"ამ ამბავს შეეწირა ჩემი სახლი. ეს დამემართა ქალს, რომელიც თავისი ოჯახით ამაყობდა... მაგრამ ეს გაუსაძლისი იყო" - მარინა ბერიძე რთულ პერიოდზე

marina

"ძალიან დიდი ბედნიერებაა, როდესაც თავისუფალი ხარ. ის რომ მცოდნოდა, რომ ასეთი კარგია თავისუფლება, ალბათ, ბევრად ადრე მოვიმოქმედებდი რამეს (იცინის). რასაც გინდა მოუსმინე, რაც გინდა წაიკითხე, რასაც გინდა უყურე…

ამას ქმარი არ მიშლიდა, თუმცა ანგარიშს ვუწევდი. ჩვენ ქართველი ქალები ხომ ანგარიშს ვუწევთ ქმრებს?! კიდე კატლეტი უნდა გააკეთო, პერანგი გააუთოვო და უნდა მოემსახურო. შენს თავს რომ ემსახურები, არაფერია ამაზე კარგი. გინდა იზამ, გინდა – არა. თან ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე" - ეს მარინა ბერიძის გულახდილი ინტერვიუა, რომელიც მუსიკალურმა პროდიუსერმა "პრაიმტაიმს" რამდენიმე წლის წინ მისცა. მარინა ცნობილია თავისი პირდაპირობით. ინტერვიუშიც, მის მტკიცე ხასიათს, ბევრ საინტერესო დეტალში დაინახავთ. 

 იყო პერიოდი, როდესაც ქმართან გაყრას მძიმე პირველი წელი მოჰყვა. ცვლილებებმა დეპრესიაში ჩააგდო – პირად ცხოვრებასა და სამსახურში ყველაფერი თავდაყირა დადგა.

იყო ისეთი პერიოდიც, არაფრის კეთება არ უნდოდა. იყო თავისთვის, პლედისა და სავარძლის გარემოცვაში.
ამას იმ მარინა ბერიძეზე გესაუბრებით, „ის ცხრა წელი საახალწლო კონცერტებზე (და არა მხოლოდ) მომღერლებს რომ ბლოკავდა“ და მუსიკალური შოუების ჟიურიში მჯდომი "იაზო" შიშის ზარს სცემდა კონკურსანტებს.
დიახ, იყო პერიოდი მისი სახელი და დიდება გაფერმკრთალდა.

თბილისი მის პირად ცხოვრებაზე აჭორავდა – მარინას ქმარმა უღალატა და ოჯახი დაენგრაო.

„ყველაზე მეტად ჩემი ოჯახით ვამაყობდი, რომელიც ქორწინების 43-ე წელს დამენგრა" – 2015 წელს მიყვებოდა მარინა.

„მარინამ მოიწყინა“

მარინა ბერიძე: – „დინების საწინააღმდეგოდ“ ცურვა ჰქვია თუ რაც ჰქვია, მე მთელი ცხოვრების მანძილზე სიახლის სურვილი მქონდა. ყველაფერი ახალი მომწონდა. როცა ყველაფერი ახალი მოგწონს, პროგრესი გხიბლავს, როგორც წესი, დინების საწინააღმდეგოდ მიდიხარ.

არავის ვებრძვი, უბრალოდ, ყველაფერში სიახლეს ვეძებ – ურთიერთობაში, საქმეში, სამსახურში… არც პროტესტი მაქვს, არც ამისკენ ვარ მომართული, სხვანაირად მე მწყინდება.

საიდან იღებთ იმ ენერგიას, რომელიც ყოველთვის უშრეტად გაქვთ?

– იმდენი რამ გადავიტანე, რომ ახლა ამის ანალიზს ვაკეთებ, საამისოდ დროც მეტი მაქვს. მივხვდი, რომ ყველაფერს ადამიანებისგან ვიღებ, მათ შორის ენერგიასაც. ვარ საინტერესო ადამიანების ძიებაში.

კარგთან ერთად ცუდი ენერგიაც მიმიღია ადამიანებისგან. ამ დროს ურთიერთობას ვწყვეტ. თუ ადრე ამას დელიკატურად ვაკეთებდი, ახლა უკვე მგონია, რომ მაქვს იმის ფუფუნება, მშვიდად, მაგრამ უცებ გავწყვიტო კავშირი. მეგობრებმა იციან თქმა – „მარინამ მოიწყინაო“.

