„უკანასკნელი ტანგო“ მუნდიალზე - პორტუგალიის ისტორიაში დიდი ეპოქა დასრულდა

რონალდუ

მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში ესპანეთთან 0:1 დამარცხების შემდეგ, პორტუგალიის ნაკრების კაპიტანმა რონალდომ თვალცრემლიანმა დატოვა მოედანი. მას მეტოქე გუნდის 18 წლის შემტევი ლამინ იამალი გადაეხვია. როგორც ადრე კრიშტიანომ თქვა, ეს მუნდიალებზე მისი ბოლო მატჩი იყო.

მან მსოფლიოს 6 ჩემპიონატზე მიიღო მონაწილეობა - საუკეთესო შედეგი მე-4 ადგილი 2006 წელს.

41 წლის კრიშტიანომ ტურნირის ისტორიაში 27 მატჩში 11 გოლი გაიტანა. 

რონალდოს ანგარიშზე 2026 წლის მუნდიალზე 3 გოლია - 2 უზბეკეთთან და 1 პენალტით ხორვატიასთან.

კრიშტიანომ დაწყებული ევრო 2004-დან ეროვნულ გუნდთან ერთად 15 ტურნირზე მიიღო მონაწილეობა - ერთხელ ევროპირველობა, ორჯერ კი ერთა ლიგა მოიგო.

გადავავლოთ თვალი პორტუგალიელი ვარსკვლავის,თანამედროვე ფეხბურთის ლეგენდის კრიშტიანუ როლანდუს ცხოვრების რამდენიმე ფრაგმენტს:

„ბავშვობა სიღარიბეში და მიზანი გამარჯვებამდე“

რონალდუს თქმით, ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა, ხოლო დედა რამდენიმე სამსახურში მუშაობდა, რათა შვილებისთვის საკვები და ტანსაცმელი ეყიდა. ის იხსენებს, რომ 11 წლის ასაკში სახლიდან წავიდა, თავად რეცხავდა და აუთოებდა ტანსაცმელს, ენატრებოდა ოჯახი და ბევრჯერ უტირია. მისი თქმით, სწორედ ამ სირთულეებმა ასწავლა, როგორ გაეძლო ზეწოლისთვის.

„ფრთები არ მომჭრა, დედა“

როდესაც 12 წლის რონალდუ მადეირიდან ლისაბონში, სპორტინგის აკადემიაში გადასვლას აპირებდა, დედას მისი გაშვება უჭირდა. ფეხბურთელის თქმით, მაშინ უთხრა:

„დედა, ფრთები არ მომჭრა.“

რონალდუ არაერთხელ აღნიშნავდა, რომ მიღებული ჯილდოები პირველ რიგში დედას ეკუთვნის, რადგან სწორედ მან გაიღო ყველაზე დიდი მსხვერპლი მისი ოცნების ასასრულებლად.

„მამა ვერ მოესწრო ჩემს წარმატებას...“

რონალდუს მამა, ჟოზე დინის ავეირუ, 2005 წელს გარდაიცვალა, როდესაც კრიშტიანუ მხოლოდ 20 წლის იყო. ფეხბურთელს არაერთხელ უთქვამს, რომ ყველაზე მეტად ის სტკივა, რომ მამამ ვერ ნახა მისი ოქროს ბურთები, ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფები და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ქცევა.

რონალდუ არაერთ ინტერვიუში ამბობს, რომ ქველმოქმედებისკენ მამამ უბიძგა: „ის ყოველთვის მეუბნებოდა, როცა სხვებს ეხმარები, ღმერთი ორმაგად დაგიბრუნებს.“ ამ პრინციპით ის წლების განმავლობაში აფინანსებდა ბავშვების მკურნალობასა და სხვადასხვა საქველმოქმედო პროექტს.

დედის ყველაზე მძიმე აღიარება

დოლორეს ავეირუმ საკუთარ ავტობიოგრაფიაში დაწერა, რომ მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო ორსულობის შეწყვეტაზეც კი ფიქრობდა, თუმცა ეს არ მოხდა. მოგვიანებით ამბობდა:

„საბედნიეროდ, ეს არ მოხდა. კრიშტიანუ ჩემი ცხოვრების ვარსკვლავი გახდა.“

ერთ-ერთ ინტერვიუში რონალდუმ თქვა, რომ დედა მისი ოჯახის საყრდენია. მან გაიხსენა, რომ დოლორეშს თამაშების დროს ნერვიულობისგან სტადიონზე ორჯერ გონებაც კი დაუკარგავს, რის შემდეგაც თავად სთხოვა, ყველა მატჩზე აღარ დასწრებოდა.

„დედა ყველაფერში გვერდით მიდგას... უკვე ორჯერ გონება დაკარგა სტადიონზე. ვუთხარი, რომ ვერ დავკარგავ.“

ცრემლები ბოლო მსოფლიო ჩემპიონატზე 

„ეს ნორმალურია, იყო ნაღვლიანი, როცა მსოფლიო ჩემპიონატს ასე ტოვებ. როგორც გუშინ პრესკონფერენციაზე ვთქვი, მე გავაკეთე ყველაფერი, რაც შემეძლო და მივდივარ სუფთა სინდისით. ეს არის ფეხბურთელის ცხოვრება და საჭიროა წინ სიარული... სიმართლეა, რომ ეს იყო ჩემი ბოლო მსოფლიო ჩემპიონატი. რაც შეეხება დანარჩენს, ახლა უნდა დავფიქრდე ყველაფერზე ოჯახთან ერთად და არ მივიღო ნაჩქარევი გადაწყვეტილებები“.