„ყველანაირი ლოგიკის მიღმაა... არ ვიცი, „ნაპოლიში“ დიდხანს დარჩება თუ არა“ - ანტონიო კასანო კვარაცხელიაზე

kvaracxelia

„ინტერისა“ და „რეალის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ანტონიო კასანომ ხვიჩა კვარაცხელიაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

Bobo Tv-ს ეთერში მას არ დაუმალავს, რომ კვარაცხელიათი აღფრთოვანებულია და მის მოლოდინებს გადააჭარბა.

„აღარ ვიცი, ამ „ნაპოლისთვის“ რა ეპითეტი გამოვიყენო. ლუჩიანო სპალეტის გუნდი 10-დან 10-ზე თამაშობს და ქებას კვარაცხელიაც იმსახურებს. ქართველი ფეხბურთელი ყოველ მესამე დღეს განსხვავებას ქმნის. იგი ნეაპოლში 2 თვის წინ გადავიდა, იტალიური არ იცოდა და საოცრებებს აკეთებს.

ხვიჩამ რთული როლი ჩაიბარა და ინსინიეს შემცვლელის სტატუსი მიიღო. ეს მოხდა ახალ ჩემპიონატში და გუნდში, სადაც თანაგუნდელებსაც არ იცნობდა. მიუხედავად ამისა, ყოველ მესამე დღეს, ყველა შეხვედრაში განსხვავებას ქმნის და არ მეგონა, ასეთი ფენომენი თუ იყო. ამ წუთისთვის, ყველა მატჩში ან გოლი გააქვს, ან საგოლე გადაცემას აკეთებს. პირადად ჩემთვის, ეს ფეხბურთელი ყველანაირი ლოგიკის მიღმაა და არ ვიცი, „ნაპოლიში“ დიდხანს დარჩება თუ არა.“ - განაცხადა ანტონიო კასანომ.