საზოგადოება • 1719230340
ნათია თოდუა ქმარსა და შვილთან ერთად საქართველოშია. თვეზე მეტია რაც ნათია თოდუას მამა გარდაიცვალა და როგორც მომღერალი „თბილისელებს“ უმხელს, ამ ამბავს ვერ ეგუება:გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:„როცა მამას დიაგნოზი დაუსვეს, პირველ რიგში, ის ვიფიქრე, რომ გერმანიაში წავიყვანდი. ჩემი გერმანელი მამობილი, ორი წლის წინ გარდაიცვალა. მასაც სიმსივნე ჰქონდა, პროფესიით ექიმი იყო. მის კოლეგებს ჩემი არცერთი შოუ არ გამოუტოვებიათ. დღემდე ჩემს ძალიან ერთგულ გულშემატკივრებად რჩებიან და მათ მივმართე დახმარებისთვის. მამას ანალიზების პასუხები რომ ნახეს, მითხრეს, რომ ფრენაში დრო არ დაგვეკარგა, რომ უბრალოდ, მაქსიმალურად მის გვერდით ვყოფილიყავი. მომიწია ამ რეალობასთან შეგუება. მოვკიდებდი შვილს ხელს და ჩემს მეუღლეს ყოველდღე მამასთან მივყავდით. მამა ჰუგოს პირად ექიმს ეძახდა. შვილიშვილს რომ დაინახავდა, ავიწყდებოდა საკუთარი დიაგნოზი. იმ დღეების გახსენება მეც ძალიან მეხმარება ამ ტკივილის გადატანაში. რომ გაიგო, რა სჭირდა, ჰუგოსთან თამაშისას ამბობდა ხოლმე, ეს როგორ დამემართა, როგორ შევეგუო შვილებთან და შვილიშვილებთან განშორებასო.ალბათ, ყველაზე დიდი სასჯელია, როცა ხვდები, რომ გარკვეული დრო გაქვს და საყვარელ ადამიანებს უნდა გამოეთხოვო. ადამიანებმა თავიდანვე ვიცით, რომ როგორც მოვედით, ოდესმე ისე წავალთ, ამას ვერ შეცვლი, მაგრამ ყველაზე დიდი საშინელებაა, როცა თითქოს, ქვიშის საათს შეჰყურებ და ის შენი სიცოცხლის დღეებს გითვლის.სანამ აპარატზე შეაერთებდნენ, მივუსწარი და ვნახე. უკვე გონს აღარ იყო, მაგრამ მისი ხელი მეჭირა და თითქოს, დამშვიდობება მოვახერხე.ოცნებობდა მისთვის ჩამეწერა სიმღერა, რომელიც სტუდენტობის დროს დაწერა, რაც ვერ მოვახერხე. ორმოცამდე აქ ვაპირებ ყოფნას და როგორც კი ძალას მოვიკრებ, პირველი, რასაც გავაკეთებ, ამ სიმღერის ჩაწერა იქნება, მას, რა თქმა უნდა, მამას მივუძღვნი.მამას ძალიან უყვარდა მუსიკა, მაგრამ მას მუსიკალური განათლება არ ჰქონია, რომ უფრო მეტი შეექმნა. ამის გამო დანაკლისის განცდა ტანჯავდა. ჩემი ყოველი გამოსვლა მისთვის დიდი ზეიმი იყო. მეუბნებოდა, ჩემს თავს ვხედავ შენში, შენ ამიხდინე ის ოცნებები, რომელიც მთელი ცხოვრება მქონდაო. ჩემსა და მას შორის განსაკუთრებული კავშირი იყო. სამი დედმამიშვილი ვართ, მამას ყველასთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ ჩვენ მუსიკა კიდევ სხვანაირად გვაკავშირებდა.რაც მეტი დრო გადის, მით უფრო მეტად ვაანალიზებ დანაკარგის სიმძიმეს. თავიდან, თითქოს, შოკის მომენტი გაქვს ადამიანს, მერე აუცილებელი ვალდებულებებისთვის გიწევს თავის გართმევა. პირველი პერიოდი იმდენი საფიქრალი გაქვს, თითქოს სრულად ვერ იაზრებ, რომ შენ მას ვეღარასოდეს ნახავ... როდესაც რეანიმაციაში იწვა, ყოველ წუთს ველოდით, რომ დარეკავდნენ და გვეტყოდნენ, რომ გარდაიცვალა, მაგრამ მაინც იმედი მქონდა, რომ სადღაც ცოცხალი იყო და მისი ნახვა შემეძლო.ცხოვრება გრძელდება და როგორი მტკივნეულიც არ უნდა იყოს რეალობა, მას ფეხს უწყობ. ყველაზე ცოდო ის ადამიანია, ვინც ამ ქვეყნიდან მიდის. ჩვენ ძალიან დიდ ტკივილს განვიცდით, მაგრამ ასე თუ ისე, ცხოვრებას ვაგრძელებთ. ასეთია კანონზომიერება. უფლება არ გაქვს სხვანაირად მოიქცე. ძალიან მაბრაზებს ამაზე ფიქრი – თითქოს, ადამიანი ძალიან ეგოისტია, თითქოს, გარემოებებიდან გამომდინარე, იმის უფლებაც არ გაქვს, იგლოვო, თორემ, ცხოვრება გვერდით ჩაგივლის. თავი ხელში უნდა აიყვანო და სიცოცხლის გაგრძელებისთვის იბრძოლო,- ამბობს ნათია ჟურნალ „თბილისელებთან“.