მნიშვნელოვანი ინფორმაცია გამოცდებზე გამსვლელი აბიტურიენტებისთვის
1781632774
ილია თოფურია თავს კარგად გრძნობს, - ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური გამოცემა Marca ავრცელებს. Marca წერს, რომ სოციალურ მედიაში ტრავმებისა და შესაძლო ოპერაციის შესახებ გავრცელებული ცნობების მიუხედავად, ილია თოფურია თავს კარგად გრძნობს.
გამოცემის ცნობით, ილია თოფურიას სახეზე ტრავმასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემა არ ფიქსირდება.
გამოცემა „ევროსპორტის“ ჟურნალისტის, ალვარო კოლმენეროს ცნობით, ილია თოფურიამ ვაშინგტონის საავადმყოფო დატოვა.
ჟურნალისტის განცხადებით, თოფურიას ორივე თვალბუდის ძვლის მოტეხილობა აქვს, თუმცა ძვლების ცდომის გარეშე და ოპერაცია საჭირო არ იქნება.
ასევე, გამოცემა წერს, რომ ილია თოფურიას მარჯვენა თვალი მარცხენა თვალზე მეტად აქვს დაზიანებული.
საავადმყოფოში სამედიცინო დახმარების მიღების შემდეგ „მატადორმა“ ინსტაგრამზე განცხადება გაავრცელა, სადაც მეტოქეს გამარჯვება მიულოცა და გულშემატკივრებს დაჰპირდა, რომ უფრო ძლიერი დაბრუნდება.
მიუხედავად კარიერის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მომენტისა, თოფურიამ მეტოქის გამარჯვებას სრული პატივი მიაგო, არ უცდია მარცხის გარე ფაქტორებით ახსნა და აღნიშნა, რომ ბრძოლისთვის სრულ მზადყოფნაში იმყოფებოდა. მისი თქმით, იმ საღამოს გამარჯვება ჯასტინ გეიჯის ეკუთვნოდა.
მანამდე, UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ჯასტინ გეიჯისთან ილია თოფურიას მარცხის შემდეგ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, დანა უაითმა თოფურიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.
„ექიმი არ ვარ, მაგრამ მის თვალს რომ ვუყურებ, ვფიქრობ, შესაძლოა ორბიტა ჰქონდეს გატეხილი, თუმცა ეს ფაქტი არ არის, მხოლოდ ვვარაუდობ“, - აღნიშნა უაითმა.
ცნობისთვის, ილია თოფურიამ, 15 ივნისს, თეთრ სახლში UFC-ს ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. მსუბუქი დივიზიონის (70კგ) საჩემპიონო ბრძოლაში ის ჯასტინ გეიჯის შეხვდა. გამარჯვება ამერიკელს დარჩა.