ევროკომისია

მსოფლიო • 1792413960

ევროკავშირი საფრანგეთს მშვიდობიანი პროტესტის უფლების დაცვისკენ მოუწოდებს

ევროკავშირი საფრანგეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, ქვეყანაში მიმდინარე მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე უზრუნველყოს მოქალაქეთა მშვიდობიანი დემონსტრაციების გამართვის უფლება. ამასთან, ბრიუსელი გმობს შაბათ-კვირას მომხდარ ძალადობას, მაროდიორობასა და ხანძრების გაჩენას. ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა მარკუს ლამერტმა განაცხადა.„ადამიანები, რომლებიც მშვიდობიან დემონსტრაციებში მონაწილეობენ, არ უნდა გავაიგივოთ მათთან, ვინც ძალადობრივ ქმედებებს სჩადის“, – თქვა ევროკომისიის პრესსპიკერმა.მისივე თქმით, ცეცხლის განზრახ გაჩენა, ძარცვა და ადამიანებზე ან საზოგადოებრივ შენობებზე თავდასხმა მიუღებელია.ევროკავშირის განცხადებით, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან ერთად აუცილებელია მოქალაქეთა ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა.ბრიუსელის განცხადება მოჰყვა საფრანგეთში ცხოვრების გაძვირების წინააღმდეგ მიმდინარე მასშტაბურ საპროტესტო აქციებს, რომლებიც გასულ შაბათ-კვირას ქვეყნის რამდენიმე ქალაქში ძალადობრივ არეულობაში გადაიზარდა.საფრანგეთის ხელისუფლებამ საზოგადოებრივი წესრიგის აღსადგენად უსაფრთხოების ზომების გამკაცრება და ცალკეულ ტერიტორიებზე კომენდანტის საათის დაწესება დააანონსა.

შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა • 1791385740

შალვა პაპუაშვილმა ნაურუს პარლამენტის თავმჯდომარეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ნაურუს რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე მარკუს სტივენსს შეხვდა. შეხვედრა საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ, ორი ქვეყნის პარლამენტების თავმჯდომარეებს შორის პირველი შეხვედრაა.შალვა პაპუაშვილმა მარკუს სტივენსს მადლობა გადაუხადა ნაურუს გადაწყვეტილებისთვის, რომლის საფუძველზეც ქვეყანამ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარება გააუქმა და მათთან დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვიტა.პაპუაშვილის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება საერთაშორისო სამართლის პატივისცემის ნათელი გამოვლინებაა.მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება და აღნიშნეს, რომ ეს ნაბიჯი ნაყოფიერი ორმხრივი თანამშრომლობის დასაწყისია.შეხვედრაზე მხარეებმა ასევე გამოხატეს საპარლამენტო კავშირების განვითარების მზაობა.შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის, ნაურუს რეფორმების მიმართულებით მიღებული წარმატებული გამოცდილება გაუზიაროს.შეხვედრა ტანზანიის ქალაქ არუშაში, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 153-ე ასამბლეის ფარგლებში გაიმართა.პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, ღონისძიებაში მონაწილეობენ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი.ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

ფრიდრიხ მერცი

მსოფლიო • 1791367422

Ipsos-ის გამოკითხვის თანახმად, გერმანიის მოსახლეობის 48%-ი თვლის, რომ ფრიდრიხ მერცის კანცლერობა წარუმატებელი აღმოჩნდა

