Exclusive: "ყველაზე გემოვნებიანი..." - ვინ არის ქალი, რომელიც თბილისის ქუჩებში ყველას ყურადღებას იპყრობს

bebo

თბილისის ქუჩებში თუ არა, სოციალურ ქსელებში ერთხელ მაინც შეხვდებოდით ფოტოზე აღბეჭდილ ასაკოვან ქალს, რომელიც თავისი გამორჩეული გარეგნობით ყველას ყურადღებას იპყრობს. ფერად სამოსში გამოწყობილ მოხუცს ძველი სილამაზე კვლავ აქვს შემორჩენილი.

ფოტოგრაფი ლაშა შალამბერიძე იყო ერთ-ერთი, რომელმაც პირველმა გაასაჯაროვა ქალის ფოტო და ამით საზოგადოების ინტერესი მეტად გაიზარდა.

„ფოტოს გამოქვეყნების შემდეგ მოქალაქეები სხვადასხვა სახის პროდუქტით, სამოსით ეხმარებოდნენ. დაბადების დღეებსაც კი უღნიშნავდნენ ხოლმე. აღსანიშნავია, რომ მისი მსგავსი თოჯინებიც შეიქმნა.“ - ამბობს ის „პრაიმ თაიმთან“.

მოხუცს არც 20 ივნისის აქცია გამოუტოვებია. სხვა მოქალაქეებთან ერთად რუსთაველის გამზირზე, თავისი გამორჩეული სტილის სამოსში იყო გამოწყობილი.

ვიცით, რომ ერთი შეხედვით უდარდელი ქალის მიღმა დგას ადამიანი, რომელსაც უმძიმესი წარსული აქვს. არსებობს რამდენიმე ვერსია: მოქალაქეების ნაწილმა იცის, რომ ის აფხაზეთიდანაა, პედაგოგი, ჰყავდა შვილი, რომელიც ფეხმძიმედ იყო და მოუკლეს... ამ ამბის შემდეგ კი სპეციალურად იცვამს ღია ფერის სამოსს და საკუთარ ტკივილს ასე გამოხატავს.

„პრაიმ თაიმმა“ მოხუცის შესახებ რამდენიმე საინტერესო დეტალი გაარკვია. 

70 წელს გადაცილებული, ზოია წიკლაური კახეთიდანაა. წლების განმავლობაში, ის გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანში, შვილთან ერთად ცხოვრობდა.

ადგილობრივები გვიყვებიან, რომ ქალი დაახლოებით, ოცი წელია სოფელში აღარ გამოჩენილა.

„ათეული წლებია, სოფელში აღარ ჩანს. წარმოშობით აქედან არის, შაშიანში დაბადებული და გაზრდილი. 70 წელს გადაცილებული იქნება, მე რომ სტუდენტი ვიყავი, უკვე იმ დროისათვის თბილისში ვხედავდი, ქუჩაში მოსიარულეს. ქმარი ჰყავდა, გვარად ანჩაბაძე და მასთან შეეძინა ერთადერთი შვილი. გაცილებული იყო, თუ სწორად ვიცი. გამიგია, რომ ეს ბიჭი, აფხაზეთში იბრძოდა, სკოლაში ჩემზე ორი კლასით წინ იყო. ომიდან დაბრუნების შემდეგ, ჯანმრთელობას უჩიოდაო და სამწუხაროდ, 90-იანი წლების მიწურულს, გარდაიცვალა. ასე გავიგე, მეგობრებმა უპატრონეს და დაკრძალესო. ეს დეტალი ზუსტად არ ვიცი, ზოია შვილის გარდაცვალების შემდეგ წავიდა, თუ უკვე წასული იყო.“ - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

სოფელ შაშიანში წიკლაურების გვარის თხუთმეტამდე ოჯახი ცხოვრობს. ისინი კახეთში, მეოცე საუკუნის დასაწყისში, მთიულეთიდან ჩასახლებულან.

ჩვენი რესპონდენტი ვარაუდობს, რომ შაშიანში მცხოვრებ ოჯახებს ზოია წიკლაურთან კონტაქტი არ აქვთ.

„აქ არიან წიკლაურები, მაგრამ სოფელში არავის ოჯახში ზოია არ გამოჩენილა. არც არავინ იცის, რა მდგომარეობაშია. ეს ფაქტი გვეუბნება, რომ აქაურებთან კონტაქტი არ აქვს. შაშიანში რომ ჩამოდიოდეს, ან კავშირს ინარჩუნებდეს, გავიგებდი. თითქოს ასე ვიცი, რომ ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. გავიგე, ახლა ფერადად გამოწყობილს, რუსთაველის გამზირსა და მარჯანიშვილზე ხედავენო. ალბათ, მანდ სადმე აქვს თავშესაფარი.“- ჰყვებიან სოფელში.

თბილისის ქუჩებში ზოია წიკლაურს ხშირად ხედავენ, უღებენ ფოტოებს და იციან მისი ტრაგიკული ისტორიაც, თუმცა რამდენიმე ვერსიაა. სად და რა ვითარებაში ცხოვრობს ფერად ტანსაცმელში გამოწყობილი, მოდურად ჩაცმული ქალი, ჯერჯერობით, უცნობია.