„ტყუპებზე იყო ორსულად...“ - ახალგაზრდა ადვოკატი ტრაგიკულად გარდაიცვალა
1780912215
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა „პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების პროექტი, თანმდევ პროექტებთან ერთად, პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა. საკითხი პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა წარადგინა.
„შარშან მაისში, საქართველოს პარლამენტმა ახალი რეგლამენტი მიიღო, რომელმაც მნიშვნელოვანი პროცედურული სიახლეები შემოიტანა და უფრო ეფექტიანი გახადა პარლამენტის საქმიანობა. მას შემდეგ, ჩვენ საშემოდგომო და საგაზაფხულო სესია გავმართეთ, ვნახეთ როგორ იმუშავა რეგლამენტის ნორმებმა, ასევე, დავაკვირდით, თუ რომელი პროცედურის კიდევ უფრო მეტად დახვეწა ან განახლება შეიძლება. შესაბამისად, მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ზუსტდება პარლამენტის პლენარული სხდომის, პარლამენტის ბიუროს და სხვა ცალკეული საპარლამენტო სუბიექტების მიერ სხვადასხვა ფაქტის ცნობად მიღების პროცედურასთან დაკავშირებული საკითხები, რაც ძირითადად ტერმინოლოგიურ ცვლილებას მოიცავს. კერძოდ, ტერმინი „ცნობად მიღება“ იცვლება მსგავსი შინაარსის სხვა ტერმინოლოგიით - „ცნობად მიღებისთვის წარდგენა“. ამასთანავე, რიგ შემთხვევებში იცვლება ან ზუსტდება აღნიშნული საპარლამენტო სუბიექტების მიერ ცნობად მიღებული ინფორმაციის სამართლებრივი შედეგების ამოქმედების დრო. აგრეთვე, ზუსტდება უფრაქციო პარლამენტის წევრის კომიტეტში გაწევრების პროცედურა.
პროექტის თანახმად, ნორმა, რომელიც ადგენს, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 15 საათიდან 16 საათამდე ცხადდება შესვენება, იცვლება და ჩამოყალიბდება შემდეგი სახით: „პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სხდომის თავმჯდომარე საჭიროებისამებრ აცხადებს შესვენებას.“
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, პარლამენტის ბიუროს ენიჭება პარლამენტის მორიგი პლენარული სხდომის პარლამენტის პლენარული სხდომების კვირის სხვა დღეს გამართვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება.
მისივე თქმით, კანონპროექტის ინიციატორს ენიჭება კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღებამდე მისი გათხოვის უფლებამოსილება, რომელიც მას, მოქმედი ნორმის თანახმად, კანონპროექტის მხოლოდ პირველი მოსმენით მიღებამდე აქვს.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, განისაზღვრება, რომ წინა მოწვევის პარლამენტში განსახილველად წარდგენილი კანონპროექტებისა და პარლამენტის დადგენილებების პროექტების განხილვის პროცედურის გაგრძელების მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესი გავრცელდება იმ საერთაშორისო ხელშეკრულებებზეც, რომლებიც რატიფიცირებისთვის, შეერთებისთვის, დენონსირებისთვის ან გაუქმებისთვის წარედგინა პარლამენტს.
ცვლილებების თანახმად, ზუსტდება ნორმები, რომლებიც კანონპროექტის თაობაზე შენიშვნის გამოთქმის საკითხს აწესრიგებს. ასევე, განისაზღვრება, რომ საკანონმდებლო პაკეტის მესამე მოსმენით განხილვის დასრულების შემდეგ საკანონმდებლო პაკეტში შემავალ იმ პროექტებზე, რომელთა მისაღებად თანაბარი რაოდენობის ხმებია საჭირო, კენჭისყრა ერთიანად გაიმართება, თუ კენჭისყრაში მონაწილე პარლამენტის რომელიმე წევრი კენჭისყრის წინ არ მოითხოვს აღნიშნულ საკანონმდებლო პაკეტში შემავალ თითოეულ პროექტზე კენჭისყრის ცალკე გამართვას.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ზუსტდება კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვისა და მიღების წესი. კერძოდ, განისაზღვრება, რომ თუ კანონპროექტის თაობაზე მიღებულია დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება და დაიწყო მისი განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მაგრამ იმავე კვირის განმავლობაში იგი არ იქნა მიღებული სამივე მოსმენით, პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, მისი განხილვა შეიძლება გაგრძელდეს დაჩქარებული წესით მომდევნო პლენარული სხდომის (სხდომების) კვირაში.
