„ტიკტოკერი“ ქალი, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა გარდაიცვალა
1737633187
ძუძუს კიბოს ესტროგენის რეცეპტორ პოზიტიური (ER+) ფორმის მკურნალობა ხშირად რთულ და ხანგრძლივ პროცესს მოითხოვს. ის, ძირითადად, ქირურგიულ ჩარევებსა და მრავალწლიან ჰორმონალურ თერაპიას გულისხმობს, რომელიც, თავის მხრივ, არაერთ უსიამოვნო გვერდით ეფექტს იწვევს. ამის მიუხედავად, ბოლო კვლევა ახალი გზის აღმოჩენის იმედს აჩენს.
თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგად გაირკვა, რომ მოლეკულურმა საცდელმა პრეპარატმა სხვადასხვა ზომის სიმსივნის სრული ან თითქმის სრული განადგურება ერთჯერადი დოზით შეძლო.
ძუძუს კიბო სიმსივნის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ტიპია, რომელიც ყოველწლიურად ათასობით ადამიანის სიცოცხლეს იწირავს. მართალია, მკურნალობის თანამედროვე მეთოდების წყალობით გადარჩენის შანსი გაიზარდა, მაგრამ ეს თერაპიები სრულყოფილი არაა. ER+ კიბოს შემთხვევაში, სიმსივნის ზრდას ჰორმონ ესტროგენის მიმართ მგრძნობიარე რეცეპტორები განაპირობებს. მის საწინააღმდეგოდ მიმართულ ჰორმონალურ თერაპიას ხშირად მთელი ორგანიზმისთვის მძიმე შედეგები მოაქვს, როგორიცაა ტკივილი, სქესობრივი დისფუნქცია, ქრონიკული დაღლილობა და ძვლების სისუსტე. ზოგიერთი პაციენტისთვის ის ენდომეტრიული კიბოს განვითარების რისკსაც ზრდის, თანაც მკურნალობის მიუხედავად მაინც არსებობს მაღალი შანსი, რომ დაავადება ხუთი წლის განმავლობაში განმეორდეს.
მეცნიერები დიდი ხანია მუშაობენ ისეთ პრეპარატზე, რომელიც მხოლოდ სიმსივნურ უჯრედებზე იმოქმედებს და მინიმალური გვერდითი ეფექტი ექნება. ერთ-ერთი ასეთი კვლევის ავტორი პოლ ჰერგენროთერია, რომელმაც თავის გუნდთან ერთად პრეპარატი ErSO შექმნა. ის სიმსივნურ უჯრედებს ნეკროზის პროცესის გზით ანადგურებს, თუმცა მისი საწყისი ფორმა გარკვეულ არასასურველ სიმპტომებს იწვევდა. მათ აღმოსაფხვრელად სპეციალისტებმა მედიკამენტის ახალი ვერსია, ErSO-TFPy, შექმნეს, რომელიც სიმსივნეების განადგურებას გვერდითი ეფექტების გარეშე ახერხებს.
თაგვებზე ჩატარებული კვლევის დროს, ER+ ძუძუს კიბოს სამი განსხვავებული მოდელის საფუძველზე, ErSO-TFPy-ს ერთჯერადი დოზა საკმარისი აღმოჩნდა, რომ სიმსივნეები სრულად ან თითქმის სრულად გამქრალიყო. უფრო მეტიც, პრეპარატმა მინიმალური გვერდითი ეფექტი აჩვენა არა მხოლოდ თაგვებში, არამედ ვირთხებსა და ძაღლებშიც.
ეს მიღწევა იმედის მომცემია, რადგან ერთჯერადი ან რამდენიმე დოზით მკურნალობა პაციენტებს მრავალწლიანი თერაპიის საჭიროებისგან ათავისუფლებს და გვერდითი მოვლენების ალბათობას ამცირებს. კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ასეთი მკურნალობა ძუძუს კიბოს თერაპიის სფეროს რადიკალურად შეცვლის.
მნიშვნელოვანია გვესმოდეს ისიც, რომ ამ ეტაპზე კვლევის შედეგები მხოლოდ ცხოველთა მონაცემებს ეფუძნება. ErSO-TFPy ადამიანის ER+ უჯრედებს ლაბორატორიულ პირობებში ეფექტიანად ანადგურებს, მაგრამ ყოველთვის გარანტირებული არ არის, რომ ცხოველის ან უჯრედული მოდელის შედეგები ცოცხალ ადამიანზეც იმავენაირად გავრცელდება.
მართალია, კვლევა ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა, თუმცა მეცნიერები მაინც ოპტიმისტურად არიან განწყობილნი.