დანგრევით ბევრი რამ დამინგრევია – დოგმა, სტერეოტიპი. ამიტომაც მთელი ცხოვრება ვიღაც მებრძვის. პლუსზე სიმღერის საოცრად დიდი პროტესტი მქონდა. მაგრამ მივხვდი, რომ საუბრით არ უნდა ებრძოლო. საქმით უნდა დაამტკიცო.

****

მქონდა პერიოდი, როდესაც ვამბობდი, არაფერი მინდა-მეთქი. ოჯახური მდგომარეობა, „რუსთავი 2“- დან წამოსვლა, მთავრობის შეცვლა, სამინისტროში „ტისკები“… ერთდროულად მოხდა ყველაფერი. არაფერი მინდოდა. ვერ ვუმკლავდებოდი. ექიმთან არ ვყოფილვარ, წამალი არ დამილევია. იმდენი ვიტირე, რამდენიც სიცოცხლეში არ მიტირია. დავიცალე. თავიც კი შემეცოდა. მუსიკას ვერ ვუსმენდი, როიალი მძულდა.

ძნელია ჩემს ასაკში გამოიცვალო სახლი, სამსახური არ გქონდეს. იმ სამსახურში, რომელიც გაქვს, გრძნობდე, რომ ადამიანებს სძულხარ. ეს ხდება იმ ასაკში, როდესაც აბსოლუტურად შემდგარი პიროვნება ხარ. არავის ჩემთვის სამსახური არ მოურთმევია, ჩემი შრომით მივაღწიე ყველაფერს. სამსახურებს ვიგონებდი.

ცნება – მუსიკალური პროდიუსერი ძალიან დიდხანს ვერ გაიგეს რა იყო. ერთ მშვენიერ დღეს დავჯექი და ვიფიქრე, ამ ეტაპზე ვინ ვარ-მეთქი?! მივხვდი, რომ მე მუსიკალური პროდიუსერი ვიყავი. ორი წლის წინ კი ისე ცუდად გავხდი, თვალებში მიყურებდნენ, შეშინებულნი. ეს გინდა? არ მინ-დააა!

მოწესრიგებული, ჩაცმულ-დახურული კი ვიყავი, ჩაცმა მიყვარს. მაგრამ აი, შინაგანად მომსპარი ვიყავი. წელიწადნახევრიანი მუშაობის შემდეგ წამოვედი კულტურის სამინისტროდან, იმ ტემპში ვერ წავყვებოდი, რაც იქ იყო. პროგრესი სადაც არ არის, არ შემიძლია ყოფნა.

„ცხრა წელი გვბლოკავდა ეს ქალიო“ – ყველგან ამას ვკითხულობდი, პრესაში თუ „ფეისბუქზე“, ჭკუიდან გადამიყვანეს. აი, ასე, ჩემმა გარემოცვამ არ მომცა საბნის გადახურვის უფლება. დავით კოვზირიძემ თავის გადაცემაში – „მძიმე კაცთან“ დამპატიჟა. ძლივს დამიყოლია.

ინტერვიუ რომ გავიდა, სტუმრად მოვიდა დოი და მითხრა: სანამ ინტერვიუ დაიწყებოდა, ვნერვიულობდი, მაგრამ დაიწყე თუ არა ინტერვიუ, გაცოცხლდიო. ცოტა „ჟულიკი“, ცოტა იუმორით, ცოტა ავანტიურისტი ვიყავი. ჩაირთო კამერა და უცებ გავხდი მარინა. რა ვქნა, ოთახში კამერები დაგიყენო, რომ ადგეო? ნიკა გვარამიას დავურეკავ კამერები რომ დაგიყენოს, ეგებ რამე მოგინდესო, დოი ხუმრობდა. ამ ხუმრობაში ყველამ ერთად მოიფიქრეს, რომ მე „შუადღეში“ გადაცემა გამეკეთებინა. მთელი ცხოვრება ვიქნები დოის, ნიკა გვარამიას და გერსიკას – დათო გერსამიას მადლიერი – ჩემების. მიხვდნენ, რა მჭირდებოდა. მე ვერ მივხვდებოდი.

მარინა და ზურა

გარკვეულმა ადამიანებმა არ დამინდეს. წაქცეულს ზოგიერთმა ქალმა წიხლი დამაჭირა, ქმარმა მიატოვა, სახლი დაკარგა, „რუსთავი 2“-დან წამოვიდა, სამი მილიონი მოიპარაო – გაუთავებლად წერდნენ ასეთ რაღაცებს.

