5 ცალი დაფნის ფოთოლი, შეკარით წითელი ძაფით... - თუ ფიქრობთ ვიღაცამ გაგთვალათ, ეს წაიკითხეთ
1742878427
ქალთა დაცვის ორგანიზაცია "საფარი" 17 წლის გოგოს შესახებ უმძიმეს ისტორიას აქვეყნებს. მათი ინფორმაციით, სექსუალურად და ფსიქოლოგიურად სრულიად ახალგაზრდა ქალზე საქმროს ძმა ძალადობდა. ა
"სამყაროს დაუნდობლობა ძალიან ადრეულ ასაკში ვიწვნიე. მთელი 17 წელი ცხოვრებას ლამაზ ფერებში ვხედავდი და მაბედნიერებდა თითოეული წუთი. სულ ვსწავლობდი და გამომძიებლობაზე ვოცნებობდი. 17 წლის ასაკში ერთი ადამიანი თავდავიწყებით შემიყვარდა. მან მასწავლა სიყვარული და საკუთარი თავის ფასი, რადგან სულ ვსწავლობდი, მეგობრებისთვის დრო არ მქონდა და მათგან გარიყული ვიყავი...
ყველაფერი კარგად იყო, სანამ ჩემი საყვარელი ადამიანის ნახევარძმა გამოჩნდებოდა და ცხოვრებას ჯოჯოხეთად მიქცევდა. ვინც მიყვარდა, როცა ცოლობა შემომთავაზა, ისეთი ბედნიერი ვიყავი, რომ სიხარულით ვერავის ვამჩნევდი... სამყარო ჩემი მეგონა, მაგრამ ვსწავლობდი და დაცდა ვთხოვე, სკოლის დამთავრება მინდოდა.
ღამეებს საუბარში ვათენებდით. ბევრჯერ გვიკამათია, მაგრამ ისევ შევრიგებულვართ...
მაგრამ ბოლოს, როგორც მოგვიანებით გაირკვა, მისმა ნახევარძმამ გვაჩხუბა - ვიღაც გოგო გამოიყენა და მეც სულელმა ვიეჭვიანე. გული მეტკინა, ვეჩხუბე და დავშორდი, თუმცა ისე მიყვარდა, რომ შევურიგდებოდი....
2013 წლის 13 ოქტომბერს, კვირა დილას, ვერ ვისვენებდი და გადავწყვიტე, ტაძარში წავსულიყავი სალოცავად. დედას ვუთხარი, თუ დამაგვიანდა, არ იდარდო, მარტო ყოფნა მინდა, თან იმ დღეს ჩემი ერთადერთი დაქალის გამოცდები იყო და მას შევუვლი-მეთქი...
მოკლედ, კაბა ჩავიცვი ტაძრის გამო, თუმცა ჩემი სტილი ყოველთვის შარვალი იყო... ტაძარი და სკოლა ახლოს იყო იქ რომ შევუხვიე, ერთი უცხო ტიპი შევნიშნე. ვიფიქრე, ვინმეს სტუმარი იყო, თუმცა შევცდი. არ ველოდი, რომ ჩემი შეყვარებულის ნახევარძმა იქნებოდა...
როდესაც სალოცავად შევდიოდი, ჩემი შეყვარებული რეკავდა და არ ვუპასუხე. ისე მტანჯავდა მასთან განშორება, რომ შერიგება მინდოდა და ვიფიქრე, როგორც კი ტაძრიდან გამოვალ, ეგრევე ვუპასუხებ და ვეტყვი-მეთქი, რომ მის გარეშე სუნთქვა მიჭირს და სიცოცხლეზე მეტად მიყვარს, მაგრამ ვინ დამაცადა ბედნიერება...
ისეთი რამ მოხდა, რომ ვერასდროს წარმოვიდგენდი... მოკლედ რომ გითხრათ, ტაძრიდან გამოსვლის შემდეგ ისევ მირეკავდა და მაშინ როცა უნდა მეპასუხა, მისმა ნახევარძმამ ტელეფონი გამომტაცა. როცა მითხრა, შენი შეყვარებულის ნახევარძმა ვარო, შემეშინდა... სახლში წამოსვლა დავაპირე, მაგრამ ის დამემუქრა, თუ შინ წავიდოდი, საღამოს შემატყობინებდნენ, რომ ჩემი შეყვარებული მოკვდებოდა...
