ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, უკრაინის სამხედრო ვალდებულების მქონე მოქალაქეებისთვის დროებითი დაცვის გაცემის შეზღუდვა თანაბრად გავრცელდება როგორც კაცებზე, ისე ქალებზე

ukraina evrokavshiri

ევროკავშირის ტერიტორიაზე დროებითი დაცვის მისაღებად უკრაინიდან ჩასულ ქალებსაც მოუწევთ დამტკიცება, რომ ისინი სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებას არ ცდილობენ და უკრაინა კანონიერად დატოვეს. ამის შესახებ ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე ევროკომისიის წარმომადგენელმა მარკუს ლამერტმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინის სამხედრო ვალდებულების მქონე მოქალაქეებისთვის დროებითი დაცვის გაცემას ზღუდავს, თანაბრად ვრცელდება როგორც კაცებზე, ისე ქალებზე.

ევროკომისიის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ მოთხოვნები სამხედრო ვალდებულების შესრულებას, მათ შორის, მოქმედ სამხედრო სამსახურს ან წარსულში სამხედრო სამსახურის გავლას ეხება.

ლამერტმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი უახლოეს პერიოდში წევრ სახელმწიფოებს დამატებით რეკომენდაციებს მიაწვდის იმ უკრაინელთა კატეგორიებთან დაკავშირებით, რომლებსაც ევროკავშირში დროებითი დაცვის მიღების უფლება აღარ ექნებათ.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ევროკავშირმა 2028 წლის მარტამდე გაუხანგრძლივა დროებითი დაცვის რეჟიმი უკრაინელებს, რომლებმაც ქვეყანა რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო დატოვეს. ეს სტატუსი მათ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ცხოვრების და მუშაობის უფლებას აძლევს.

თუმცა, ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, ასეთ სტატუსს ავტომატურად ვეღარ მიიღებენ ახლად ჩამოსული უკრაინელი კაცები, რომლებიც ვერ დაადასტურებენ სამხედრო ვალდებულების შესრულებას უკრაინის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ეს მოთხოვნა დაწესებულია „უკრაინის ამჟამინდელი თავდაცვითი საჭიროებების გათვალისწინებით“.

როგორც „რბკ-უკრაინა“ წერს, აგვისტოს შუა რიცხვებში ესპანეთში დროებითი დაცვის სტატუსის გაფორმების მსურველმა უკრაინელებმა ხელისუფლების ახალი მოთხოვნების შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია. მათი თქმით, ესპანეთში ქალებსაც მოსთხოვეს სამხედრო ვალდებულების შესრულების ან მისგან გათავისუფლების დამადასტურებელი ინფორმაციის, ასევე უკრაინის საზღვრის გადაკვეთის შესახებ ჩანაწერის წარდგენა.

ესპანეთში მდებარე უკრაინის საელჩოში აღნიშნული მოთხოვნები სწორედ ევროკავშირის საბჭოს ბოლო გადაწყვეტილებით განმარტეს.

გერმანიაში უკრაინის საელჩოც აღნიშნავს, რომ დროებითი დაცვის გაცემის ახალი წესების გათვალისწინებით, ყველა მოქალაქეს, ასაკისა და სქესის მიუხედავად, რეკომენდაცია ეძლევა, უკრაინიდან გასვლისას მესაზღვრეებისგან პასპორტში მიიღონ საზღვრის გადაკვეთის დამადასტურებელი შტამპი.