ჩვენ – მე და ზურაბ ლალიაშვილს ერთ-ერთი ყველაზე კარგი ოჯახი გვქონდა… ხმაურიანად კარგი! ორი მუსიკოსი, ასეთი ოჯახი, სტუმრებისთვის სახლის ღია კარით. და ამდენი წელი ერთად! 43 წლის თავზე კი მოხდა ეს ისტორია. ჩვენ პირველი კლასიდან ერთად ვსწავლობდით. ჯერ იყო სიმპათია, მერე სიყვარულის ისტორია. ყველაფერი ხდება…

ჩემი ოჯახური იდილია ჩემს საქმეს შევალიე. ღამის სამ საათზე აბსოლუტურად დაღლილი რომ მიდიხარ შინ და მეორე დღისთვის კიდევ კატლეტს აკეთებ, მაგრამ შინაგანად ისევ საქმეში რომ ხარ, ამ რიტმში ვცხოვრობდი. ვიცი, რომ კატლეტი უნდა გავაკეთო და პერანგი გავაუთოო, მაგრამ თავში მუდმივად „ჯეოსტარის“ ტურებზე ფიქრი იყო.

ამ ასაკში კი, ფიქრობ, აღარც უნდა მოიცალო ქმრისთვის და იმან ეს უნდა გაიგოს… ამასობაში ხომ არსებობს მუდმივად ჩასაფრებული ქალების კატეგორია, სხვისი რომ წაიღონ. ღია კარი მქონდა, ჩემთან სტუდიაში ნახევარი საქართველო წერდა სიმღერებს. ის ქალბატონიც ერთ-ერთი ასეთი მომსვლელი იყო…

სადღაც მყავდა ნანახი, მღეროდა, თუმცა ცუდად… ინტუიციით, რაღაც რომ ხდებოდა, ვიგრძენი და ვიკითხე, მაგრამ სულ უარზე წასვლა იყო. ამ გადასახედიდან მინდა ადამიანებს ვუთხრა, რომ ყველაფერი ცუდის კარგად გაკეთება შეიძლება. არის სიტუაცია, სადაც კი არ უნდა ჩახლართო და იეშმაკო, უნდა მიხვიდე და თქვა, სინამდვილეში როგორც არის. აღარ გიყვარვარ? მოდი და მითხარი! ნუ ჩამიხლართავ.

ვის როდის ვინ შეუყვარდება, არ იცი, შეუყვარდა… მაგრამ იმდენად სამაგალითო ოჯახი მქონდა… არის ოჯახები, ხელი არ უნდა მოკიდო. არ ვიცი, ეს დამემართა მე, ქალს, რომელიც პირველ რიგში თავისი ოჯახით ამაყობდა. ყველგან ვამბობდი, რომ ჩემნაირი ოჯახი მეორე არ იყო.

– ოჯახის დანგრევის გადაწყვეტილება ვინ მიიღო?

– ერთად მივიღეთ. ჩვენი ერთ ჭერქვეშ ცხოვრება გაუსაძლისი იყო. რაღაც დამთავრდა. ბევრის თმენაც შეიძლება, მაგრამ რაღაც წერტილამდე. ორი უცხო ადამიანის ერთად ცხოვრება ძალიან ძნელია.

ამ ამბავს შეეწირა ჩემი სახლი სოლოლაკში, რომელიც მართლა ყველასთვის საყვარელი სახლი იყო. ეს იყო მამაჩემის და დედაჩემის სახლი, რომელიც ამ ამბის შემდეგ გავყიდეთ. ვისაც ის სახლი უნახავს და მე მიცნობს, რომელსაც ხან აქ და ხან იქ არ უცხოვრია, მიხვდება რასაც განვიცდი. მე, დაბადებიდან მოყოლებული, მთელი ცხოვრება სოლოლაკში იმ სახლში ვცხოვრობდი. ტაქსიში რომ ვჯდები, სოლოლაკის მისამართს ვეუბნები ისევ.

მთელი ცხოვრება დატოვე და წამოხვედი, ადვილი არ არის… ახალ სახლს რომ შევჩვეოდი და ტრავმა დამევიწყებინა, მოვიფიქრე, რომ სასტუმროში ვცხოვრობდი. ხომ მიცხოვრია სასტუმროში. ჩემი ახალი სახლი ცოტა სასტუმროს ტიპისაა. ამან გამომაძვრინა.

არავინ არაფერს მეუბნება, ავდგები, ყავას ვსვამ, სიგარეტს ვეწევი. სადმე რომ მივდივარ, აღარ მიწევს დარეკვა, მაგვიანდება-მეთქი. რას ნერვიულობ, არავინ გელოდება და ჯანდაბას შენი თავი-მეთქი, ვეუბნები თავს. საჭმელს არ ვაკეთებ. მივდივარ მზას ვყიდულობ და მოვდივარ.