გამოკითხვის თანახმად, გერმანელების უმრავლესობა ფედერალური კანცლერის, ფრიდრიხ მერცის საქმიანობით ღრმად იმედგაცრუებულია. Ipsos-ის მიერ, ჟურნალ Der Spiegel-ის დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 48%-ი სრულად ეთანხმება მოსაზრებას: "ფრიდრიხ მერცის კანცლერობა ჩავარდა/წარუმატებელი აღმოჩნდა". გამოკითხულთა კიდევ 19 პროცენტი ამ მოსაზრებას ნაწილობრივ ეთანხმება.აღმოსავლეთ გერმანიის ფედერალურ მიწებში შეფასება უფრო მკაცრია: იქ გამოკითხულთა 80 პროცენტი ამ მოსაზრებას სრულად ან მეტწილად ეთანხმება.დასავლეთ გერმანიის ფედერალურ მიწებში, კვლევის თანახმად, ამ მოსაზრებას 64%-ი ეთანხმება, რაც შედარებით ნაკლებია.Spiegel-ის დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვის ფარგლებში, Ipsos-მა 30 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე გერმანიაში დაახლოებით 2002 ადამიანი ონლაინ გამოკითხა.მედია წერს, რომ მერცის შემცვლელზე გერმანელებს ერთიანი აზრი არ აქვთ. ამასთან, გამოკითხულებს გერმანიის "ქრისტიან-დემოკრატიული კავშირიდან" მერცის შემცვლელი გამორჩეული კანდიდატიც არ ჰყავთ.კითხვაზე, ვინ იქნებოდა უკეთესი ფედერალური კანცლერი, გამოკითხულებს შესთავაზეს სამი კანდიდატი: CSU-ის ლიდერი მარკუს ზიოდერი, შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდერ დობრინდტი და ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის პრემიერ-მინისტრი ჰენდრიკ ვიუსტი.43%-მა აირჩია პასუხი: "არცერთი ჩამოთვლილთაგანი". თითქმის 14%-მა უპასუხა: "არ ვიცი". ჩამოთვლილ კანდიდატებს შორის ზიოდერმა 20%-ი მიიღო, რაც ყველაზე მაღალი მხარდაჭერაა. 16%-ი ვიუსტს ამჯობინებს, დობრინდტს კი მხოლოდ 5%-მა მისცა ხმა. 

ფოტო

საზოგადოება • 1788972696

მსოფლიოში პირველად, თავის ტვინის სიმსივნე ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ამოკვეთეს - პაციენტს მხედველობის სრული დაკარგვა ემუქრებოდა

მსოფლიოში პირველად, პაციენტს თავის ტვინის სიმსივნე რეალურ დროში ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენებით წარმატებით ამოკვეთეს.ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის (UCL) საავადმყოფოს ქირურგების განცხადებით, უახლესი ტექნოლოგიით ჩატარებული აღნიშნული ოპერაციის გარეშე პაციენტს მხედველობის სრული დაკარგვა ემუქრებოდა.ოპერაციის მსვლელობისას, ხელოვნური ინტელექტის სისტემა რეალურ დროში აანალიზებდა ვიდეოგამოსახულებას და ქირურგებს ეხმარებოდა, თავიდან აეცილებინათ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, თუმცა ვიზუალურად დაფარული სისხლძარღვებისა და ნერვების დაზიანება. ამ მიდგომის წყალობით, ექიმებმა სიმსივნის მაქსიმალურად დიდი ნაწილის უსაფრთხოდ ამოკვეთა შეძლეს.48 წლის პაციენტს, რომელიც მანამდე სრულიად ჯანმრთელი იყო, მოულოდნელად გონების კარგვისა და კრუნჩხვის ეპიზოდი განუვითარდა. თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსულმა კვლევამ გამოავლინა, რომ ჰიპოფიზის ჯირკვალზე 11 მმ ზომის კეთილთვისებიანი სიმსივნე ვითარდებოდა.როგორც ოპერაციაში მონაწილე პროფესორმა, ჰანი მარკუსმა აღნიშნა: „სისტემა დატრენინგებულია ბევრად მეტ ოპერაციაზე, ვიდრე ნებისმიერი ქირურგი თავისი კარიერის განმავლობაში შეასრულებს. შესაბამისად, მას შეუძლია შეასრულოს გამოცდილი სპეციალისტის 'მეორე წყვილი თვალის' როლი.“

იოჰან ვადეფული

მსოფლიო • 1788960540

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ბერლინი მზადაა გერმანიაში მცხოვრები უკრაინელი მამაკაცების შესახებ მონაცემები კიევს გადასცეს

ოფიციალური ბერლინი მზადაა გერმანიაში მცხოვრები უკრაინელი მამაკაცების შესახებ მონაცემები კიევს გადასცეს, - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა.ვადეფულის განცხადებით, ის ეთანხმება „ქრისტიან-სოციალისტური კავშირის“ ლიდერის მარკუს ზედერის აზრს, რომ უკრაინელი მამაკაცები, რომლებსაც ჯარში სამსახური შეუძლიათ და რომლებიც ახლა გერმანიაში იმყოფებიან, სამშობლოში უნდა დაბრუნდნენ.„ჩვენ ხომ ვიცით, თუ ვინ ცხოვრობს ჩვენთან. მაგალითად, ვინ იღებს სოციალურ შემწეობას, ვინ არის აქ დარეგისტრირებული, ვის აქვს ბინადრობის მოწმობა“, - განაცხადა ვადეფულმა.მისი თქმით, აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით უკრაინის მთავრობას შესაძლებლობა ექნებოდა ჯარში გაწვევის შესახებ უწყისები მათთვის დაერიგებინა. თუმცა, როგორც ვადეფულმა დასძინა, ასეთი ადამიანების დაბრუნება უკრაინაში „იძულებით“ არ უნდა ხდებოდეს.

