„ჯილდოსთან ერთად, კარგ შემოსავალსაც მოგიტანთ...“ - ყველაზე წარმატებული თვე ზოდიაქოს ნიშნებისთვის
1738686631
მეცნიერები აცხადებენ, რომ ანტარქტიდიდან გამოყოფილი გიგანტური აისბერგის დაშლის ნიშნები დააფიქსირეს. საუბარია A23a-ზე, რომელიც მსოფლიოში უდიდესია.
ამ კოლოსალური აისბერგის წონა თითქმის ერთ ტრილიონ ტონას აღწევს. მან 2020 წელს ნელ-ნელა ჩრდილოეთისკენ გადაადგილება დაიწყო და მას შემდეგ თითქმის უცვლელ ზომას ინარჩუნებდა. ამჟამად ის ატლანტის ოკეანეში მდებარე სამხრეთ ჯორჯიის კუნძულისკენ მიემართება. არსებობს საფრთხე, რომ A23a ნაკლებად ღრმა წყლებში ჩარჩეს და პინგვინებისა თუ სელაპების ნაშიერების კვების პროცესს ხელი შეუშალოს.
ბრიტანეთის ანტარქტიკული კვლევითი ჯგუფის წარმომადგენელ ენდრიუ მაიერსის განცხადებით, აისბერგს დაახლოებით 19-კილომეტრიანი ფრაგმენტი უკვე მოწყდა. მან A23a პირველად 2023 წლის ბოლოს დააფიქსირა, რის შემდეგაც ამ ობიექტის გადაადგილებას ხელოვნური თანამგზავრების მეშვეობით აკვირდება.
აისბერგის ეს ნაწილი 80 კვადრატული კილომეტრი ფართობისაა. მსგავსი მასშტაბის მიუხედავად, ეს არაფერია A23a-სთან შედარებით, რომლის საერთო ფართობი 3360 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს.
მაიერსის თქმით, აისბერგს ღრმა ბზარები აქვს. მისი ზომა დროთა განმავლობაში შემცირდა, მაგრამ ის მთლიანობას მაინც ინარჩუნებდა. ახლა ეს ბზარები უკვე გაფართოებას იწყებს და ფრაგმენტების მოწყვეტის წინაპირობა ხდება.
ზოგადად, ასეთი აისბერგები რამდენიმე კვირაში სწრაფად იშლება, როგორც კი დიდ ნაწილებს კარგავს. ამის მიუხედავად, ჯერ გაურკვეველია, ემუქრება თუ არა იგივე A23a-საც, რომელიც ანტარქტიდის ყინულის საფარს 1986 წელს ჩამოშორდა.
30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ის ადგილიდან არ დაძრულა, თუმცა 2020 წელს საბოლოოდ გათავისუფლდა და ჩრდილოეთისკენ დაიძრა. ამ პროცესში ოკეანური დინებები მის მოძრაობას დროდადრო აფერხებდა.
მაიერსის თქმით, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ უკანასკნელი მოვლენის გამო სამხრეთ ჯორჯიისკენ A23a-ს ტრაექტორია შეიცვალოს. და მაინც, თუ აისბერგი კიდევ დაიშლება, ეს ეკოსისტემას ნაკლებ საფრთხეს შეუქმნის, რადგან ცხოველებს საშუალება ექნებათ, საკვების მოსაძებნად პატარა ფრაგმენტებს შორის თავისუფლად იმოძრაონ.
მომზადებულია nexton.ge-ს მიერ, sciencealert-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით