პარლამენტის ფოიე

პოლიტიკა • 1790682635

პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, ერთიანი, 100 000-ლარიანი ზღვრის დაწესების შესახებ, რომლის ფარგლებში ფიზიკური პირი ქონების გადასახადისგან სრულად თავისუფლდება

საქართველოს პარლამენტმა, პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 82 ხმით მხარი დაუჭირა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებას.კანონპროექტით უქმდება მოქმედი მრავალსაფეხურიანი სისტემა (40 000-ლარიანი ზღვარი და შესაბამისი განაკვეთები) და დგინდება ერთიანი, 100 000 ლარის ოდენობის შემოსავლის ზღვარი, რომლის ფარგლებშიც ფიზიკური პირი სრულად თავისუფლდება ქონების გადასახადისგან.აღნიშნული ცვლილება ვრცელდება იმ ქონების გადასახადზე, რომლის დეკლარირება „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ შესაბამისად 2026 წელს უნდა განხორციელდეს.მომხსენებლის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, პაატა კვიჟინაძის განცხადებით, ცვლილება 81 ათას ოჯახს შეეხება.საკანონმდებლო ცვლილება ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე.

პაატა კვიჟინაძე

პოლიტიკა • 1790670580

პაატა კვიჟინაძე ქონების გადასახადის ცვლილებაზე: ჩვენი მთავარი მიზანია, რომ მცირე შემოსავლის მქონე მოსახლეობას ქონების გადასახადი არ ჰქონდეს

ჩვენი მთავარი მიზანია, რომ მცირე შემოსავლის მქონე მოსახლეობას ქონების გადასახადი არ ჰქონდეს, - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ.დეპუტატი ქონების გადასახადში ცვლილებებს გამოეხმაურა, რომელიც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.„კანონპროექტი ეხება 81 000 ოჯახს, 100 ათასობით ადამიანს და 22 მილიონი ლარი იქნება შეღავათი. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ მცირე შემოსავლის მქონე მოსახლეობას ქონების გადასახადი არ ჰქონდეს“, - განაცხადა კვიჟინაძემ.

შეხვედრა

პოლიტიკა • 1790147965

ზურაბ აბაშიძემ საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომას უხელმძღვანელა

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ ქობულეთის მუნიციპალიტეტში აღმასრულებელი საბჭოს გასვლითი სხდომა გამართა. შეხვედრას ასოციაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე უძღვებოდა.სხდომაზე ა.თ.ე.ა-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო რუხაძემ საბჭოს ახალი სერვისების დანერგვის ინიციატივა გააცნო, რომლებიც მუნიციპალიტეტების პირველ პირებთან მიმდინარე კონსულტაციების საფუძველზე ადგილობრივი საჭიროებების გათვალისწინებით განისაზღვრება.ასოციაციის ხელმძღვანელის განცხადებით, მერების უმრავლესობა სრულად იზიარებს დაგეგმილი სერვისების აუცილებლობას და მათ ადგილობრივი გამოწვევების ეფექტიან ინსტრუმენტად მიიჩნევს.ამ ინიციატივის მნიშვნელობაზე ისაუბრა ასოციაციის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ.„დავსახეთ არაერთი გეგმა, თუ როგორ გაუმჯობესდება სერვისების მიწოდება თითოეულ მუნიციპალიტეტში. მნიშვნელოვანია ის, რომ თვითმმართველობა ყოველდღიურად ძლიერდება და სწორედ ეს არის მთავარი გზავნილი მოსახლეობისთვის“, -  განაცხადა ზურაბ აბაშიძემ. საბჭოს წევრებმა წარდგენილი გეგმა დადებითად შეაფასეს. როგორც შეხვედრაზე ითქვა, მუნიციპალური საჭიროებების უკეთ ასახვის მიზნით კონსულტაციების პროცესი ამ ეტაპზეც აქტიურად გრძელდება.სხდომაზე განიხილეს ასევე რამდენიმე მნიშვნელოვანი ინიციატივა და საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხი. მათ შორის ა.თ.ე.ა-სა და UN Women-ის პარტნიორობით ADA-ს მხარდაჭერით ინიცირებული პროექტი, რომელიც დმანისსა და კასპში ინტეგრირებული ზრუნვის საპილოტე ჰაბების დაფუძნებას ითვალისწინებს.საბჭომ მხარი დაუჭირა ა.თ.ე.ა-სა და სომხეთის თემთა გაერთიანებას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებას, რაც მუნიციპალური კადრების პროფესიულ განვითარებას, საგრანტო შესაძლებლობების გაზიარებას, ერთობლივ პროექტებსა და ინოვაციური მიდგომების დანერგვას მოიცავს.