ევროკავშირი

მსოფლიო • 1788507494

The Guardian: ევროკავშირი რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეზღუდვაზე მუშაობს

ევროკომისიამ დაადასტურა, რომ მესამე ქვეყნების მცხოვრებლებისთვის, მათ შორის რუსეთის მოქალაქეებისთვის, სავიზო წესების გამკაცრების წინადადებებზე მუშაობს. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.გამოცემის ცნობით, ეს გადაწყვეტილება რუსეთის მიერ „მტრული ქმედებების“ გამო განიხილება.ევროკავშირმა ვიზების გამკაცრებაზე ფიქრი მას შემდეგ დაიწყო, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ გასულ თვეს გერმანიის ქალაქ ლაიფციგში დრონით თავდასხმის მცდელობაში მონაწილე ერთ-ერთ პირს იტალიის ტურისტული ვიზა ჰქონდა.„ევროკავშირის დონეზე ჩვენ შეგვიძლია ზომების მიღება და უკვე მივიღეთ კიდეც ვიზების გაცემის კიდევ უფრო შეზღუდვის კუთხით. ერთ-ერთი ნაბიჯი, რომელიც ჯერ კიდევ 2022 წელს გადავდგით, იყო რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმების სრულად შეჩერება. ასევე, 2022 წელს მივიღეთ მკაფიო სახელმძღვანელო მითითებები წევრი სახელმწიფოებისთვის რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის საკითხზე, განსაკუთრებით უსაფრთხოებისა და სასაზღვრო კონტროლის მიმართულებით“, - განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა მარკუს ლამერტმა.ევროკავშირის მონაცემებით, რუსეთის მოქალაქეებისთვის გაცემული ვიზების რაოდენობა ომამდე არსებული დაახლოებით 4 მილიონიდან გასულ წელს 618 ათასამდე შემცირდა.ლამერტმა ასევე ისაუბრა უფრო მკაცრ წესებზე, რომლებიც, მისი თქმით, „პრინციპში“ რუსეთის მოქალაქეებისთვის მრავალჯერადი შესვლის ვიზების მიღებას ზღუდავს.„ჩვენ ვამზადებთ წინადადებას ვიზებთან დაკავშირებული მიზნობრივი შემზღუდველი ზომების შესახებ, რათა, კერძოდ, მესამე ქვეყნების მტრული ქმედებებიდან მომდინარე უსაფრთხოების რისკებს გავუმკლავდეთ“, - განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა.

მიგრაცია

მსოფლიო • 1788454500

Euronews: ევროკავშირი და უნგრეთი მიგრაციის შესახებ ორი კანონის გაუქმების თაობაზე, მოლაპარაკებებს აწარმოებენ, რაც ბუდაპეშტისთვის ბრიუსელის მიერ დაკისრებული ჯარიმის მოხსნის საფუძველი გახდება