ქალური რევანშის სურვილი არ გქონიათ?

– ასაკი აღარ მიწყობს ხელს, თორემ… რევანში ნამდვილად იქნებოდა (იცინის). ცუდ ასაკში მომიწია.

– ასე მშვიდად დანებდით? თქვენ? ასეთი ოჯახი რომ გქონდათ...

– მშვიდად როგორ? დამანგრია, ფსიქიკა დამიზიანდა. ძნელად გადავხარშე, გამიჭირდა ცხოვრებიდან ამდენი წლის ამოღება. ახლა იქით აღარაფერი მაინტერესებს. ამ გადასახედიდან ვხვდები, რომ ძალიან მაგარი ქალი ვარ. აღმოჩნდა, რომ ვარ. მაინც ვიღაც გჭირდება, რომ გამოძვრე ამ სიტუაციიდან. აი, რამდენი რამ გელაპარაკე და ბევრი რამისგან გავთავისუფლდი…

– წყენა დაივიწყეთ?

– დავივიწყე, მაგრამ ბევრი ადამიანი დავკარგე. ლუსტრაცია მოხდა. მიმტევებელი არ ვარ. არიან ადამიანები, რომლებიც ჩემს ცხოვრებაში აღარ იარსებებენ.

ცხოვრება რა არის? – კიბეა, სადაც ადიხარ და ჩადიხარ, ეს უნდა იცოდე. ჩამოსვლა ადვილია და წამიერია. ჩაირბენ. ასვლა ძნელია, ბევრ ენერგიას ხარჯავ. შეიძლება დაგეზაროს. რაც ასაკი გემატება, ასვლა მით უფრო ძნელია. უნდა ეცადო. ნელი ნაბიჯით მაინც. ლიფტი კომფორტია, თუმცა კომფორტით ასვლა რეზულტატს არ გაძლევს. უკან ჩამოსაგორებლად წამია საჭირო.

არასდროს არ უნდა თქვა, რომ არ მინდა სიცოცხლე. მე არ მინდოდა სიცოცხლე. მაგრამ რომ თენდება და ბევრი სიახლე თვითონ უნდა მოძებნო. ვერავინ გიშველის. ვისაც ჰგონია, რომ კაბინეტი სულ ექნება, ასე არ არის. უნდა იფიქრონ, ეს ბოლო დღე ხომ არ არის?

ცხოვრება საინტერესოა. მთავარია გინდოდეს. მე კიდევ მინდა ცხოვრება. ჩვენ ცხოვრებას ჩვენი ფიქრები წარმართავს. სანამ ჩემს პირადში ეს ამბები დაიწყებოდა, დილით, ჩემს ცნობილ აივანზე, ჰამაკში ვიჯექი, ყავას ვსვამდი და სიგარეტს ვეწეოდი, თან ვფიქრობდი, ჩემი ცხოვრება შედგა, ყველაფერი დალაგებულია-მეთქი და ეს რომ გავიფიქრე, ძალიან შემეშინდა. არასოდეს არ უნდა იფიქრო, რომ ყველაფერი წესრიგშია, ყოველთვის უნდა აკონტროლო. თვითკმაყოფილი არ უნდა იყო.

ერთხელაც აივანზე გავედი და ყველა მცენარე მოწყენილი და ყურებჩამოყრილი დამხვდა. ფატალური რაღაცები ხდებოდა. მაია, ჩემს თავს რაღაც ხდება-მეთქი, შვილს დავურეკე. ამ სახლში კი მხოლოდ ფულის ხე ხარობს.

– გიყვართ ფული?

– უნდა ვიცოდე, რომ გარშემო სხვების დახმარება შემიძლია. უნდა ვიცოდე, რომ რაღაცის ყიდვა შემიძლია, წელიწადში ორჯერ სადღაც წავიდე. ფულის გულისთვის არასდროს არაფერი მიკეთებია.

 

ასევე დაგაინტერესებთ: "ამ უბედურებამდე ორი დღით ადრე, ყვავმა, იცით, როგორ საშინლად დამჩხავლა თავზე?!.." - იუბილარ ზუზუს დედა იგონებს

"ერთმანეთი დავლეწეთ. ყურებზე ხელს მკიდებდა და თავს მიწაზე მარტყმევინებდა. დღე და ღამე ვარჯიშობდა..." - ზაზა კოლელიშვილი უცნობი ფაქტებით სოსო ჯაჭვლიანზე

„მოდიოდა ნინო მთებით“ – ანა კალანდაძის ცნობილი ლექსის ისტორია