მაკრონი კარნი

პოლიტიკა • 1790005960

ემანუელ მაკრონმა მხარი დაუჭირა წინადადებას, რომ კანადა ევროკავშირის პირველი ასოცირებული წევრი გახდეს

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მხარი დაუჭირა წინადადებას, რომ კანადა ევროკავშირის პირველი ასოცირებული წევრი გახდეს. ამის შესახებ მან კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნისთან შეხვედრისას განაცხადა. ინფორმაციას „ასოშიეთედ პრესი“ ავრცელებს.„ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს ევროკავშირთან უფრო მჭიდრო კავშირების დამყარებას, როგორც ევროკავშირის ასოცირებული წევრის სტატუსით, როგორც ეს ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, ასევე ევროპული საზოგადოების სრულუფლებიანი წევრის რანგში“, – განაცხადა მაკრონმა.„კანადასა და საფრანგეთს შორის, მათ უახლოეს წერტილებში, მხოლოდ რამდენიმე კილომეტრია. ჩვენი ღირებულებები კი კიდევ უფრო ახლოსაა“, – განაცხადა კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ ფრანგულ ენაზე.მედია აღნიშნავს, რომ ლიდერები სენ-პიერისა და მიკელონის კუნძულებზე შეხვდნენ ერთმანეთს, საფრანგეთის ტერიტორიაზე, რომელიც ნიუფაუნდლენდის სანაპიროსთან მდებარეობს და სადაც საფრანგეთსა და კანადას ერთმანეთისგან მხოლოდ რამდენიმე კილომეტრი აშორებს.კარნის განცხადებით, ქვეყნები თავიანთ კოსმოსურ სააგენტოებსა და თავდაცვის სამინისტროებს დაავალებენ, შეიმუშაონ და გააზიარონ ინფრასტრუქტურა, მათ შორის, გაშვების სისტემები და მიწაზე განთავსებული მიმღები ინფრასტრუქტურა. მხარეები ასევე შეთანხმდნენ, გააფართოონ თანამშრომლობა ენერგეტიკის, ტელეკომუნიკაციების, კლიმატის ცვლილებისადმი მდგრადობისა და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით.ცნობისთვის, 16 სექტემბერს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნისთან თანამშრომლობას გეგმავს, რათა კანადა ევროკავშირის პირველი ასოცირებული წევრი გახდეს.

საპროცედურო კომიტეტი

პოლიტიკა • 1789734490

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მაია ბითაძის ადგილმონაცვლის, ქეთევან ხუროძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა პარლამენტის გამოკლებული წევრის, მაია ბითაძის ადგილმონაცვლის, ქეთევან ხუროძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხი განიხილა.როგორც საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მოწოდებული მასალების საფუძველზე, მიზანშეწონილია, რომ პარლამენტმა სცნოს ქეთევან ხუროძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილება.კომიტეტის წევრებმა განხილულ საკითხს მხარი დაუჭირეს.მაია ბითაძე პრემიერ-მინისტრის ბრძანებით კულტურის მინისტრად დაინიშნა, რაც პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობაა. აქედან გამომდინარე, პარლამენტმა 16 სექტემბერს მაია ბითაძეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტა.

იურიდიული კომიტეტი

პოლიტიკა • 1789733306

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ირაკლი შატაკიშვილი აირჩიეს

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ირაკლი შატაკიშვილი აირჩია.ირაკლი შატაკიშვილის კანდიდატურა, პარლამენტის რეგლამენტის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ წარადგინა.იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, დღევანდელ სხდომაზე, მეორე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონში ცვლილებას, თანმდევ პროექტებთან ერთად.საკანონმდებლო ცვლილებით, აღსრულების პოლიციის სამმართველო გარდაიქმნება აღსრულების პოლიციის დეპარტამენტად. ამასთან, აღნიშნული დეპარტამენტის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეები – აღსრულების პოლიციელები ისარგებლებენ ადეკვატური შრომის ანაზღაურებისა და სათანადო სოციალური დაცვის სამართლებრივი გარანტიებით.კანონპროექტის ავტორია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, ინიციატორი კი - საქართველოს მთავრობა.

შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა • 1789723268

შალვა პაპუაშვილი: რაც შეეხება კენჭისყრის დროს შეცდომით მხარდაჭერას, ეს საპარლამენტო ცხოვრების თანმდევი მოვლენაა, ასეთი რამ ხდება, როდესაც მიდის კენჭისყრა - მეორე დღეს ავირჩიეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი თამაზ ბორაშვილი და მათ წითელ ღილაკს არ დააჭირეს ანუ ჩვენ დავასკვნათ ახლა, რომ გახარიას პარტიამ მხარი დაუჭირა ამ კანდიდატურას?

