1728312638
ცნობილმა ანალიტიკურმა პორტალმა კვარაცხელია და ლოჩოშვილი შეაფასა
იტალიის სერია A-ს მე-9 ტურში ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზემ“ საკუთარ მოედანზე ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ უმასპინძლა და სამი ბურთის სხვაობით, 4 : 1 დამარცხდა.
ხვიჩა კვარაცხელიას დღევანდელ მატჩში გოლი არ გაუტანია, თუმცა ორივე გუნდის შემადგენლობაში ერთ-ერთი გამორჩეული იყო. ქართველმა შემტევმა 23-ე წუთზე ჯერ თერთმეტმეტრიანი მოიპოვა, რომელიც გოლად მატეო პოლიტანომ აქცია და „ნაპოლი“ დააწინაურა, შეხვედრის მიწურულს კი თანაგუნდელს, ირვინ ლოზანოს გაატანინა და საგოლე გადაცემა ჩაიწერა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ცნობილმა ანალიტიკურმა პორტალმა, SofaScore-მა ორივე გუნდის ფეხბურთელების შეფასებები გამოაქვეყნა. სააგენტოს ვერსიით, ხვიჩა კვარაცხელიას შეფასება 7.6-ია და ამით ის „ნაპოლიში“ ერთ-ერთი საუკეთესოა. მასზე მაღალი შეფასება ორივე გუნდის შემადგენლობიდან არცერთ ფეხბურთელს არ აქვს, მისი მსგავსი ქულები კი მატეო პოლიტანომ და ჯოვანი დი ლორენცომ დაიმსახურეს.
რაც შეეხება ლუკა ლოჩოშვილს, სამწუხაროდ, ქართველ მცველს „კრემონეზედან“ ერთ-ერთი ყველაზე დაბალი შეფასება ერგო - 5.8. ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც ასეთივე შეფასება აქვს, დაცვის ხაზში მისი მეწყვილე და გუნდის კაპიტანი, მატეო ბიანჩეტია, სხვა შემთხვევაში კი ლოჩოშვილის თანაგუნდელებმა მინიმუმ 0.1-ით მაღალი შეფასება დაიმსახურეს.
„ნაპოლის“ მომდევნო შეხვედრა 12 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგაზე „აიაქსის“ წინააღმდეგ, საკუთარ მოედანზე ელის, „კრემონეზე“ კი იტალიის სერია A-ს მე-10 ტურში, „სპეციას“ ესტუმრება.