თურქეთის სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფის ადგილზე ერთი მგზავრის სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება

ბკ

თურქეთის სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფის ადგილზე თვითმფრინავის ერთი მგზავრის სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. როგორც ცნობილია ბორტზე 20 თურქი სამხედრო იმყოფებოდა. მათგან 19-ის ცხედარი უკვე ნაპოვნია. აღმოჩენილია თურქული სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის შავი ყუთიც.

კატასტროფის ადგილზე თურქეთის და საქართველოს სამაშველო ჯგუფები მუშაობენ. ავიაკატასტროფის ეპიცენტრში და
მის გარშემო არეალში, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, საგამოძიებო მოქმედებებში ჩართულია თავდაცვის ძალები.

ადგილზე შეიქმნა საკოორდინაციო შტაბი. შექმნილია საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფი, მუშაობის პროცესში თურქეთიდან 46-კაციანი, გამომძიებლებით დაკომპლექტებული ჯგუფი ჩაერთო.

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილი C-130 ტიპის თვითმფრინავის კატასტროფას 20 თურქი სამხედრო ემსხვერპლა.

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან სამხედრო თვითმფრინავი 11 ნოემბერს ჩამოვარდა. ტელეკომპანია „იმედმა“ კატასტროფის ამსახველი ვიდეოკადრები მოიპოვა.

მომხდარზე ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.