დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
შემოქმედებითად ასეთი უნაყოფო ორი წელი როდის ჰქონდა, ალბათ, არც კი ახსოვს. როგორც ბევრი ხელოვანი, პანდემიამ კომპოზიტორი რუსა მორჩილაძეც გააჩერა. ამბობს, რომ მორღვეული კომუნიკაციების დროს, სიმღერის დაწერის აზრს ვერ ხედავდა. პლუს ამას, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას მოუნდა.
რუსა მორჩილაძე: - მინდოდა სიმღერების დაწერა, მაგრამ ადამიანებს შორის მოშლილი კომუნიკაციის გამო, ყველა იდეამ დაიძინა. შემოქმედებითად პასიური პერიოდი იყო. სერიოზული იდეა არ გამჩენია.
- რა აკეთე?
- ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები მქონდა და ამას ვაგვარებდი. რამდენიმე ოპერაცია გავიკეთე. იმედია, მოვრჩი ამ ნეგატივს, დამთავრდა ცუდი ისტორიები და ნათელი პერიოდი დაიწყება.
წარმოიდგინეთ, როგორი დროა, ლელა წურწუმიამ დაბადების დღეზე რომ დამპატიჟა, ვკითხე, ვინ მოვა? იცი, რომ კოვიდი გადატანილი აქვს-მეთქი? ერთმანეთთან მიახლოების გვეშინოდა. პირველი კითხვები იყო - როდის გადაიტანე? აცრილი ხარ? დაბუსტული ხარ? და ისტორიების გაგების შემდეგ, მოვიხსენით პირბადეები. დამწყვდეული რომ აიშვებს, ისე ვიყავით. ძალიან ვეფერეთ ერთმანეთს.
იქ ვამბობდით, რაღაც ახალი უნდა დაიწყოს, რომ ადამიანები გამოცოცხლდნენ. ეს მხოლოდ შოუბიზნესს არ ეხება, ყველა სფეროს ვგულისხმობ, თორემ ასე ძალიან უინტერესოა ცხოვრება.
როდესაც ადამიანებს შორის ნორმალური კონტაქტი აღდგება, გეგმებიც თავისთავად დაისახება. ისევ ყველაფერი დაიწყება. მხრებჩამოყრილი არ ვარ. მჯერა, რომ ისევ მოვხალისდებით და ფუსფუსს დავიწყებთ. როდესაც პროფესიონალები გაჩერებულები არიან, მაგ დროს არაპროფესიონალები იკავებენ მათ ადგილს და ეს ძალიან ცუდია. ამიტომ საჭიროა ამოქმედება. როგორც კი პირბადეები მოიხსნება და ჩვენ ერთმანეთის აღარ შეგვეშინდება, საქმეს დავიწყებთ.
- პანდემიურმა პერიოდმა რა დაგიტოვა?
- დამიტოვა იმის შეგრძნება, რომ სწორად უნდა ვიცხოვროთ, სული არ უნდა დავიბინძუროთ. ჩემთვის უფალთან დაახლოების პერიოდი იყო. დაკვირვებული გავხდი ყველა ნათქვამის და ნაბიჯის მიმართ. ურთიერთობა ვისწავლე. ეს გამომწყდევა ტყუილად არ მომხდარა, თავისი მისია ჰქონდა. ჩემი შეგრძნება ასეთია.
ძალიან ცუდია, რომ ადამიანები გაიხლიჩნენ, გახდნენ კატეგორიულები. განსაცდელმა ადამიანები უნდა დააახლოოს. ამ დროს უფრო დააშორა. ამიტომ არ მომწონს არც მეცნიერების და არც არავის დამოკიდებულებები ამ ყველაფერთან.