 რაც შეეხება კენჭისყრის დროს შეცდომით მხარდაჭერას და ასე შემდეგ, ეს საპარლამენტო ცხოვრების თანმდევი მოვლენაა, ასეთი რამ ხდება, როდესაც მიდის კენჭისყრა, მათ შორის, განსაკუთრებით როცა შეიძლება, ოპოზიციის მხრიდან იყოს კანონპროექტი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უმრავლესობის წევრების მიერ „გახარია საქართველოსთვის“ ფრაქციის ინიციირებული საკანონმდებლო ცვლილების მხარდაჭერას კენჭისყრისას.შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ გახარიას პარტიას პარლამენტში სულ 2-3 საკითხი აქვს კენჭისყრაზე გატანილი.„რაც პარლამენტში არიან, გახარიას პარტიას ვგულისხმობ, მგონი სულ 2-3 საკითხი იყო კენჭისყრაზე გამოტანილი და ხშირად არ ხდება, რომ მათი კანონპროექტები არის [კენჭისყრაზე გატანილი].ასეთი რაღაცები ხდება და პირველად არ მომხდარა. უბრალოდ, ახლა გახარიას ფანტაზიორობის მსხვერპლი ხართ თქვენ იმიტომ, რომ გახარია და ხაზარაძე შეთანხმდნენ, რომ სამი დღე უნდა ილაპარაკონ ამ ფანტაზიორობაზე.შეიძლება, უყურადღებობა იყოს - იყო კანონპროექტები, რომლებიც იყო ინიციირებული „ქართული ოცნების“ მხრიდან, შემდეგ იყო მათი კანონპროექტი და შემდეგ ისევ მოდიოდა ჩვენი კანონპროექტები, ანუ შუაში იყო მათი კანონპროექტი და შეიძლება, იქ ადამიანმა ყურადღება ვერ მიაქციო, კონკრეტულად რომლის კენჭისყრა ხდება. სხვათა შორის, მე ვაფრთხილებ კიდეც, რომ ყურადღება მიაქციონ და შეცდომით არ მოხდეს [ხმის მიცემა], მაგრამ ყოველთვის ყურადღება რა არის ხოლმე დარბაზში. ასე რომ ასეთი რაღაცები ხდება, ოპოზიციასაც ეშლება, უმრავლესობასაც შეიძლება, შეეშალოს, უყურადღებობა შეიძლება იყოს და ასე შემდეგ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.მან ასევე გაიხსენა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურის განხილვისას გახარიას პარტიის წარმომადგენლებს წითელ ღილაკზე ხელი არ დაუჭერიათ.„„წინააღმდეგს“ რატომ არ დააჭირესო. ჩვენ მეორე დღეს ავირჩიეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი თამაზ ბორაშვილი და მათ წითელ ღილაკს არ დააჭირეს ანუ ჩვენ დავასკვნათ ახლა, რომ გახარიას პარტიამ მხარი დაუჭირა ამ კანდიდატურას? ამ ადამიანების მთელი პრობლემა ის არის, რომ ფანტაზიორობენ. ვხედავთ, რომ გახარიას პარტიისა და ხაზარაძის ტელევიზიის გარდა ამ საკითხით არავინაა დაინტერესებული იმიტომ, რომ აბსოლუტური სისულელეა. იყვნენ ბედნიერები და თქვან, მხარი დაგვიჭირესო - „ქართულმა ოცნებამაც“, „ხალხის ძალამაც“.რაც შეეხება შეფასებას, კანონპროექტის განხილვის ერთ-ერთი ნაწილია ფრაქციების გამოსვლა, „ქართული ოცნების“ სახელით გამოვიდა არჩილ გორდულაძე პროექტის განხილვის შემდეგ და მიწასთან გაასწორა ეს კანონპროექტი“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

პაპუაშვილი

პოლიტიკა • 1789717229

ნამახვანჰესის ისტორია არის ყველაზე კარგი დასტური იმისა, რომ გამჭვირვალობის კანონი არის ყველაზე ქართული კანონი, რაც კი მიიღო პარლამენტმა ბოლო წლებში - შალვა პაპუაშვილი

