2025 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 39.3 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 008.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 39.3 პროცენტით მეტია.

აქედან, საქსტატის ცნობით, ექსპორტი 403.9 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, ანუ გაიზარდა 19.3 პროცენტით, ხოლო იმპორტი – 1 604.2 მლნ აშშ დოლარს, ზრდამ 45.5 პროცენტი შეადგინა.

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2025 წლის იანვარში 1 200.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 59.8 პროცენტია.

უწყების ანგარიშის მიხედვით, 2025 წლის იანვარში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 75.4 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: აშშ – 361.7 მლნ აშშ დოლარით, გაერთიანებული სამეფო – 267.2 მლნ აშშ დოლარითა და რუსეთი – 203.3 მლნ აშშ დოლარით.