მისივე თქმით, რედაქციული და შინაარსობრივი თვალსაზრისით იხვეწება და უმჯობესდება ინტერპელაციის საკითხის მომწესრიგებელი ნორმები, მათ შორის, იცვლება ან ზუსტდება ინტერპელაციასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხები, კერძოდ:
• ინტერპელაციის გამართვის დღედ ოთხშაბათსა და ხუთშაბათთან ერთად დგინდება სამშაბათიც;
• ინტერპელაციის წესით წერილობითი შეკითხვის დასმის მაქსიმალური ზღვრული დრო − პარლამენტის მორიგი სხდომების კვირის წინა კვირის ოთხშაბათის 12 საათი − ხანგრძლივდება იმავე ოთხშაბათის დღის ბოლომდე, ხოლო აღნიშნული შეკითხვის მისი ადრესატისთვის გადაცემის მაქსიმალური ზღვრული დრო − პარლამენტის მორიგი სხდომების კვირის წინა კვირის ოთხშაბათი − ხანგრძლივდება იმავე ოთხშაბათის მომდევნო დღის ბოლომდე;
• ზუსტდება, რომ ინტერპელაციის გამართვის დღეს პარლამენტის პლენარული სხდომა შეიძლება სხვა საკითხების განხილვით დაიწყოს და გაგრძელდეს ინტერპელაციით. ამასთანავე, ზუსტდება, რომ ინტერპელაციის გამართვის დროს წერილობითი შეკითხვის ავტორსა და ადრესატთან კონსულტაციის საფუძველზე განსაზღვრავს პარლამენტის ბიურო.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ზუსტდება პარლამენტისთვის წარდგენილი ცალკეული ანგარიშების პლენარულ სხდომაზე განხილვასთან დაკავშირებული საკითხი.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, კიდევ ერთი ცვლილება შეეხება რეგლამენტის მე-200 მუხლს და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის – მეურვის არჩევის წესს. კერძოდ, უქმდება მეურვეობის კანდიდატების შემრჩევი საკონკურსო კომისიის შექმნის პროცედურა, მეურვეობის კანდიდატებს კი მათი წარდგენის უფლებამოსილების მქონე სუბიექტები თავიანთი შეხედულებით წარადგენენ. ამასთანავე, მეურვის კანდიდატურის კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხის შესწავლისა და განხილვის უფლებამოსილება ენიჭება პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს. პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი განახორციელებს აგრეთვე მეურვეობის კანდიდატის კომიტეტის საჯარო სხდომაზე მოსმენას და გასცემს რეკომენდაციას მეურვეობის კანდიდატის მეურვედ არჩევის ან არჩევაზე უარის თქმის თაობაზე.
პროექტის თანახმად, ზუსტდება საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების მოსმენის პროცედურა. კერძოდ, განისაზღვრება, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის მიმართვის დასრულებით აღნიშნული პროცედურა სრულდება. ამასთანავე, საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების მოსმენის დასრულების შემდეგ შესაძლებელი გახდება პარლამენტის პლენარული სხდომის გაგრძელება და სხვა საკითხების განხილვა.
შალვა პაპუაშვილმა კომიტეტის წევრებს საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებული კიდევ ერთი ცვლილება გააცნო, რომელიც „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონს ეხება. პროექტის თანახმად, თუ კანონპროექტი საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილია, როგორც საკანონმდებლო პაკეტის შემადგენელი ნაწილი, ამ საკანონმდებლო პაკეტში შემავალ კანონპროექტებს ერთი საერთო განმარტებითი ბარათი დაერთვის, რომელშიც აისახება საკანონმდებლო პაკეტის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ცვლილებები შედის ასევე „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ ორგანულ კანონში და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ კანონში.
შალვა პაპუაშვილმა გაიზიარა სხდომაზე გამოთქმული შენიშვნები კომიტეტების მიერ ერთობლივი სამუშაო ჯგუფების შექმნის შესაძლებლობის საკითხთან დაკავშირებით და ასევე, ინტერპელაციის დროს შეკითხვის ავტორისთვის და ინტერპელაციის პროცედურის დასრულების შემდეგ დებატებისთვის გამოყოფილი დროის გაზრდასთან დაკავშირებით.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, შესაბამისი ფორმულირებები საკანონმდებლო პაკეტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვის დროს იქნება წარდგენილი.
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.