„მოითხოვენ თამუნა მუსერიძის დაკავებას, რომელმაც თითქოს გენეტიკური ტესტი გააყალბა“ - ნატა ვიბლიანის ადვოკატი „აბსურდული მოთხოვნების“ ჩამონათვალს ავრცელებს

ტარიელ კაკაბაძე

ნატა ვიბლიანის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე აქვეყნებს სხვადასხვა პირების მხრიდან, მის მიმართ გაჟღერებულ მოთხოვნებს, რომელსაც ადვოკატი აბსურდულს უწოდებს.

„ბოლო პერიოდში სხვადასხვა პირების მხრიდან ვიღებ აბსურდულ მოთხოვნებს ნატა ვიბლიანის საქმესთან დაკავშირებით. ვიღებ მოთხოვნებს, რომლებიც სცდება კანონის ჩარჩოებს! მოკლედ და არასრულად მოგახსენებთ ამ აბსურდული მოთხოვნების ჩამონათვალს:

1. პედოფილიის ბრალდებით დაკავება იმ ადამიანების, ვინც ნატა ვიბლიანს ცუდ კომენტარებს წერს.

2. იმ ჩემი კოლეგის დაკავება, რომელიც იცავს ერთ-ერთ პირს, ვისი მხრიდან სავარაუდო დანაშაულის შესახებ ნატა ვიბლიანი საუბრობს.

3. დაკავება თამუნა მუსერიძის, რომელმაც თითქოს გენეტიკური ტესტი გააყალბა.

4. საჩივრის შეტანა და დაკავება 10-ზე მეტი სხვადასხვა ადამიანის სხვადასხვა აბსურდული მუხლებით.

5. სვანეთის და სვანების ლანძღვაში აყოლა და მხარდაჭერა.

6. სხვა წარმოუდგენელი მოთხოვნები, რომელთა გაჟღერება არ მსურს. თუ მე ამ გაუგონარ მოთხოვნებს არ შევასრულებ, დაიწყება ჩემი დისკრედიტაცია და გავრცელდება უკანონო ჩანაწერები ჩემს საწინააღმდეგოდ. მინდა მივმართო საზოგადოებას, რომ მე არ ვშანტაჟდები. არ ვაპირებ სხვების ხუშტურებზე სიარულს და აბსურდული მოთხოვნების დაკმაყოფილებას. ადვოკატობა არ არის ბოროტებისა და ტყუილის სამსახურში ყოფნა. ადვოკატობა არის სიმართლისა და სამართლიანობის სადარაჯოზე ყოფნა! აქვე, ამ ადამიანებს ვპირდები - ყველა უკანონო ქმედებას მოყვება მკაცრი სამართლებრივი პასუხისმგებლობა“, - წერს ტარიელ კაკაბაძე.

✕