თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება - ქუჩების ჩამონათვალი
1728936987
ჩვენ არტისტებში რომ გაგვიმართლა, ნეტა, ისე გაგვმართლებოდა სხვა პროფესიის ადამიანებშიც.
თუ მამაკაც მსახიობებს შორის, უპირობოდ ყველას კახი კავსაძე უყვარდა, ქალებს შორის, ამგვარი დამოკიდებულება - ლაურა რეხვიაშვილის მიმართ აქვთ.
კახის ხომ ნებისმიერი უბრალო და სულელური ისტორიის ისე მოყოლა შეეძლო, მოჯადოებული უსმენდი. გხიბლავდა ენერგეტიკით და თავისი რაინდულობით. ასევეა ლაურაც: ჰყვება ამბავს და არ გინდა დაასრულოს. თავით ფეხებამდე იმ ისტორიაში ხარ გადამხტარი, რასაც ზღაპრულად გიამბობს. გიზიდავს ენერგეტიკით, გაბედნიერებს და თითქოს მასთან საუბრის შემდეგ, უკეთესად ხარ. მე ასე ვარ მასთან ყოველი დარეკვის შემდეგ.
წამალი ხარო - ეუბნებიან ქუჩაში, "უბრალო" ადამიანები; მისი როლები უყვართ. თავად ლაურა უყვართ! არის შემთხვევები, რაიმეს შეძენის დროს, ფულს არ ახდევინებენ. ეს ყოველივე აუწონავია. ამბობს კიდეც, სხვა რომ ქონებას აგროვებდა, მე ტაშს ვაგროვებდიო.
ახალი წლის შემდეგ სამოგზაუროდ ემზადება. თავის "სიძესთან", ზურა ნიჟარაძესთან ერთად ჟურნალი OK-ს ყველაზე გაყიდვადი ნომრის გარეკანის გამო მოხვდა გათამაშებაში და საგზური მოიგო. ძალიან უხარია. ფრენა მენატრებაო, "პრაიმტაიმთან" ამბობს.
ლაურა რეხვიაშვილი: მე და ზურა ნაახალწლევს ჯერ აბუ-დაბიში მივდივართ, შემდეგ - სტამბულში. ჩემი ოჯახის შემდეგ, ჩემი სიხარული ფრენაა. როცა ვერ ვნახულობ, ჩემი შვილი, მათე მომწყურდება და მომშივდება ხოლმე. ასე მშია და მწყურია თვითმფრინავის ხმა. ნორმალური ვარ?
ბოლოს გერმანიაში ვიფრინე. საქართველომ რომ გერმანიაში წიგნის ფესტივალს უმასპინძლა, თუმანიშვილის თეატრი "ბაკულას ღორებით" იყო პროგრამაში, როგორც ფოლკლორული ნაწარმოები. "ბაკულას ღორებს" ვთამაშობთ დაარსებიდან დღემდე. მაყურებელი არ ილევა.
სტუდენტურ ქალაქ მარბურგში ვითამაშეთ. იმ შთაბეჭდილებების ქვეშ ვართ დღემდე. სპექტაკლს თარგმანი ჰქონდა, მაგრამ როგორც მერე გავიგეთ, გერმანელი მაყურებელი ყურებიდან იხსნიდა ყურმილებს და ისე უსმენდნენ სპექტაკლს. თარგმანი აღარ უნდოდათ. ყველას ჰქონდა შეკითხვა - ეს სპექტაკლი რუსებს აჩვენეთო? ასი წლის წინ დაწერა რუსებზე ცხონებულმა დათიკო კლდიაშვილმა. დღეს იმაზე უფრო აქტუალური, ნამდვილი და გასაგები წინადადება არ არსებობს, რომელსაც კლდიაშვილი ამბობს - ვისაც ჩვენ (ქართველი ხალხი) არ ვეცოდებით, ყველა დაწყვეტილხართ ერთ დღეს.
მეორე დღეს ვზივართ სასტუმროს წინ, ეზოში. პატარა ქალაქია, ტრანსპორტი არ დადის, ცოტა მანქანა და ველოსიპედები მოძრაობენ. გავიხედეთ და ერთი 30 კაცი მორბის ველოსიპედით. ჩვენ ველორბოლა გვეგონა. მაგრამ მოულოდნელად ჩვენთან გაჩერდნენ. დაგვინახეს და ატეხეს ყიჟინა. თურმე, "ბაკულას ღორებით" ისეთი შთაბეჭდილების ქვეშ მოექცნენ, გვეძებენ სად ვცხოვრობდით. ჩვენს სამარადისო მტერთან პოლიტიკური დაძაბულობა მაშინაც აქტუალური იყო. თეატრის ენით გაიგეს ჩვენს ქვეყანას რა სჭირდა წლების მანძილზე. მოკლედ, მწერალმა რომ ასე დაწერა და შემდეგ მსახიობებმა ყველასთვის გასაგებ ენაზე ითამაშეს, გავაოგნეთ და გვეძებდნენ! ერთ ქალბატონს გაუჩნდა იდეა, გპირდებით მთელ გერმანიას ვაჩვენებ ამ სპექტაკლსო. მერე დაიწყო კოვიდი და "ბაკულას ღორები" ვის ახსოვდა.