 ეს არის კიდევ ერთი დადასტურება იმ ჭეშმარიტებისა, რაც ისედაც ხელის გულზე დევს, რომ თანამედროვე სამყაროში სულ უფრო მზარდია ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა ჰიბრიდული მეთოდებით და ამგვარ მეთოდებში შედის მათ შორის დაფინანსება ერთი ქვეყნის, ან პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან მეორე ქვეყანაში საკუთარი ინტერესების გატარებისა, ასე რომ ეს ყველაზე ადრე დაინახა აშშ-მ, ჯერ კიდევ რამდენიმე ათეული წლის წინ და მოაწესრიგეს ფარას კანონით, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, რითაც უპასუხა „ფარა“-ს რეგულაციების გამკაცრების შესახებ დასმულ კითხვას.ამ კონტექსტში საუბრისას პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ გამჭვირვალობის კანონი არის ყველაზე ქართული კანონი, რაც ბოლო წლებში პარლამენტმა მიიღო.„ეს არის ჭეშმარიტება, რომლის შემოტრიალება სცადა ბრიუსელმა და სხვათა შორის აშშ-ის წინა ადმინისტრაციამაც. აშშ-ის ყოფილმა ელჩმა აბსოლუტურად ყალბი კამპანია აწარმოვა და შეგახსენებთ, რომ ყველაზე ქართულ კანონს, ქალბატონმა დეგნანმა დაარქვა რუსული კანონი და ეს პროპაგანდისტული ნარატივი მათივე დაფინანსებული ენჯეობის საშუალებით სცადეს, რომ საზოგადოებაში დაემკვიდრებინათ. მაგრამ ნახეთ, საბოლოო ჯამში საზოგადოებამ რა პასუხიც გასცა ამ ყალბ ნარატივს. ჩვენ 2024 წელს მივიღეთ ყველა შესაბამისი კანონმდებლობა და ასე გავედით არჩევნებზე და ეს ეს არჩევნები, რომლებიც თავად გამოაცხადეს რეფერენდუმად, ამ რეფერენდუმზე ქართველმა ხალხმა, მილიონ ას ოცმა ათასმა ადამიანმა მხარი დაუჭირა ყველა ამ კანონს, რომელიც ემსახურება ქართველი ხალხის ინტერესებს.ამ დღეებში შეგვახსენეს ნამახვანჰესის თემა, სადაც ჯერ კიდევ მიმდინარეობს სასამართლო პროცესები და არის რისკი, რომ 400 მლნ დოლარი დაეკისროს საქართველოს, კომპანიის სასარგებლოდ, რომელიც ფაქტობრივად აქედან გააგდო უცხოეთიდან დაფინანსებულმა აგენტურამ. გარდა იმისა, რომ საქართველომ მიიღო ზიანი, რომ ეს მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტი არ განხორციელდა, დამატებით საქართველოს ბიუჯეტიდან შეიძლება მიგვიწიოს ანაზღაურება იმ ზიანისა, რომელიც მიაყენეს მათ უცხოურმა დაფინანსებულმა ორგანიზაციებმა.ამ კამპანიას მაშინ კურირებდა სამი არასამთავრობო ორგანიზაცია - მწვანე ალტერნატივა, სოციალური სამართლიანობის ცენტრი და საია, სამივე დაფინანსებული ბრიუსელიდან და რამდენიმე სხვა წყაროდან დღეს ყველამ იცის, რომ იყო აბსოლუტური ფარსი რაც მოაწყვეს მაშინ, რათა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტი ჩაშლილიყო. ასე რომ, ნამახვანჰესის ისტორია არის ყველაზე კარგი დასტური იმისა, რომ გამჭვირვალობის კანონი არის ყველაზე ქართული კანონი, რაც კი შეიძლება მიიღო პარლამენტმა ბოლო წლების განმავლობაში, ვინაიდან ქართულ ინტერესებს ემსახურება. რაც ჩაიდინეს ბრიუსელიდან დაფინანსებულმა ხალხმა და ჩაშალეს ყველაზე მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტი, ასეთი მავნებლობა ვეღარ მოხდება“, - აღნიშნა პაპუაშვილმა

