ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად სებ-ი ავრცელებს.

საუბარია შემდეგ მისოებზე: „მისო ინვესტ ჯორჯია“, „ჯორჯიან კაპიტალი“, „კროს კრედიტი“ და „მისო ექსპრეს კაპიტალ +“.

როგორც ეროვნული ბანკი განმარტავს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შემოწმების პროცესში რამდენიმე დარღვევა დაფიქსირდა. 

უფრო კონკრეტულად, „ბიზნესპრესნიუსი“ სებ-ზე დაყრდნობით გთავაზობთ ინფორმაციას თითოეული მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმების მიზეზების შესახებ.

„მისო ინვესტ ჯორჯია“ – მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შემოწმების შედეგად გამოვლინდა შემდეგი დარღვევები:

მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ შემოწმების პროცესში ეროვნული ბანკისთვის მის ხელთ არსებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასწორად წარმოდგენის 2 შემთხვევა, რაც ითვალისწინებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე, სულ – 4 000 ლარი;
მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ 2 კლიენტთან მიმართებით არ განხორციელებულა საქმიანი ურთიერთობის მიზნისა და განზრახული ხასიათის შესახებ ინფორმაციის დადგენა, რაც ითვალისწინებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, თითოეულ კლიენტთან მიმართებით. დარღვევის 2 შემთხვევისთვის, სულ – 4 000 ლარი;
მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისთვის 3 კლიენტთან მიმართებით რისკის დონის მინიჭება/გადაფასება განხორციელებულია მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შიდა პოლიტიკა/პროცედურებით განსაზღვრული შესაბამისი რისკ-ფაქტორების გათვალისწინების გარეშე, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით. სულ – 9 000 ლარი.
საერთო ჯამში, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სს „მისო ინვესტ ჯორჯია“ დაჯარიმდა 17 000 ლარის ოდენობით.

„ჯორჯიან კაპიტალი“ – სებ-ისთვის „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარდგენის წესით“ გათვალისწინებული არასწორი ინფორმაციის წარდგენის 1 შემთხვევა, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე.

„კროს კრედიტი“ – მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შემოწმების შედეგად გამოვლინდა შემდეგი დარღვევები:

1 კლიენტთან მიმართებით არ განხორციელებულა კანონმდებლობის შესაბამისად ხელმძღვანელობისგან კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების შესახებ ნებართვის მიღება, რაც ითვალისწინებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, თითოეულ კლიენტთან მიმართებით;
მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისთვის 1 კლიენტთან მიმართებით რისკის დონის მინიჭება/გადაფასება განხორციელებულია მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შიდა პოლიტიკა/პროცედურებით განსაზღვრული შესაბამისი რისკ-ფაქტორების გათვალისწინების გარეშე, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით;
საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არასწორი ინფორმაციის წარდგენის 1 შემთხვევა, რაც ითვალისწინებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
საერთო ჯამში, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დაჯარიმდა 6 000 ლარის ოდენობით.

„მისო ექსპრეს კაპიტალ +“ – „საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის“ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ხელთ არსებული ინფორმაციის 1 ოპერაციის დაგვიანებით გადაცემა, 5 და მეტი სამუშაო დღით დაგვიანებით წარდგენა, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ შემოწმების პროცესში ეროვნული ბანკისთვის მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ხელთ არსებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასწორად წარმოდგენის 1 შემთხვევა, რაც ითვალისწინებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით;„მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარდგენის წესით“ გათვალისწინებული ანგარიშგებით საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არასწორი ინფორმაციის წარდგენის 2 შემთხვევა, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. აღნიშნული დარღვევის 2 შემთხვევისთვის, სულ – 2 000 ლარი.შპს „მისო ექსპრეს კაპიტალ +“-ს დაეკისრა ფულადი ჯარიმა, ჯამში 4 300 ლარის ოდენობით.