ბრიუსელი და ბუდაპეშტი განიხილავენ შესაძლებლობას, რომ უნგრეთში მოქმედი მიგრაციის შესახებ ორი დროებითი კანონი გაუქმდეს. ინფორმაციას Euronews ავრცელებს.ტელეარხის ცნობით, ევროკომისიასა და უნგრეთის მთავრობას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაახლოებული პირების განცხადებით, უნგრეთში მიგრაციასთან დაკავშირებული ორი დროებითი კანონის მოქმედების შეწყვეტამ, შესაძლოა ბუდაპეშტისთვის ევროკავშირის მიერ დაწესებული დღეში 1 მილიონი ევროს ჯარიმის გაუქმების შესაძლებლობა შექმნას.Euronews-ის ინფორმაციით, ამ ნაბიჯისთვის პრემიერ-მინისტრს პეტერ მადიარს, უნგრეთის მიგრაციის პოლიტიკის შერბილება არ დასჭირდება.ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს მიერ 2024 წელს მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, რომლის თანახმადაც ვიქტორ ორბანის მთავრობა თავშესაფრის მაძიებელთა მიმართ ევროკავშირის სტანდარტებს სისტემატურად არღვევდა, უნგრეთმა უკვე 910 მილიონი ევრო დაკარგა.Euronews-ის ცნობით, 2015-2016 წლების მიგრაციული კრიზისის შემდეგ უნგრეთმა თავშესაფრის მაძიებლებს ფაქტობრივად აუკრძალა საკუთარ ტერიტორიაზე განაცხადების შეტანა. ბუდაპეშტმა სერბეთის საზღვარზე ღობე აღმართა, საზღვარზე ციხის მსგავსი სატრანზიტო ზონები შექმნა და მიგრანტების სერბეთში უკან დაბრუნება დაიწყო. ბუდაპეშტმა ასევე დაადგინა, რომ თავშესაფრის მაძიებლებს საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით, განაცხადი ჯერ კიდევ სერბეთში ყოფნისას უნდა შეეტანათ.მიმდინარე წლის აპრილში ჩატარებული არჩევნების შემდეგ, ორბანის შემცვლელმა მადიარმა ევროპელ კოლეგებს ჯარიმის საკითხის მოგვარებისკენ მოუწოდა, თუმცა განაცხადა, რომ მისი წინამორბედის სადავო მიგრაციულ პოლიტიკას შეინარჩუნებდა.როგორც Euronews-ი იუწყება, განხილვის საგანია ორი ზომა. პირველი არის „მასობრივი მიგრაციით გამოწვეული კრიზისული მდგომარეობა“, რომელიც 2015 წლიდან დაახლოებით ყოველ ექვს თვეში ერთხელ ახლდება და უნგრეთს ევროკავშირის რამდენიმე სამართლებრივი ნორმისგან გადახვევის შესაძლებლობას აძლევს. მისი მოქმედების ვადა 7 სექტემბერს იწურება, თუ მას კვლავ არ გაახანგრძლივებენ.მეორე არის 2025 წელს მიღებული ცალკე კანონი, რომლის მიხედვითაც თავშესაფრის მაძიებლებმა უნგრეთში განაცხადის შეტანამდე საზღვარგარეთ, უნგრეთის საელჩოში, საკუთარი განზრახვა უნდა დაარეგისტრირონ. ამ კანონის მოქმედების ვადა წლის ბოლოს იწურება.„ეს ძალიან რთული საკითხია. ეს იურისტებისთვისაც გამოცდაა. შესაძლოა საჭირო გახდეს, რომ რაღაც ერთი დღით ამოქმედდეს, შემდეგ ჩვენ ეს საკითხი მოვნიშნოთ, 1 მილიონი ევროს ჯარიმა გაუქმდეს და მეორე დღეს ძალაში შევიდეს სხვა, თანაბრად მკაცრი, უბრალოდ ოდნავ განსხვავებულად მოქმედი რეგულაცია“ - განაცხადა მადიარმა პრესკონფერენციაზე.ბრიუსელში მიიჩნევენ, რომ ორივე კანონის გაუქმება შესაძლოა, წინ გადადგმული ნაბიჯი იყოს.„უნგრეთმა და სასამართლომ უნდა გადაწყვიტონ, რა შეიძლება გაკეთდეს. რაც შეეხება ევროკომისიას, ჩვენ შეგვიძლია ამ საკითხზე უნგრეთის ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობა გავაგრძელოთ“ - განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა მარკუს ლამერტმა.„მოველით, რომ უნგრეთის წინა მთავრობის მიმართ დაწესებული დღეში 1 მილიონი ევროს ჯარიმის საკითხი მალე მოგვარდება“ - განაცხადა მადიარმა ბუდაპეშტში ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ანტონიუ კოშტასთან შეხვედრის შემდეგ.ამის მიუხედავად, ექსპერტებს ეჭვი ეპარებათ, რომ ეს საკმარისი იქნება ჯარიმების შესაჩერებლად.„2015-2016 წლებში მიღებულ მიგრაციასთან დაკავშირებულ კანონებში ცვლილებების შეტანა ჯარიმების თავიდან აცილების შესაძლებლობა იქნებოდა“, - განუცხადა Euronews-ს ევროკავშირის სამართლის ექსპერტმა ტამაშ ლატმანმა.

