„ლაურა ბრილიანტია. ოღონდ კარგად იყოს და სიამოვნებით მოვემსახურები" - გაიცანით პროფესორი, რომელმაც ლაურა რეხვიაშვილს უფასოდ უმკურნალა

laura

ლაურა რეხვიაშვილს პერიოდულად ვეხმიანები; გარდა იმისა, რომ როგორც ჟურნალისტი, მსახიობის ცხოვრებაში არსებული სიახლეებით ვინტერესდები, მასთან კომუნიკაცია მსიამოვნებს. "სხვანაირი" ქალია, განსხვავებული ენერგეტიკის მატარებელი.

მოკლედ, მოვიკითხე და რაღაცნაირად ხალისიანი "შემხვდა". მიზეზიც უცებ გამანდო. შეხვედრია ექიმს, რომელმაც მენჯ-ბარძაყის ოსტეოართრიტის პრობლემა უოპერაციოდ "მოუგვარა". გარდა იმისა, რომ აქ სრულიად ახალ, რევოლუციურ მედიცინაზეა საუბარი, ექიმმა ეს პროცედურა ლაურა რეხვიაშვილს აჩუქა! 

ნამდვილად არ გვესმის ხშირად, რომ დღეს მედიკოსი ანგარიშს უწევდეს ხელოვანს და უსასყიდლოდ ემსახურებოდეს მხოლოდ იმიტომ, რომ ის ნიჭიერია და კიდევ სჭირდება ერს. მაგრამ აი, ეს პრეცედენტი მოხდა და ის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, თენგიზ ტყებუჩავამ დაუშვა, რომელიც ამერიკიდან ახალი დაბრუნებულია და ჩვენთან ორგანიზმის აღმდგენი, რეგენერაციული მედიცინა და ოპერაციის გარეშე მკურნალობა დანერგა. და ეს მხოლოდ დასაწყისია!

თენგიზ ტყებუჩავა ფავორიტ მსახიობზე "პრაიმტაიმის" მკითხველს თავად უამბობს. 

თენგიზ ტყებუჩავა: ძალიან მიყვარს და პატივს ვცემ ქალბატონ ლაურას. სასწაული ადამიანია. მას თავისი ხასიათი სცენაზე გადააქვს. ურთიერთობაში ჩანს, თუ რამდენად ღრმაა. თავის სამყაროს პროექციას უკეთებს.

ის არ არის ადამიანი, რომელსაც უბრალოდ აქვს თავისი თვისებები, მე მას მრავალწახნაგოვან ბრილიანტს შევადარებდი. რაც მეტი წახნაგი აქვს, მით მეტია მისი ბრწყინვალება, რადგან შუქის გარდატეხა ხდება. ასევეა ეს მსახიობიც. ბევრი კარგი თვისების მქონეა. ამიტომ აქვს დიდი ელვარება. ბრილიანტზე ამბობენ, როგორ თამაშობსო. ჩემთვის ასეთი პიროვნებაა ქალბატონი ლაურა. მასთან ურთიერთობა სიამოვნებაა. ის არა მხოლოდ მის ოჯახს, მთელ ერს ეკუთვნის და ოღონდ კარგად იყოს და სიამოვნებით მოვემსახურები.

 ჩვენს ქვეყანაში ვარსკვლავის აღქმა ხომ კომიკურია. თავის ვარსკვლავობაზე კი ქალბატონი ლაურაც მისთვის ჩვეული იუმორით მიყვება.

ლაურა რეხვიაშვილი: რა პრობლემა მქონდა, იცით, რომ ვდგებოდი, ვყოვნდებოდი, სანამ ბარძაყის ძვალი მენჯის ძვალს გაუსწორებოდა. მყესი გალევადი იყო და ეს არ ვიცოდი. მოკლედ, კლინიკაში მივდივარ ბატონ თენგიზთან. მიმყვება მსახიობი ბექა ჯუმუტია. მაგვიანდება და ვღელავ, ბექა მამშვიდებს - არა უშავს, ვარსკვლავებს ელოდებიანო. აქაურ ვარსკვლავობაზე იქვე შევუკურთხე.

გამიფილტრა სისხლი, სახსარში ინდივიდუალურად ჩემთვის დამზადებული კოქტეილი შემიყვანა და! აღარ ვყოვნდები ადგომისას! დავდივარ კი არა, ჩვეულებრივ დავფრინავ. ახლა იმ შეყვანილმა ღეროვანმა უჯრედებმა და გაფილტრულმა სისხლმა უნდა გამოზარდოს მყესი, რომელსაც რეგენერაციის რესურსი აქვს. აი, ამგვარად, ამ ლეგენდარულმა ექიმმა ეს პროცედურა მაჩუქა, როგორც ვარსკვლავს. და ორ ოქტომბერს "ბაკულას ღორები" უნდა ვითამაშო.

კლინიკიდან გამოსულმა დავურეკე ბექა ჯუმუტიას, ბიჭო, მართლა ვარსკვლავი ვყოფილვარ, ასეთმა სახელოვანმა ექიმმა პროცედურები უფასოდ გამიკეთა-მეთქი. ვინ დაგარწმუნაო, მკითხა და მოვუყევი მთელი ეს ისტორია. 

ბატონ თენგიზს იმ პრობლემაზე მოვაყოლე, რაც  ლაურა რეხვიაშვილს და ძალიან ბევრ ქალბატონს, ასაკში შესვლისას აწუხებს. მენჯის გამოცვლის ოპერაცია ხომ ძალიან ხშირად ტარდება.

