ხვიჩა კვარაცხელიას მორიგი აღიარება - ქართველი იტალიის ჩემპიონატის ტურის საუკეთესო მოთამაშეა

xvicha kvaracxelia

ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ს მე-18 ტურის საუკეთესო მოთამაშეა – ქართველი თავდამსხმელი საერთაშორისო პორტალმა whoscored.com-მა გამოარჩია.

საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ ლიდერმა ერთ-ერთი მთავარი როლი ითამაშა იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურში კონკურენტ „იუვენტუსთან“ (5:1) გამარჯვებაში – 21 წლის ქართველმა თავდამსხმელმა გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა, პირველი გოლი კი მისი აქტიურობის შედეგად გავიდა.

პორტალმა „ნაპოლის“ ქართველ ლეგიონერს ყველაზე მაღალი შეფასება – 9,8 ქულა დაუწერა, მის თანაგუნდელ ვიქტორ ოსიმენს – 9,4. ასეთი მაღალი ქულა ხვიჩას აქამდე არასდროს მიუღია.

სერია A-ს მე-18 ტურის სიმბოლურ ნაკრებში კვარაცხელიასთან ერთად, „ნაპოლის“ კიდევ სამი მოთამაშე მოხვდა – გუნდის კაპიტანი ჯოვანი დი ლორენცო (7,7), ამირ რაჰმანი (7,8) და ვიქტორ ოსიმენი (9,4).

1tv.ge