1791316484
Ipsos-ის გამოკითხვის თანახმად, გერმანიის მოსახლეობის 48%-ი თვლის, რომ ფრიდრიხ მერცის კანცლერობა წარუმატებელი აღმოჩნდა
გამოკითხვის თანახმად, გერმანელების უმრავლესობა ფედერალური კანცლერის, ფრიდრიხ მერცის საქმიანობით ღრმად იმედგაცრუებულია. Ipsos-ის მიერ, ჟურნალ Der Spiegel-ის დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 48%-ი სრულად ეთანხმება მოსაზრებას: "ფრიდრიხ მერცის კანცლერობა ჩავარდა/წარუმატებელი აღმოჩნდა". გამოკითხულთა კიდევ 19 პროცენტი ამ მოსაზრებას ნაწილობრივ ეთანხმება.
აღმოსავლეთ გერმანიის ფედერალურ მიწებში შეფასება უფრო მკაცრია: იქ გამოკითხულთა 80 პროცენტი ამ მოსაზრებას სრულად ან მეტწილად ეთანხმება.
დასავლეთ გერმანიის ფედერალურ მიწებში, კვლევის თანახმად, ამ მოსაზრებას 64%-ი ეთანხმება, რაც შედარებით ნაკლებია.
Spiegel-ის დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვის ფარგლებში, Ipsos-მა 30 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე გერმანიაში დაახლოებით 2002 ადამიანი ონლაინ გამოკითხა.
მედია წერს, რომ მერცის შემცვლელზე გერმანელებს ერთიანი აზრი არ აქვთ. ამასთან, გამოკითხულებს გერმანიის "ქრისტიან-დემოკრატიული კავშირიდან" მერცის შემცვლელი გამორჩეული კანდიდატიც არ ჰყავთ.
კითხვაზე, ვინ იქნებოდა უკეთესი ფედერალური კანცლერი, გამოკითხულებს შესთავაზეს სამი კანდიდატი: CSU-ის ლიდერი მარკუს ზიოდერი, შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდერ დობრინდტი და ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის პრემიერ-მინისტრი ჰენდრიკ ვიუსტი.
43%-მა აირჩია პასუხი: "არცერთი ჩამოთვლილთაგანი". თითქმის 14%-მა უპასუხა: "არ ვიცი". ჩამოთვლილ კანდიდატებს შორის ზიოდერმა 20%-ი მიიღო, რაც ყველაზე მაღალი მხარდაჭერაა. 16%-ი ვიუსტს ამჯობინებს, დობრინდტს კი მხოლოდ 5%-მა მისცა ხმა.









