იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილის თანამდებობის გაუქმებას მხარი დაუჭირა

კომიტეტი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

კანონპროექტის თანახმად, უქმდება საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილის თანამდებობა.

საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის, ვახტანგ ბაჩიაშვილის განმარტებით, არსებული მდგომარეობის მიხედვით, მთავრობის საპარლამენტო მდივანს ჰყავს მოადგილე, რომლის ფუნქციებიც არ არის დაკონკრეტებული.

ამავდროულად, „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონით, მთავრობის საპარლამენტო მდივნის საქმიანობას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეული - პარლამენტთან და პრეზიდენტთან ურთიერთობის დეპარტამენტი, რომლის ძირითად ამოცანათაგან ერთ-ერთი უპირველესი მთავრობის საპარლამენტო მდივნისათვის კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელების ხელშეწყობაა.

შესაბამისად, სახეზეა ფუნქციების გარკვეული დუბლირება, რამაც რიგ შემთხვევებში, შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს კონკრეტული საკითხების დროულ განხილვა-გადაწყვეტაზე.

„აქედან გამომდინარე, საპარლამენტო მდივნის მოადგილის დამატებითი რგოლის საჭიროება აღარ არსებობს. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ამ ცვლილებით მნიშვნელოვნად დაიზოგება წლიური ბიუჯეტი მთავრობის ადმინისტრაციის საშტატო ნუსხისთვის“, - აღნიშნა ვახტანგ ბაჩიაშვილმა.