მოკლედ, ფრენა მენატრება, მენატრება ილუმინატორთან ჯდომა. ვფიქრობ, რისი ნახვა მელოდება, რისი მონაც ვარ. და თუ ეს ეგზოტიკაა, მით უმეტეს.
ესპანეთში, მადრიდში ვართ გასტროლით. დილით სასტუმროს ნომრის კარზე კაკუნია. კოდებით იყო ნომრები. და გამიკვირდა, ვინ აიღო ჩემი საიდუმლო კოდი, რომ მიკაკუნებს-მეთქი. ჩვენიანი ხარ? - ქართულად ვეკითხები. კი, შენიანი ვარ, მიშა ვარ, თუმანიშვილიო. გათენებული არ არის. მან იცოდა რომ მოგზაურობის დროს როცა საინტერესო სანახაობას ვუყურებ, სრულიად სხვა ადამიანი ვხდები. "ადექი, წადი მუზეუმში და ველასკესის "კაპრიზნიცა" ნახე, რას წევხარ, რა გაძინებს, შენ ხომ წანწალი გიყვარს? აი, მე არ მძინავს". თვითონ უწანწალია. მეც წამოვხტი და წავედი...
მოკლედ, სადაც ჩავდიოდი, პირველი ორი ღამე არსად მეძინა. ახლაც წანწალი მელოდება და იცი, როგორ ვიწანწალებ? თან სხეული ხელს შემიწყობს და კიდევ ერთხელ გადავუხდი მადლობას ექიმს, ბატონ თენგიზ ტყებუჩავას. მანამდე მანუალური თერაპიით ასაკობრივ სირთულეებს ვშველოდი. ბატონი სოსო კუკულაძე მეუბნებოდა, ღრმა სიბერემდე მუხლებს შეგინარჩუნებო, მაგრამ კოვიდის შემდეგ რომ გამიცვდა სახსარი, მერე უკვე სხვა ექიმის ჩარევა გახდა აუცილებელი.
ახლა ბათუმში მივდივარ, საახალწლო გადაცემის ჩაწერაზე. ჩემი ბაბულას კოსტიუმები უნდა მომარგონ. ხალხს დღემდე უყვარს ეს გმირი... მაგრამ არტისტი არა მხოლოდ მისი როლების, არამედ ენერგეტიკის გამო უყვართ. მსახიობი არასდროს მოგპარავს, არასდროს მოგატყუებს, სუფთა ადამიანია.
მე მყავს ბევრი გარშემო, მთელი ცხოვრება რომ ფულს და უძრავ-მოძრავ ქონებას აგროვებდნენ. ადამიანი საგანს ეტრფის. მაგრამ მე მთელი ცხოვრება ტაშს ვაგროვებდი. ჩემთვის ქონება ტაში იყო. თავს არასდროს ვაკადრებ პოლიტიკურ გამოსვლებს. იმ ტაშს ვინც მიკრავს, სხვადასხვა გემოვნების, შეხედულების და ასაკის ადამიანია. ამის გამო მოკრძალებული ვარ და ნებისმიერის აზრს პატივს ვცემ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე ჩემი შეხედულება და გემოვნება არ მაქვს.
დღეს ლილოში ვიყავი, ფრენისთვის კომფორტული, თბილი შარვალი რომ მეყიდა. მოდური, არა ბებრული!
მთელი ლილო მეკითხებოდა - "ჩცდ" გაგრძელდება? მერე იმ შარვალში არაფრით ფული არ გამომართვა ძვირფასმა ქალბატონმა. აი, ამ სიყვარულს, რომელიც ხალხისგან მოდის, რომელი რენჯროვერი შეედრება?
მე ჩემს ძვირფას ხალხს ბედნიერ 2023 წელს ვუსურვებ.
იქნებ 2023 იყოს მაგიური წელიწადი. დაე, ერი და ბერი შერიგდეს, არ იყოს მტრობა. გავერთიანდეთ ცხინვალიდან სოხუმამდე. მარჯანიშვილის გამზირზე რომ გავივლი, მარჯვნივ და მარცხნივ, აღარ ვნახო შეჭირვებული და ხელგაწვდილი ადამიანი. თუ ღმერთს უნდა, ეს მოხდება...