ბათუმის „დინამო“ 100 წლისაა

ბათუმის დინამო

საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კლუბი ბათუმის „დინამო“ 100 წლის გახდა. „დინამო ბათუმი“  „დინამო თბილისზე“ ორი წლით ადრე დაარსდა. საფეხბურთო კლუბის შექმნის თარიღად 1923 წელი მიიჩნევა, თუმცა, ფეხბურთის თამაში ბათუმში გაცილებით ადრე დაიწყეს.

ბათუმის პირველი საფეხბურთო კლუბი „ხოლოდნო სლობოდსკაია“ 1911 წელს შეიქმნა. 1914 წლისათვის ბათუმს ათამდე ორგანიზებული და ბევრი მოყვარული გუნდი ჰყავდა. 

1921 წელს ბათუმში რამდენიმე გუნდი შეიქმნა, ხოლო ორი წლის შემდეგ ჩამოყალიბდა ცნობილი „ბდპო“ (ბათუმის ნებაყოფლობითი ხანძარსაწინააღმდეგო საზოგადოება), რომელიც მალე ერთ-ერთი უძლიერესი ქართული გუნდი გახდა. სწორედ ამ გუნდის ბაზაზე დაარსდა მოგვიანებით „დინამო ბათუმი“.

1924 წელს ბათუმურმა გუნდმა ორი შეხვედრა ჩაატარა საქართველოს მაშინდელ გამორჩეულ კლუბ ზიი-სთან (ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტი). ბათუმში სტუმრებმა 1:0 იმარჯვეს, ხოლო თბილისში ბათუმელებმა იგივე ანგარიშით გაიმარჯვეს. იმავე წელს ბათუმში ჩამოვიდა საბჭოთა კავშირის საუკეთესო გუნდი – ხარკოვის ნაკრები, რომელმაც ბათუმელებთან მატჩი 2:2 დაასრულა. ბოლოს ხარკოველები საქართველოს ნაკრებს დაუპირისპირდნენ, რომელშიც მრავლად იყვნენ ბათუმელი ფეხბურთელები. თამაშს იმ დროისთვის არნახულად აუდიტორია, 5 ათასი მაყურებელი დაესწრო და საქართველოს ნაკრებმა 1:0 გაიმარჯვა.

1925 წელს, ბათუმელმა ფეხბურთელებმა ორი ამხანაგური შეხვედრა გამართეს თურქეთში ტრაბზონის ნაკრებთან – პირველი 7:1 მოიგეს, მეორე კი 1:2 დათმეს

 ბათუმის ნაკრები 1927 წელს საქართველოს პირველი ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. გუნდმა სამივე მატჩი მოიგო – თბილისის და ფოთის ნაკრებებთან 2:1, ხოლო სოხუმთან – 3:0.

1928 წელს კი პირველობა თბილისის ნაკრებმა იზეიმა, ხოლო ბათუმელებმა მეორე ადგილი დაიკავეს.

1938 წელს ბათუმელებმა მეორედ მოიპოვეს საქართველოს ჩემპიონის ტიტული.

1939 წელს საკავშირო ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ბათუმის „დინამოელები“ სსრკ პირველობის „ბ“ კლასის გათამაშებაში ჩართეს. 23 ქულით გუნდმა მე-13 ადგილი დაიკავა. შიდა პირველობაზე კი მე-5 ზე გავიდა.

1940 წელს საუკეთესო გუნდის წოდების მოსაპოვებლად ბათუმურმა კლუბმა „დინამო თბილისი“ 3:1 დაამარცხა და მესამედ მოიპოვა ქვეყნის ჩემპიონობა.

1960 იან წლებში „დინამო ბათუმი“ „ბ“ კლასის პირველობაზე გამოდიოდა.

პირველ ლიგაში გადასვლა დინამოელებმა 1983 წლის 12 ნოემბერს შეძლეს, როდესაც შინ სამარის „კრილია სოვეტოვი“ 2:0 დაამარცხეს.

1990-იან წლებში, მას შემდეგ რაც ქართული ფეხბურთი საბჭოთა კავშირისგან გათავისუფლდა და დამოუკიდებლობის გზა აირჩია, „დინამოს“ ყველაზე წარმატებული პერიოდი დაუდგა. გუნდი ერთხელ გახდა საქართველოს ჩემპიონი (2021), ხუთჯერ ვიცე-ჩემპიონი (1998, 2015, 2019, 2020, 2022), ორჯერ ბრინჯაოსმედალოსანი (1997, 2016), ერთხელ საქართველოს თასის გამარჯვებული (1998), ხუთჯერ კი საქართველოს სუპერთასის მფლობელი (1998, 2022).

2018 წლის პირველ მაისს საზეიმოდ გაიხსნა და კლუბს მმართველობაში გადაეცა ანგისის საფეხბურთო ბაზა, რომელი ბათუმის მუნიციპალიტეტმა ააშენა და გუნდმა საკუთარ კედლებში მრავალწლიანი პაუზის შემდეგ ითამაშა.