მარკუს ლამერტი

მსოფლიო • 1787687700

სომხეთი ევროკავშირთან ისე ახლოსაა, როგორც არასდროს - ევროკომისიის პრესსპიკერი

სომხეთი ევროკავშირთან ისე ახლოსაა, როგორც არასდროს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა, მარკუს ლამერტმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.ევროკომისიაში დადებითად აფასებენ სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, სომხეთი მალე დაიწყებს ევროკავშირში გაწევრიანების ოფიციალური განაცხადის წარდგენის პროცესს.ევროკომისიის პრესსპიკერის შეფასებით, ეს მნიშვნელოვანი სიმბოლური ნაბიჯია.„ჟენევაში გამართული ჩვენი პირველი სომხეთი-ევროკავშირის სამიტი წარმატებული იყო, ამას ემატება ჩვენი შესანიშნავი თანამშრომლობა მდგრადობისა და ზრდის გეგმაზე, ევროპის მშვიდობის ფონდსა და პარტნიორულ მისიებზე. სომხეთმა გადაწყვიტა ევროკავშირის მიმართულებით პირველი ნაბიჯი გადაედგა და თავის მხრივ მიიღო ე.წ. ევროკავშირის კანონპროექტი. ეს მნიშვნელოვანი სიმბოლური ნაბიჯია. რა თქმა უნდა, ევროკავშირში გაწევრიანება მკაფიოდ განსაზღვრულ და დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესს მოიცავს. ის მოითხოვს ოფიციალურ განაცხადს იმ ქვეყნისგან, რომელსაც გაწევრიანება სურს. ჩვენ უკვე ვმუშაობთ ერევანთან ერთად სომხეთის ევროკავშირთან დაახლოებაზე, მაგალითად, სატრანსპორტო კავშირების, ვაჭრობისა და სხვა მრავალი მიმართულების განვითარებით. ეს ასევე კიდევ ერთი გამოხატულებაა, თუ რამდენად მიმზიდველია ევროკავშირი მოქალაქეებისთვის. ამიტომ ჩვენ ამას ინტერესით ვაკვირდებით. თქვენ ასევე იცით, რომ პრეზიდენტი ფონ დერ ლაიენი ძალიან აქტიურად უჭერს მხარს სომხეთის მოქალაქეების მხრიდან ევროკავშირისადმი გამოხატულ ამ აშკარა მხარდაჭერას“, – აღნიშნა ლამერტმა.

ukraina evrokavshiri

მსოფლიო • 1787242320

ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, უკრაინის სამხედრო ვალდებულების მქონე მოქალაქეებისთვის დროებითი დაცვის გაცემის შეზღუდვა თანაბრად გავრცელდება როგორც კაცებზე, ისე ქალებზე

ევროკავშირის ტერიტორიაზე დროებითი დაცვის მისაღებად უკრაინიდან ჩასულ ქალებსაც მოუწევთ დამტკიცება, რომ ისინი სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებას არ ცდილობენ და უკრაინა კანონიერად დატოვეს. ამის შესახებ ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე ევროკომისიის წარმომადგენელმა მარკუს ლამერტმა განაცხადა.მისივე თქმით, ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინის სამხედრო ვალდებულების მქონე მოქალაქეებისთვის დროებითი დაცვის გაცემას ზღუდავს, თანაბრად ვრცელდება როგორც კაცებზე, ისე ქალებზე.ევროკომისიის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ მოთხოვნები სამხედრო ვალდებულების შესრულებას, მათ შორის, მოქმედ სამხედრო სამსახურს ან წარსულში სამხედრო სამსახურის გავლას ეხება.ლამერტმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი უახლოეს პერიოდში წევრ სახელმწიფოებს დამატებით რეკომენდაციებს მიაწვდის იმ უკრაინელთა კატეგორიებთან დაკავშირებით, რომლებსაც ევროკავშირში დროებითი დაცვის მიღების უფლება აღარ ექნებათ.ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ევროკავშირმა 2028 წლის მარტამდე გაუხანგრძლივა დროებითი დაცვის რეჟიმი უკრაინელებს, რომლებმაც ქვეყანა რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო დატოვეს. ეს სტატუსი მათ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ცხოვრების და მუშაობის უფლებას აძლევს.თუმცა, ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, ასეთ სტატუსს ავტომატურად ვეღარ მიიღებენ ახლად ჩამოსული უკრაინელი კაცები, რომლებიც ვერ დაადასტურებენ სამხედრო ვალდებულების შესრულებას უკრაინის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ეს მოთხოვნა დაწესებულია „უკრაინის ამჟამინდელი თავდაცვითი საჭიროებების გათვალისწინებით“.როგორც „რბკ-უკრაინა“ წერს, აგვისტოს შუა რიცხვებში ესპანეთში დროებითი დაცვის სტატუსის გაფორმების მსურველმა უკრაინელებმა ხელისუფლების ახალი მოთხოვნების შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია. მათი თქმით, ესპანეთში ქალებსაც მოსთხოვეს სამხედრო ვალდებულების შესრულების ან მისგან გათავისუფლების დამადასტურებელი ინფორმაციის, ასევე უკრაინის საზღვრის გადაკვეთის შესახებ ჩანაწერის წარდგენა.ესპანეთში მდებარე უკრაინის საელჩოში აღნიშნული მოთხოვნები სწორედ ევროკავშირის საბჭოს ბოლო გადაწყვეტილებით განმარტეს.გერმანიაში უკრაინის საელჩოც აღნიშნავს, რომ დროებითი დაცვის გაცემის ახალი წესების გათვალისწინებით, ყველა მოქალაქეს, ასაკისა და სქესის მიუხედავად, რეკომენდაცია ეძლევა, უკრაინიდან გასვლისას მესაზღვრეებისგან პასპორტში მიიღონ საზღვრის გადაკვეთის დამადასტურებელი შტამპი.

