1737489630
მეცნიერებმა პრეპარატ ოზემპიკის პოტენციური ბუნებრივი ალტერნატივა აღმოაჩინეს
მეცნიერებმა ახალი ბუნებრივი გზა აღმოაჩინეს, რომელიც შესაძლოა, სისხლში შაქრის დონისა და ტკბილეულის მიმართ მოთხოვნილების გაკონტროლებაში დაგვეხმაროს. ესაა პოტენციური შემცვლელი ისეთი მედიკამენტებისა, როგორიც ოზემპიკია. ამ მიგნების საფუძველი ნაწლავის მიკრობი და მისი მიერ საჭმლის მონელების პროცესში წარმოქმნილი ნივთიერებებია.
ჩინელმა მეცნიერებმა აჩვენეს, რომ დიაბეტის მქონე თაგვებში კონკრეტული მიკრობის რაოდენობის ზრდა გლუკაგონის მსგავს პეპტიდ-1-ის (GLP-1) სეკრეციას უწყობს ხელს. ეს ჰორმონი სხეულს სისხლში შაქრის დონის რეგულირებაში ბუნებრივად ეხმარება და ნაყროვანების შეგრძნებას განაპირობებს. მისი გამოყოფის მაპროვოცირებელი შეიძლება იყოს როგორც ზოგიერთი საკვები, ისე ნაწლავში არსებული ბაქტერია. ამავე მექანიზმით მოქმედებს სემაგლუტიდი, რომელიც ოზემპიკის მთავარი კომპონენტია.
მეორე ტიპის დიაბეტით დაავადებულ ადამიანებს ხშირად GLP-1-ის არასრულფასოვანი ფუნქციონირება აღენიშნებათ, რაც შაქრის დონის კონტროლს ართულებს. შესაბამისად, მედიკამენტები, რომელთა გავლენაც ამ ჰორმონის მსგავსია, ეფექტიანად გამოიყენება. მკვლევრები მაინც ცდილობენ იმის შესწავლას, თუ როგორ შეიძლება ორგანიზმმა GLP-1-ის დონე თავად გაზარდოს.
ისინი აღნიშნავენ, რომ საკვებისადმი სწრაფვა ნაწლავიდან წამოსულ სიგნალებთან არის დაკავშირებული. ამის მიუხედავად, ზუსტად რომელი გენები, ნაწლავის მიკროორგანიზმები და მეტაბოლიტები მონაწილეობს ამაში, ჯერ კიდევ უცნობია.
ახალი კვლევის მიხედვით, ნაწლავის მიკრობი Bacteroides vulgatus და მისი მეტაბოლიტები შესაძლოა, ტკბილი საკვებისადმი მიდრეკილებასაც არეგულირებდეს. ექსპერიმენტებით დადგინდა, რომ ნაწლავის ცილა Ffar4-ის წარმოქმნის უნარის არმქონე თაგვებში B. vulgatus-ის რაოდენობა მცირდებოდა. ამის შედეგად ნაკლები დოზით გამოიყოფოდა ჰორმონი FGF21, რომელიც ტკბილეულისადმი სწრაფვას აკონტროლებს.
მსგავსი კავშირი ადამიანებზე ჩატარებულმა კვლევამაც აჩვენა. კერძოდ, იმ ადამიანებში, რომელთაც Ffar4-ის ვარიანტები ჰქონდათ, ტკბილეულის მიღების სურვილი უფრო ძლიერი იყო. ეს, შესაძლოა, დიაბეტის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყოს.
საინტერესოა ისიც, რომ თაგვებზე ჩატარებული კვლევის დროს მეცნიერებმა გამოიყენეს B. vulgatus-ის მეტაბოლიტი, რომელმაც GLP-1-ის სეკრეცია გააძლიერა და, ამავდროულად, FGF21-ის გამოყოფა გაზარდა. ეს ორი ფაქტორი ერთად სისხლში შაქრის დონის უკეთეს კონტროლსა და ტკბილი საკვებისადმი ნაკლებ მოთხოვნილებას განაპირობებს.
უცნობია, იმუშავებს თუ არა იგივე პროცესი ადამიანებში, თუმცა სპეციალისტები დარწმუნებულნი არიან, რომ მათი კვლევა დიაბეტის პრევენციის პერსპექტიულ სტრატეგიას სთავაზობს.