ამ სიტყვებზე მოვბრუნდი და დაუფიქრებლად ვუთხარი, მზად ვარ, ყველაფერი გავაკეთო, ოღონდ მას არაფერი დაუშავო-მეთქი... მან მე სანზონაში, ბიძაშვილის სახლში მიმიყვანა. მთელი დღე ვტიროდი. გამაფრთხილა, თუ ჩემი ბიძაშვილი და მისი ცოლი რამეს მიხვდებიან, დაუფიქრებლად მოვკლავ შენს სიყვარულსო...
მეშინოდა, ვკანკალებდი, არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა. გაქცევა გადავწყვიტე და სამწუხაროდ ვერ შევძელი; რკინის კარები იყო და ჩაკეტილი... მოკლედ რომ გითხრათ, იმ ღამეს მან ოთახში შემიყვანა... ვერ წარმოიდგენთ, როგორ მეშინოდა... მთელი დღის მშიერს თავბრუ მეხვეოდა და პირი მიშრებოდა. წყალი ვთხოვე. შიშით ხმას ვერ ვიღებდი. ასე მგონია, ბინის პატრონებმა ყველაფერი იცოდნენ და ხელი შეუწყვეს ამ სისასტიკეში...
მან კარი ჩაკეტა. მომიახლოვდა. ვერ აგიხსნით, რა დამემართა. ხმა ჩამიწყდა შიშით. როცა შემეხო, საშინელი ზიზღი ვიგრძენი. ვთხოვე, რომ არ შემხებოდა და მისი ცოლი ვიქნებოდი და ჩემ მშობლებს ვეტყოდი, რომ უკვე ყველაფერი მოხდა, მაგრამ არ მომისმინა. ის სასტიკი და დაუნდობელი იყო, ციხიდან გამოსული. 6 წელი სასჯელს ადამიანის დაჭრის გამო იხდიდა. ამიტომ შემეშინდა...
ხელებს მიფათურებდა, მისი შეხება სასტიკად მტკენდა გულს, მე ხომ სულით და გულით მხოლოდ დათოს ვეკუთნოდი... მან ჩემზე იძალადა... ვერაფერს მივწვდი, რომ თავში ჩამერტყა... სამჯერ დავკარგე გონება, ყვირილის თავიც არ მქონდა, ისე ცუდად ვიყავი... ვეწინააღმდეგობდი, მაგრამ ვერ დავიცავი მისგან თავი... პატარა ვიყავი, სულ რაღაც 17 წლის...
მან საწადელს მიღწია და გამანადგურა. სულიერ და ფიზიკურ ტკივილს ერთდროულად განვიცდიდი... ბოლოს, როცა ის გააკეთა, რაც უნდოდა, ბევრი სისხლი დავკარგე და უგონოდ დავეცი იატაკზე... შემდეგ გავიდა. როცა შემოვიდა, გათიშული დავხვდი. როცა გონება დავკარგე, დათო მეზმანა, ვითომ სადღაც ვსეირნობდით და მერე ხელი გამიშვა და მიმატოვა.
სწორედ ამ დროს ცივი წყლის გადასხმით იმ ურჩხულმა გონს მომიყვანა... როცა გონს მოვედი, რადგან დათო მომელანდა, გავიღიმე, მაგრამ მალევე დავინახე რეალობა და ვკითხე, ეს მართლა მოხდა-მეთქი? მან მიპასუხა, შენ ჩემი ხარ და მე მეკუთვნიო... ამ სიტყვებზე საშინლად ვიტირე. მან აბაზანაში შემიყვანა და ნახევარი საათი წყლის ქვეშ ვტიროდი შეუჩერებლივ...
იმ დღეს თავის მოკვლა სამჯერ ვცადე... ვენების გადაჭრა მინდოდა და მერე მე-9 სართულიდან გადახტომა, მაგრამ გადავრჩი... მერე დათო იქ მოიყვანა, უთხრა, შენი შეყვარებული ცოლად მოვიყვანეო... ეს საშინელება იყო... მაიძულა, ტყუილი მეთქვა, ვითომ მიყვარდა და ნებით გავყევი... სხვა გზა არ მქონდა.