თენგიზ ტყებუჩავა: ქალბატონი ლაურა მენჯის გავრცელებური პრობლემით, მენჯ-ბარძაყის სახსრის ოსტეოართრიტით მოვიდა. ეს პროცესი რომ იწყება, შეუქცევადია. შენელება შეიძლება, მაგრამ მაინც პროგრესირებს. სიარული უფრო და უფრო გაუჭირდებოდა, შემდეგ მენჯიდან მუხლებზე გადაინაცვლებდა პრობლემა.  სახსრები შეკრული ერთიანი სისტემაა და დაწყებული პრობლემა ერთმანეთს გადაეცემა. ერთ მხარეს დაწყებული ტკივილის დროს ისე დავდივართ, რომ მტკივნეული სახსარი დავზოგოთ, ამ დროს მეორე მხარეს დიდი დატვირთვა აქვს, მთელი დაწოლა მასზეა და ანგრევს სახსრის სისტემას...

ვაკეთებ შემდეგ პროცედურას: შემყავს რეგენერაციული აგენტები. მან ამ ერთი პროცედურის შემდეგ მითხრა, რომ უკეთესად გრძნობს თავს. ამ შედეგს ველოდი. აგენტი შედგება ჩემს მიერ მომზადებული კოქტეილისგან, რომელშიც ასევე შედის პაციენტის ღეროვანი უჯრედი ან ნაწილი მისი და ნაწილი ჩემს მიერ ნაყიდი ღეროვანი უჯრედისა. ეს პრეპარატები დაზიანებულ ზონაში შემყავს და ის შეკეთებას იწყებს. პროცედურის შემდეგ იწყება დაზიანებული ქსოვილების აღდგენა.

ქალბატონ ლაურას ფოფ-პროცედურაც ჩაუტარდა (სისხლის ფილტრაცია, ოზონიზაცია, ფოტომოდულაცია), ანუ ორგანიზმის გაწმენდა, რომელიც ნებისმიერს სჭირდება - ავადმყოფს თუ ჯანმრთელს. სპეციალურ, ერთჯერად აპარატში შედის სისხლი, რომელიც კლავს სისხლში არსებული ყოველგვარ მავნეს, იქნება ეს - ვირუსები, ბაქტერიები, სოკო, პარაზიტები და ა.შ... სისხლიდან ხდება მძიმე ლითონების, მკვდარი უჯრედების, ტოქსინების, ალერგენების მოშორება. შემდეგ მიმდინარეობს ამ გაწმენდილი სისხლის სტიმულაცია, რის შემდეგადაც ღეროვანი უჯრედებისა და ზრდის ფაქტორების გამოყოფა და ასევე, მიტოქონდრიების სტიმულაცია ხდება. 

ეს არის 45 წუთიანი პროცედურა, რომლის შემდეგ ადამიანს გასუფთავებული ენერგიული, გაახალგაზრდავებული სისხლი უბრუნდება. არის ნახევარ საათიანი გადასხმაც, რომლის შემდეგ ტვინი კარგი მახსოვრობით იწყებს მუშაობას, ორგანოები კარგად მუშაობენ. ორგანიზმს ეძლევა სტიმული. კანის სტრუქტურაც უმჯობესდება. ამ ინფუზიით ორგანიზმი ახალგაზრდავდება.

ეს ამერიკაშიც ახალი დანერგილი მეთოდია და უკვე სწრაფად ვრცელდება.

თენგიზ ტყებუჩავა საქართველოდან დიდი ხნის წინ წავიდა, ჯერ რუსეთში, შემდეგ შვეიცარიასა და ამერიკაში წამყვან კლინიკებში მუშაობდა. შვეიცარიიდან ამერიკაში, ბოს­ტონში 1997 წელს გადავიდა, სადაც ტაფტის უნივერსიტეტში პროფესორის წოდება მიიღო.

მისი ოჯახი ამჟამად ამერიკაში ცხოვრობს. პროფესორი პერიოდულად ჩადის ამერიკაში, სადაც მისი გამოგონებების ბაზაზე დაარსებული აქვს სამედიცინო ტექნოლოგიების კომპანია. ესწრება კონგრესებს... 

ბევრი ამგვარად პროფესიონალი ექიმი სჭირდება საქართველოს, ჩვენც რომ მშვიდად და კარგად ვიყოთ.

მოკლედ, ქალბატონმა ლაურამ თვითონაც თქვა, რომ სპექტაკლის სათამაშოდ ემზადება, ენერგიაზეა და სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებამ, სხვა სტიმული დაუბრუნა. ენერგია ისედაც არ აკლდა, მაგრამ ამიერიდან რა ცეცხლს დაანთებს ან თუმანიშვილის თეატრის სცენაზე და ან რუისპირში, საკუთარი კარ-მიდამოს ავანსცენაზე, ნამდვილად სანახავია.

ლაურა რეხვიაშვილი: - მე რომ ეს ადამიანი არ მენახა, მენჯის გამოცვლა დამჭირდებოდა. მადლობა ბატონ თენგიზს! არ მეგონა, თუ ამ ასაკში, ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, იმის რწმენა დამიბრუნდებოდა, რომ საღსალამათს შემძლებოდა მეცოცხლა და ჩემს საქმეში დაუძლურებამდე მემოღვაწა.

მივაგენი ადამიანს, რომელმაც მომცა რწმენა, რომ თუ ამ პრობლემას ყურადღებას მივაქცევ, დიდხანს ვიქნები კარგად. მე მისი მადლიერი ვარ!