„მე არ ვიცი იქ რა მოხდა, მაგრამ ნამდვილად ვიცი, რომ ბოლო წუთამდე იბრძოდა“ - ზაზა ლორიას მეუღლის პირველი კომენტარი

ზაზა ლორია

დღეს გუდაურში პარაპლანი კლდეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად დაშავდა პარაპლანისტი, ტურისტი კი დაიღუპა.

კატასტროფა განიცადა სამაშველო ვერტმფრენმაც, რომელიც დაშავებულების მოსაძებნად წავიდა. 

ვერტმფრენმა მართვა დაკარგა, ჩამოვარდა და აფეთქდა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ბორტზე მყოფი რვა ადამიანი: ეკიპაჟის 4 წევრი, 2 მაშველი და 2 მედიკოსი.

ზაზა ლორია ვერტმფერნის პილოტი გახლდათ. გარდაცვლილის ქვრივმა პირველი კომენტარი გააკეთა. 

„დამირეკა, ერთ საათში უნდა ჩამოვიდე და დამხვდიო. ახლაც ველოდები. საშინელი ტრაგედია მოხდა. განა მარტო ჩემს ქმარს ვტირი, მე ვტირი იმ ბიჭებს, ვინც შეეწირა - დანარჩენი მფრინავები, მაშველები, ექიმები. ძალიან ბევრი ადამიანი ჰყავს გადარჩენილი და დღეს ამას შეეწირა. ყოველთვის სადარაჯოზე იყო, ყოველთვის მზად იყო. სამსახურშიც ამბობდნენ, ზაზა რომ გაფრინდა, მშვიდად ვიქნებით, ზაზა რომ მიფრინავს, ყველაფერი კარგად იქნებაო. შვებულებაში იყო, მაგრამ მისთვის შვებულებაც არ არსებობდა. ბედნიერ წლები გავატარეთ, ბედნიერი ვიყავი, რომ ზაზა ლორიას მეუღლე ვიყავი. ყოველთვის ვამაყობდი, იყო ყოველთვის თავმდაბალი, სიკეთის განსახიერება. ყველას გადამრჩენელი, მაშველი, კარგის მეტის თქმა არ შემიძლია, საუკეთესო მეგობარი, საუკეთესო მეუღლე, საუკეთესო მამა, ბაბუა. ძალიან მიჭირს და მიმძიმს მე ამის წარსულში ლაპარაკი. მე არ ვიცი იქ რა მოხდა, მაგრამ ერთი ის ვიცი, რომ ყველაფერს გააკეთებდა, რომ გადაერჩინა საკუთარი თავი და ყველა. ნამდვილად ვიცი, რომ ბოლო წუთამდე იბრძოდა, იმიტომ რომ პირველი შემთხვევა არ იყო“. - თქვა '„TV პირველთან საუბრისას თამარ ასანიშვილმა.