1739198120
2025 წლის იანვარი ისტორიაში ყველაზე ცხელ იანვრის თვედ დასახელდა - რას ამბობენ მსოფლიო მეტეოროლოგიურ ორგანიზაციაში
![ტემპერატურა ტემპერატურა](https://primetime.ge/uploads/files/2025/02/11/111752/temperatura_w_h.jpeg)
ახალი მონაცემებით დადასტურდა, რომ გასული თვე ისტორიაში ყველაზე ცხელი იანვარი იყო.
ამ პერიოდის განმავლობაში მსოფლიო ტემპერატურა 1.75°C-ითაღემატებოდა მაჩვენებელს, რომელიც ინდუსტრიალიზაციამდე ეპოქაში ფიქსირდებოდა. ის 0.79°C-ით აჭარბებდა 1991-2020 წლების საშუალო ტემპერატურასაც, რაც ბოლოდროინდელი ლა ნინიასფენომენის ფონზე მოულოდნელი იყო. საქმე ისაა, რომ მას სიგრილე ახლავს ხოლმე თან, მაგრამ 2025 წლის იანვარში ასე არ მომხდარა.
ეს ყველაფერი საყურადღებოა, რადგან 2015 წელს პარიზში გაფორმებული საერთო შეთანხმება გლობალური ტემპერატურის მატების 1.5°C-ის ზღვარზე შენარჩუნებას ისახავს მიზანს. თუ დათბობის ტენდენცია მომავალშიც ასე გაგრძელდა, აღნიშნული მიზნის მიღწევა ძალიან გაგვიჭირდება.
ამას ისიც ადასტურებს, რომ უკანასკნელი იანვარი ბოლო 19 თვეს შორის მე-18 იყო, რომლის დროსაც ხმელეთის გლობალურმა ტემპერატურამ ინდუსტრიალიზაციამდელი პერიოდისას 1.5°C-ით გადააჭარბა. ეს მონაცემები თავად კოპერნიკის კლიმატის კვლევის სამსახურის ექსპერტებისთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა.
January 2025 was the warmest January ever recorded, confirmed our colleagues at @CopernicusECMWF. Last month was 1.75°C above the pre-industrial level and 0.79°C above the 1991-2020 average.
— World Meteorological Organization (@WMO) February 6, 2025
Details: https://t.co/yKz6IaWkSn pic.twitter.com/dgLtCeV1zE
სპეციალისტები ამბობენ, რომ დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში 2025 წლის იანვარი საშუალოზე მეტად სველი იყო. დასავლეთ ევროპაში, იტალიაში, სკანდინავიასა და ბალტიისპირეთში ატმოსფერული ნალექის სიუხვე აღინიშნა, ზოგ რეგიონში კი დატბორვებიც გახშირდა. სამაგიეროდ, უჩვეულოდ მშრალი კლიმატი ვიხილეთ დიდი ბრიტანეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ირლანდიაში, აღმოსავლეთ ესპანეთსა და შავი ზღვის ჩრდილოეთით.
დატბორვები და უხვი ნალექი დაფიქსირდა ალასკაში, კანადაში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ რუსეთში, აღმოსავლეთ ავსტრალიაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აფრიკასა და სამხრეთ ბრაზილიაში. ეს იანვარი საშუალოზე მშრალი იყო სამხრეთ-დასავლეთ აშშ-ში, ჩრდილოეთ მექსიკაში, შუა აღმოსავლეთში, ცენტრალურ აზიაში, აღმოსავლეთ ჩინეთში, სამხრეთ აფრიკის უდიდეს ნაწილში, სამხრეთ ამერიკის სამხრეთსა და ავსტრალიაში.
გლობალური ტემპერატურის მატება, პირველ რიგში, ადამიანთა მიერ წიაღისეული საწვავის გამოყენებასთან არის დაკავშირებული, რაც სათბურის აირების ემისიას იწვევს. ამის მიუხედავად მნიშვნელოვან როლს ასრულებს სხვა ფაქტორებიც, როგორიც, მაგალითად, გაუტყეურებაა.