არ მინდოდა, რომ ძმებს შორის სისხლი დაღვრილიყო... სწორედ ამიტომ ვერაფერი ვთქვი... ვერც მან შეამჩნია ჩემი ჩაწითლებული თვალები და დაიჯერა. იმდენად ლაჩარი აღმოჩნდა, რომ ვერ დამიცვა და არ სცადა, რამე გაერკვია. განადგურებული წავიდა იმ ღამეს; ძალიან ბევრი დაულევია, ქუჩებში უხეტიალია. მე კი იმ ურჩხულმა სოფელში წამიყვანა. მეორე დღეს ჩემი მშობლები უნდა მოსულიყვნენ.
როგორც კი დაეძინა, ეზოში გავედი გაქცევა მინდოდა, მაგრამ სად წავიდოდი? ღამით სად ვიყავი ეგეც არ ვიცოდი...
ის ღამე გარეთ ეზოში გავათენე. ყინვაში და ტირილში ჩამეძინა იქვე, კართან... დილას იმ ურჩხულმა რომ ვერ მნახა ოთახში, ძებნა დამიწყო და გარეთ გაყინული მიპოვა. შემიყვანა. მაღალი სიცხე მქონდა და ძლივს დამიწია ძმრით... ვბოდავდი, დათოს სახელს ვიმეორებდი, - ასე მითხრა...
მერე გონს მოვედი და მალევე ჩემი მშობლები მოვიდნენ... მან დედასთან მარტო დარჩენის საშუალება არ მომცა. იძულებული ვიყავი, მათთვისაც ტყუილი მეთქვა, თორემ მათაც დახოცავდა - ასე დამემუქრა, და მეც ისეთი სასოწარკვეთილი ვიყავი, მეშინოდა... ისინი დარწმუნდნენ, რომ კარგად ვიყავი... როგორ მინდოდა, წავეყვანე, მიმხვდარიყვნენ...
მარტო რომ დავრჩენილყავით, აუცილებლად ვეტყოდი დედას, მაგრამ როცა მე და დედა განვმარტოვდით ოთახში, ის ფანჯარასთან მოვიდა და მანიშნა, ხმა არ ამომეღო და დანა მაჩვენა... მოკლედ, ჩემი მშობლები წავიდნენ... მე იმდენი სისხლდენა მქონდა, რომ მთელი დღეები არ მიწყდებოდა. ამიტომ ვერ მეხებოდა, საბედნიეროდ...
მერე შეეშინდა და საავადმყოფოში წამიყვანა.
ექიმი დასკვნას მაძლევდა, რომ ეს გაუპატიურება იყო, მაგრამ ისევ მე უარვყავი, ისევ მეშინოდა, და ეგ შანსიც დავკარგე. თუმცა, კარგი ის იყო, რომ ექიმმა სამი კვირა აუკრძალა ჩემთან სექსუალური ურთიერთობა...
იმ ურჩხულმა იცით სად წამიყვანა? ალბათ არც დაიჯერებთ... მან დათოსთან მიმიყვანა სახლში სპეციალურად, რომ ის დაეტანჯა.
განა არ გაიქცა დათო სახლიდან, იქ რომ მნახა... ლამის გაგიჟდა, უნდოდა, შარი აეკიდებინა და ციხეში წასულიყო. გიჟდებოდა, ძლივს დააწყნარეს. მერე სიმართლის გაგება სცადა. ისე მოხდა, რომ ნასვამი იყო ის ურჩხული და დაეძინა. მითხრა, ახლა მაინც თქვი სიმართლე, ასე რატომ მომექეციო. მე ისევ მოვატყუე. ისევ ეს წყეული შიში! მან მითხრა, შენთვის მკვდარი ვარ და ჩემგან შორს დაიჭირე თავიო...
ამ სიტყვებმა უფრო მეტად გააღრმავა ჩემი ჭრილობა. ერთი თვე ერთ ჭერქვეშ ვცხოვრობდით და არაფრის უფლება არ მქონდა, ან შემეხედა, ან დავლაპარაკებოდი... ეს საშინელი ტანჯვა იყო... გამუდმებით ვტიროდი...
დათო შუადღეს მოდიოდა ხოლმე შინ. მუხლებზე თავს დადებდა, სიგარეტს ეწეოდა, მე კი შორიდან ვუყურებდი მის ტანჯვას...
ბოლოს ვცადე, სიმართლე მეთქვა. გავბედე, მაგრამ ამ დროს იმ ურჩხულმა შემოგვისწრო და ვერ ვუთხარი...
ამის გამო მან ჩემზე მეორედ იძალადა. მერე კახეთში წამიყვანა და მანამ ეზოდან გავიდოდი მის თვალებს რა დამავიწყებს, როგორ განადგურებული და გაურკვევლობაში დარჩა თვალს მანამ ამოვეფარებოდი, იქამდე მიყურებდა...
