The Guardian: ევროკავშირი რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეზღუდვაზე მუშაობს

ევროკავშირი

ევროკომისიამ დაადასტურა, რომ მესამე ქვეყნების მცხოვრებლებისთვის, მათ შორის რუსეთის მოქალაქეებისთვის, სავიზო წესების გამკაცრების წინადადებებზე მუშაობს. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ეს გადაწყვეტილება რუსეთის მიერ „მტრული ქმედებების“ გამო განიხილება.

ევროკავშირმა ვიზების გამკაცრებაზე ფიქრი მას შემდეგ დაიწყო, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ გასულ თვეს გერმანიის ქალაქ ლაიფციგში დრონით თავდასხმის მცდელობაში მონაწილე ერთ-ერთ პირს იტალიის ტურისტული ვიზა ჰქონდა.

„ევროკავშირის დონეზე ჩვენ შეგვიძლია ზომების მიღება და უკვე მივიღეთ კიდეც ვიზების გაცემის კიდევ უფრო შეზღუდვის კუთხით. ერთ-ერთი ნაბიჯი, რომელიც ჯერ კიდევ 2022 წელს გადავდგით, იყო რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმების სრულად შეჩერება. ასევე, 2022 წელს მივიღეთ მკაფიო სახელმძღვანელო მითითებები წევრი სახელმწიფოებისთვის რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის საკითხზე, განსაკუთრებით უსაფრთხოებისა და სასაზღვრო კონტროლის მიმართულებით“, - განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა მარკუს ლამერტმა.

ევროკავშირის მონაცემებით, რუსეთის მოქალაქეებისთვის გაცემული ვიზების რაოდენობა ომამდე არსებული დაახლოებით 4 მილიონიდან გასულ წელს 618 ათასამდე შემცირდა.

ლამერტმა ასევე ისაუბრა უფრო მკაცრ წესებზე, რომლებიც, მისი თქმით, „პრინციპში“ რუსეთის მოქალაქეებისთვის მრავალჯერადი შესვლის ვიზების მიღებას ზღუდავს.

„ჩვენ ვამზადებთ წინადადებას ვიზებთან დაკავშირებული მიზნობრივი შემზღუდველი ზომების შესახებ, რათა, კერძოდ, მესამე ქვეყნების მტრული ქმედებებიდან მომდინარე უსაფრთხოების რისკებს გავუმკლავდეთ“, - განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა.