„ბრედ პიტს ქალებში საშინელი გემოვნება აქვს" - გვინეტ პელტროუ

პიტი და პელტროუ

 გვენეთ პელტროუ "დამწუხრდა", როცა ბრედ პიტისა და ჯენიფერ ენისტონის ქორწინების შესახებ გაიგო - წერს ავტორი ეიმი ოდელი თავის ახალ წიგნში Gwyneth: The Biography (გვინეტი: ბიოგრაფია)

2000 წლის სექტემბერში, ტორონტოს კინოფესტივალის ინტერვიუს დროს, ერთმა ჟურნალისტმა პელტროუს ჰკითხა: „როგორ გრძნობთ თავს იმის გამო, რომ ბრედ პიტი ჯენიფერ ენისტონზე დაქორწინდა?" (ქორწილი იმ წლის ივლისში გაიმართა). „მართლა მეკითხებით ამას?" - ირონიულად უპასუხა ვარსკვლავმა, რომლის თვალებშიც, წიგნის მიხედვით, „ბრაზის ნაპერწკლები ჩანდა". „ამ საკითხზე კომენტარს ვერ გავაკეთებ," - დაამატა მან.

 „რეალურად კი, გვინეტი მეგობრებს უყვებოდა, რომ მისთვის მძიმე იყო მათი ქორწინების შესახებ ცნობების მიღება. ის ხუმრობით ამბობდა, რომ ბრედს „ქალებში საშინელი გემოვნება" აქვს," - წერს პელტროუს ბიოგრაფი, ეიმი ოდელი.

52 წლის მსახიობი ვერ მალავდა წყენას პიტისა და Friends-ის ვარსკვლავის, ჯენიფერ ენისტონის ქორწინების გამო. მოგვიანებით, იმავე წელს კოსმეტიკური კომპანიის, Estee Lauder-ის მემკვიდრესთან, აირინ ლაუდერთან ბიზნესშეხვედრაზე, პელტროუმ კიდევ ერთი უხეში კომენტარი გააკეთა:

„ერთ ვახშამზე, ბრედ პიტზე საუბრისას, გვინეტმა თქვა: "ის იმაზე სულელია, ვიდრე გგონიათ," - წერს ოდელი.

 პელტროუმ და პიტმა 1994 წელს დაიწყეს რომანტიკული ურთიერთობა ფილმის Se7en გადაღებებზე გაცნობის შემდეგ. თუმცა, გვინეტმა ჯერ კიდევ მაშინ შეიტანა ეჭვი მათი სიყვარულის სიმყარეში და, როგორც წიგნში ვკითხულობთ, ჰიუ გრანტის მიმართაც ჰქონდა სიმპათია.

„ფილმის Emma გადაღებებისას, გვინეტი ქასთის ერთ-ერთ წევრს ეუბნებოდა, რომ არ იყო დარწმუნებული, შეესაბამებოდა თუ არა ბრედი მას. "ბრედს და მე ძალიან განსხვავებული ბავშვობა გვქონდა. როცა რესტორანში მივდივართ და ხიზილალას ვუკვეთავთ, უნდა ავუხსნა, ეს ბელუგაა და ეს ოსეტრა," — იხსენებდა მსახიობი ერთ ინტერვიუში.

პიტი და პელტროუ 1996 წელს დაინიშნნენ, თუმცა 1997 წელს ურთიერთობა ოფიციალური ახსნა-განმარტების გარეშე დაასრულეს.

მოგვიანებით ბრედ პიტი ჯენიფერ ენისტონს შეხვდა, მას 1999 წელს სთხოვა ხელი, ხოლო 2000 წლის 29 ივლისს ვარსკვლავურმა წყვილმა მალიბუში იქორწინა. წყვილი 2005 წელს დაშორდა, მას შემდეგ, რაც პიტმა რომანი დაიწყო ფილმის Mr. and Mrs. Smith პარტნიორთან, ანჯელინა ჯოლისთან.

გვინეტის შემდეგი რჩეული ბენ აფლეკი იყო, რომელიც იმ დროს ალკოჰოლთან და აზარტულ თამაშებთან ბრძოლის რთულ ეტაპს გადიოდა. მათი ურთიერთობა წელიწადზე ოდნავ მეტხანს გაგრძელდა.

2003 წლის 5 დეკემბერს, პელტროუ Coldplay-ის ფრონტმენზე, კრის მარტინზე დაქორწინდა. მათ ორი შვილი შეეძინათ: ქალიშვილი ეპლი და ვაჟი მოსე. წყვილმა 2014 წელს განქორწინება გადაწყვიტა.

დღეს გვინეტი პროდიუსერ ბრედ ფალჩაკზეა დაქორწინებული - მათი ქორწილი 2018 წელს შედგა.

წიგნი Gwyneth: The Biography გაყიდვაში 29 ივლისს გამოვა და უკვე ხელმისაწვდომია წინასწარი შეკვეთებისთვის.