კახეთის მერე ისევ თბილისში წამომიყვანა, სადღაც სარდაფის ბინაში. იქ დაიწყო ნამდვილი ტანჯვა. იქ ყოველღამე ჯოჯოხეთი იყო. თან ისე ციოდა, ფანჯრიდან მზის სხივიც კი არ აღწევდა. არც ტელეფონი მქონდა, არც ტელევიზორი... თან აზარტულ თამაშებს თამაშობდა... ღამე ძალადობდა, დღე კი სულ ვტიროდი. კარებს გარედან კეტავდა, რომ არ გავქცეულიყავი. თავის მოკვლა კიდევ ორჯერ ვცადე.
გულის წამლები მივიღე დიდი რაოდენობით და არაყი დავაყოლე და მაგით გადავრჩი - არ ვიცოდი, თუ არაყი ანეიტრალებდა... მეორედ კი ოთახის კარი ღია დარჩა და შუაღამისას სახლიდან გავიქეცი. არ ვიცოდი, სად მივდიოდი. ერთმა ტაქსისტმა გააჩერა მანქანა და მკითხა, სად მიდიხართო. მოვატყუე, აქვე მივდივარ-მეთქი, მაგრამ უკან გამომყოლია. მან გადამარჩინა.
ქუჩებში მათხოვრულად ჩაცმული ვხეტიალობდი და არ ვიცი, ნაძალადევიდან როგორ მოვხვდი შუშის ხიდამდე... გადახტომა ვცადე, მაგრამ ტაქსისტმა გადამარჩინა... მას დათომდე მივაყვანინე თავი, მისი ტელეფონით დავურეკე. გამოვიდა სასოწარკვეთილი. გაყინული ჩავეხუტე და გავბედე, სიმართლე ვუთხარი, მაგრამ დავაფიცე, რომ არაფერს დაუშავებდა და ძმებს შორის სისხლი არ დაიღვრებოდა. მანაც დაიფიცა. გაოგნებული მისმენდა.
ორივე ვტიროდით... არ ვიცოდით, რა გაგვეკეთებინა. მან გაქცევა შემომთავაზა, მაგრამ მე ვერ დავთანხმდი დედის გამო და დავშორდი, თუმცა საშინელება იყო მისი დაკარგვა... სწორედ მან მომცა ძალა, დედასთვის მეთქვა ყველაფერი მაშინ, როცა ერთ დღეს ტელეფონი დარჩა, რადგან სამუშაოზე ჩქარობდა.
ასე დავაღწიე იმ ჯოჯოხეთს თავი და წამიყვანეს სახლში, მაგრამ სულ მეშინოდა, ფსიქიკური აშლილობა დამეწყო, სტრესი და დეპრესია მქონდა... ორი თვე ოთახიდან არ გავდიოდი, ჩამობნელებულ ოთახში ვიყავი, საშინლად ვიტანჯებოდი. ის ურჩხული არ გაჩერებულა და კიდევ ბევრჯერ სცადა ჩემი ცხოვრების განადგურება.
თუმცა ამ ამბებს ახლა აღარ აღვწერ.
მხოლოდ იმას გეტყვით, რომ მე ერთმა ადამიანმა სამუდამოდ მიხსნა მისი კლანჭებიდან და სიკვდილს გადამარჩინა. დღეს მასთან ვარ და 3 წლის შვილი მყავს. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ მე იმ ყველაფრის შემდეგ, რაც 2 წელიწადში გადავიტანე, შვილი მეყოლებოდა... რაც გიამბეთ, ეს ისტორია 4 თვის მანძილზე გრძელდებოდა..." - წერს ძალადობა განცდილი ქალი.
ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია "საფარი" ძალადობის მსხვერპლ და პოტენციურ მსხვერპლ ქალებს მიმართავს:
თუ მოულოდნელად ძალადობრივ სიტუაციაში აღმოჩნდი, გადმოწერილი გქონდეს მობილური აპლიკაცია Safe You. მისი მეშვეობით, შენ შეძლებ ერთი ღილაკის დაჭერით დახმარება სთხოვო მეგობრებს, პოლიციას, არასამთავრობო ორგანიზაციების იურისტებს. გადმოიწერე აპლიკაცია და იყავი დაცული!
Android: https://bit.ly/318nSsl