„ამ უბედურებამდე ორი დღით ადრე, ყვავმა, იცით, როგორ საშინლად დამჩხავლა თავზე?!.." - იუბილარ ზუზუს დედა იგონებს

zuzu

ზაზა ზუზუ ბეჟაშვილი 1-ელ ივნისს 47 წლის გახდებოდა. უხაროდა, რომ ასაკი არ ეტყობოდა. უხაროდა ურთიერთობები, ნაღდი და ნამდვილი. სახეზე აკრული სავიზიტო ღიმილის მიღმა იყო მარტოსული და იმაზე მეტად სევდიანი, ვიდრე ვინმეს ეს ეგონა მის კამპანიაში. 

მსახიობს "პრაიმტაიმთან" დედა, ციალა ბეჟაშვილი იხსენებს.

ციალა ბეჟაშვილი: დღეს ჩემი შვილის მეგობრები იყვნენ მოსული და გამახარეს. ასეთ დროს მგონია, ზაზაც საიდანღაც მოვა-მეთქი. მე ვერავისთან ვერ ვტირი, არ მინდა მნახონ მგლოვიარე და მტირალი. გოდებით რომ შევხვდე, ჩემთან მოსვლა აღარავის ენდომება.

ხომ სულ ხუმრობდა და შაყირობდა და დღეს იგონებდნენ, სადაც ეგ იყო, სულ სიცილ-ხარხარი იყოო. იმდენი რამ გაიხსენეს... ყველა ამბობს, გვგონია ჩვენს გვერდით არისო. 

მეც ასე ვარ. მგონია, რომ სადღაც არის, გადაღებაზე წასული და მოვა... ისევ ამ განცდით ვარ. არადა, ხუთი წელიც გავიდა...

წამიერად ვნახულობ სიზმრად. ამბობენ, არ უნდა აკოცო მიცვალებულსო და დაგესიზმრებაო. არა კი არა, ჩავკოცნე ჩემი შვილი. ეგ გამახსენდებოდა იმ დროს, სიზმარში არ ვნახავ-მეთქი?

... თურმე გული აწუხებდა. ეს მე არ ვიცოდი. თვითონ მე მიფრთხილდებოდა. თვალზე ორი ოპერაცია გავიკეთე და წამალს მაწვეთებდა. ძალიან ყურადღებიანი იყო. აი, ბავშვობაში საშინელება იყო. ალა პუგაჩოვა არანორმალურად უყვარდა. ვინმე ცუდს თუ იტყოდა ალაზე, შავ დღეს აყრიდა. სტუმარს ვინმე უცხო თუ მოჰყვებოდა ჩვენთან, კარებში ვაფრთხილებდი, ალა პუგაჩოვაზე ცუდი არ დაგცდეს-მეთქი. სამსახურში მაკითხავდა. ერთი კარგი შესახედი გოგო იყო ჩემი თანამშრომელი და ზაზასთვის უკითხავს: ზაზა, ალა რომ მოგწონს, მე შემომხედე, როგორი გოგო ვარ, როგორი ტანი მაქვსო. პოლის ჯოხივით ტანი რომ გაქვსო? - უპასუხია ზაზას. ჩემი ფეხები ალას ფეხებს არ ჯობიაო? - იმან გააგრძელა თურმე. სტოლბებივით გაქვსო. თმა გაფხორილი ინდაურივით გაქვსო, ასე გამოულანძღავს ის გოგო და ლაბორატორიის კარი ისე გაუჯახუნებია, კოლბებს ზანზარი დაუწყია. 

ასე ვზივარ და ვიხსენებ ამბებს...

დღეს 47 წლის გახდებოდა. როგორ უხაროდა, რომ ასაკი არ ეტყობოდა.  უყვარდა 1 ივნისი. 

სანამ ეს ტრაგედია მოხდებოდა, ორი დღით ადრე, ავდექი სახლის დასალაგებლად, მაგრამ იქვე მოწყვეტით დავჯექი. ვერაფერი ვერ გავაკეთე. მერე ყვავმა იცით, რა საშინლად დამჩხავლა თავზე?! საშინლად! კატა მოგვიკვდა და თან გადავყევით იმ კატას, იმდენი ვიტირეთ. თქვეს კარგია, ყვავის ჩხავილზე კატა მოკვდაო, მაგრამ... ეს უბედურება დამატყდა თავს. 

ახლა უფროს შვილთან ერთად ვცხოვრობ. 79 წლის ვარ. დედებს კი, ვინც ჩემს დღეშია, ვეტყვი: გამაგრდით. ილოცეთ შვილების სულებისთვის. ახლა ეს არის მათთვის მნიშვნელოვანი.

 

ასევე დაგაინტერესებთ: “ირაკლი 22 წლის იყო, აივნიდან გადავარდა… შვილის გარდაცვალების შემდეგ ვეღარ აგრძელებდა წერას” – დიდი ქართველი მწერლის ტრაგედია

,,თავიანთი ტკივილი, შვილის დაკარგვა, თავს არავისთვის მოუხვევიათ... სიმღერა კი არა, ალბათ, ცხოვრებაც არ სურდათ, თუმცა..." - ლილი ზღვაური 83 წლის გახდა

Exclusive: "ხუთი წლის შემდეგ, ახლა პირველად ვამბობ..." - რა უთხრა ბიძინა ივანიშვილმა დათო ოქიტაშვილს გიოზე

"საქციელებით, 80 წლის "ხულიგანი" გამოვდივარ, თუმცა შინაგანად აღარც მემღერება, აღარც მეცეკვება..." - რას გვიყვება ნანა ფაჩუაშვილი საიუბილეო საღამოზე