ევროკავშირი

მსოფლიო • 1787240760

ევროკომისია: ევროკავშირის ტერიტორიაზე დროებითი დაცვის სტატუსის მისაღებად, ახლად ჩასულ უკრაინელ ქალებსაც მოუწევთ იმის დამტკიცება, რომ ისინი თავს არ არიდებენ სამხედრო სამსახურს და უკრაინა კანონიერი საფუძვლით დატოვეს

ევროკავშირის ტერიტორიაზე დროებითი დაცვის სტატუსის მისაღებად, ახლად ჩასულ უკრაინელ ქალებსაც მოუწევთ იმის დამტკიცება, რომ ისინი თავს არ არიდებენ სამხედრო სამსახურს და უკრაინა კანონიერი საფუძვლით დატოვეს. ამის შესახებ ხუთშაბათს, ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე ევროკომისიის წარმომადგენელმა, მარკუს ლამერტმა განაცხადა.მისი თქმით, ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება, რომელიც სამხედრო ვალდებულების მქონე უკრაინის მოქალაქეებისთვის დროებითი დაცვის მინიჭებას ზღუდავს, თანაბრად ვრცელდება როგორც მამაკაცებზე, ასევე ქალებზე.ლამერტმა ასევე დასძინა, რომ ევროკავშირი უახლოეს მომავალში წევრ ქვეყნებს მიაწვდის დამატებით რეკომენდაციებს უკრაინელთა იმ კატეგორიების შესახებ, რომლებსაც ევროკავშირში დროებითი დაცვის მიღების უფლება აღარ ექნებათ.ცოტა ხნის წინ ევროკავშირმა 2028 წლის მარტამდე გაუხანგრძლივა დროებითი დაცვა იმ უკრაინელებს, რომლებმაც ქვეყანა რუსეთის სრულმასშტაბური შეჭრის გამო დატოვეს. ეს სტატუსი მათ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ცხოვრებისა და მუშაობის უფლებას აძლევს.მიუხედავად ამისა, ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს, რომ აღნიშნულ სტატუსს ავტომატურად აღარ მიიღებენ ახლად ჩასული მამაკაცები, რომლებიც ვერ შეძლებენ მოქმედი უკრაინული კანონმდებლობის შესაბამისად სამხედრო მოვალეობის შესრულების დადასტურებას. გადაწყვეტილებაში აღნიშნული იყო, რომ ეს მოთხოვნა წესდება „უკრაინის მიმდინარე თავდაცვითი საჭიროებების გათვალისწინებით“.