კი

პოლიტიკა • 1789621431

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ სენატორ ლინდსი გრემის მიერ რუსეთის წინააღმდეგ შემუშავებულ სანქციებს მხარი დაუჭირა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ფართო პაკეტი დაამტკიცა, რომელიც რუს მაღალჩინოსნებსა და ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვან სექტორებს შეეხება. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.კანონპროექტი ახლა აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს გადაეგზავნება ხელმოსაწერად.სანქციების მიზანია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ ომის გასაგრძელებლად საჭირო ფინანსურ რესურსებზე წვდომა შეუზღუდოს. კანონპროექტი სანქციებს უწესებს რუსეთის მაღალჩინოსნებსა და ბანკებს, ასევე ე.წ. ჩრდილოვან ფლოტში შემავალ ტანკერებს, რომლებიც რუსეთის ენერგორესურსების საერთაშორისო ბაზრებზე გატანას უზრუნველყოფენ.კანონპროექტს სამხრეთ კაროლინის შტატის გარდაცვლილი სენატორის ლინდსი გრემის სახელი ეწოდა, რომელმაც ის შეიმუშავა და ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მოლაპარაკებებს აწარმოებდა. წარმომადგენელთა პალატამ დოკუმენტს მხარი 262 ხმით 159-ის წინააღმდეგ დაუჭირა, იუწყება სააგენტო.როგორც სააგენტო იუწყება, კანონპროექტის მიღება ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ უკრაინის მხარდაჭერის მიმართულებით ყველაზე მასშტაბურ ნაბიჯად მიიჩნევა და სანქციების საკითხზე თითქმის ორწლიან ჩიხს არღვევს. კონგრესმა უკრაინისთვის ბოლოს 2024 წელს საგანგებო დახმარების პაკეტი დაამტკიცა.კანონპროექტის მიღებას აქტიურად უჭერდა მხარს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელმაც გასულ თვეში, სენატში დოკუმენტის დამტკიცებამდე ცოტა ხნით ადრე, სენატორებს პირდაპირ მიმართა.კანონპროექტი ტრამპს ავალდებულებს, რუსეთის ნავთობის ან ბუნებრივი აირის ხუთ უმსხვილეს იმპორტიორ ქვეყანას 100%-მდე ტარიფები დაუწესოს. გამონაკლისი შეეხება ქვეყნებს, რომლებიც რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტს რუსეთის გაზის ექსპორტის 15%-ზე ნაკლები მოცულობით ახორციელებენ და ამ იმპორტის შესამცირებლად მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამენ.

პარლამენტის ფოიე

პოლიტიკა • 1789559265

პარლამენტმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების გაერთიანებას მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, 1 წინააღმდეგი, მხარი დაუჭირა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების გაერთიანებას.„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტი პლენარულ სხდომაზე, მესამე მოსმენით, მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა წარადგინა.ცვლილების თანახმად, ორი სახელმწიფო უწყება - რეგიონული განვითარების სამინისტრო და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ერთ უწყებად - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდ ჩამოყალიბდება.ამასთან, უქმდება სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში.ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

რატი იონათამიშვილი

პოლიტიკა • 1789548000

რატი იონათამიშვილი: ქვეყანაში უსაფრთხოების სამსახური წლიდან წლამდე ძლიერდება და ახალი ხელმძღვანელის პირობებში განვითარების ახალ ეტაპზე გადავა

20 წელია, თამაზ ბორაშვილი ქვეყნის უსაფრთხოებას ემსახურება, ხელმძღვანელი პოზიციის დაკავება უფრო მეტი პასუხისმგებლობაა, მაგრამ ამას მისი გამოცდილება აბალანსებს, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.იონათამიშვილი აცხადებს, რომ დარწმუნებულია, ბორაშვილი უსაფრთხოების სამსახურის წარმატებული ხელმძღვანელი იქნება.„ოპოზიციას სხვის კრიტიკას ურჩევნია, საკუთარ რიგებს გადახედოს და თუ კრიტიკის უნარი აქვთ, ხელი ერთმანეთის კრიტიკას მიჰყონ. მათ ძალიან არ უნდათ, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება მაღალი სტანდარტით იყოს დაცული, მაგრამ ეს იმედები გაუცრუვდებათ. ქვეყანაში უსაფრთხოების სამსახური წლიდან წლამდე ძლიერდება და ახალი ხელმძღვანელის პირობებში განვითარების ახალ ეტაპზე გადავა, რადგან დაცული უსაფრთხოება პირდაპირ კავშირშია ამ ქვეყნის დაცულ ეკონომიკურ განვითარებასა და უსაფრთხოებასთან“,- განაცხადა იონათამიშვილმა.პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა დაამტკიცა. ბორაშვილს მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ კი ხმა მისცა არცერთს მიუცია.ცნობისთვის, გეკა გელაძემ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა 14 სექტემბერს დატოვა.

თამაზ ბორაშვილი

პოლიტიკა • 1789547740

პარლამენტმა სუსის ხელმძღვანელად თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა დაამტკიცა.ბორაშვილს მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი – არცერთი.ცნობისთვის, სუს-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გეკა გელაძემ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა 14 სექტემბერს დატოვა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ახალი ხელმძღვანელის პოსტზე თამაზ ბორაშვილი წარადგინა.

✕