ნიკოლას ჰოლტ

შოუბიზნესი • 1786628760

ნიკოლას ჰოლტი სერიალ „ჰარი პოტერში“ ითამაშებს

მსახიობი ნიკოლას ჰოლტი HBO-ს სერიალ „ჰარი პოტერის“ მეორე სეზონში გილდეროი ლოკჰარტის როლს შეასრულებს.ჰარი პოტერის შესახებ გადაღებულ ფილმებში გილდეროი ლოკჰარტის პერსონაჟი ასევე ფრანშიზის მეორე ნაწილში, „ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახში“ ჩნდება. სურათში ეს როლი ბრიტანელმა მსახიობმა კენეტ ბრანამ შეასრულა.სერიალის მეორე სეზონის გადაღებები შემოდგომაზე, HBO-ს პროექტის პირველი ეპიზოდების ეკრანებზე გამოსვლამდე დაიწყება. სერიალის პირველი სეზონის სცენარისტი ჯონ ბრაუნი ახალი ნაწილის შოურანერი გახდება და პროექტის ამჟამინდელ აღმასრულებელ პროდიუსერს, ფრანჩესკა გარდინერს შეუერთდება.36 წლის ნიკოლას ჰოლტმა პოპულარობა ჯერ კიდევ ბავშვობაში მოიპოვა ჰიუ გრანტთან ერთად ფილმში „ბიჭის შესახებ“ მარკუსის როლის წყალობით, როდესაც BAFTA-ს პრემიის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ნომინანტი გახდა. მის ბოლო პროექტებს შორის არის იორგოს ლანთიმოსის ფილმი „ფავორიტი“, რობერტ ეგერსის „ნოსფერატუ“, ჯეიმს განის „სუპერმენი“.

მივლელობა

მსოფლიო • 1784539838

5 ადამიანი მოკლეს სხვადასხვა ადგილას- პოლიციის ვერსიით, სამიზნე ერთი ოჯახი იყო - დაკავებულია 2 მოზარდი (უცხოეთი)

აშშ-ის ილინოისის შტატში ერთი ოჯახის ხუთი წევრის მკვლელობის საქმეზე ორი მოზარდი დააკავეს და მათ მკვლელობის ბრალდება წაუყენეს. პოლიციის განცხადებით, საქმე შემთხვევით თავდასხმას არ უკავშირდება - გამოძიება მომხდარს კონკრეტული ოჯახის წინააღმდეგ მიმართულ, მიზანმიმართულ მასობრივ სროლად განიხილავს.ტრაგედია ისტ-სენტ-ლუისში მოხდა. ხუთი ადამიანი სამ სხვადასხვა ადგილას მოკლეს, კიდევ ორი კი დაიჭრა. დაღუპულთა ასაკი 21-დან 74 წლამდე იყო.საქმეზე დაკავებულები 16 წლის ბიჭი და მისი მეგობარი, 15 წლის გოგო არიან.პოლიციის ცნობით, სროლის ეპიზოდები ძირითადად კვირას, ისტ-სენტ-ლუისის სამ სხვადასხვა ადგილას მოხდა. ერთ-ერთი შემთხვევის ადგილი პარკიც იყო. თუმცა სასამართლოს დოკუმენტების მიხედვით, ერთ-ერთი მსხვერპლი რამდენიმე დღით ადრე იყო დაჭრილი და მოგვიანებით გარდაიცვალა.სამართალდამცველებმა ორი მოზარდი მას შემდეგ დააკავეს, რაც ავტომობილი სახელმწიფო პარკში გააჩერეს.გამოძიებას დანაშაულის ოფიციალური მოტივი ამ დრომდე არ დაუსახელებია. თუმცა 15 წლის გოგოს მამამ, მარკუს მეიმ, ადგილობრივ მედიასთან განაცხადა, რომ მისი შვილი ოჯახის წევრებზე იყო გაბრაზებული და, მისი თქმით, თავდასხმა თავის მეგობარ ბიჭთან ერთად დაგეგმა.მარკუს მეის თქმით, მომხდარის შედეგად მან დედა, და, ორი გერი და ძმისშვილი დაკარგა. დაღუპულები 74, 49, 25, 24 და 21 წლის იყვნენ.16 წლის დევისს სულ 12 ბრალდება აქვს წარდგენილი, მათ შორის ხუთი  მკვლელობისთვის. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის პატიმრობაში რჩება.პოლიციის განცხადებით, თავდასხმა მიზანმიმართული იყო და საზოგადოებისთვის შემთხვევით საფრთხეს არ წარმოადგენდა. გამოძიება გრძელდება და სამართალდამცველები ცდილობენ დაადგინონ, კონკრეტულად რამ გამოიწვია ერთი ოჯახის წევრების წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმა.ორივე დაკავებულის მიმართ წარდგენილ ბრალდებებზე საბოლოო გადაწყვეტილება სასამართლოს ჯერ არ მიუღია.

✕