„ყველა ცოცხალია... მეტს ვერ ვიტყვი, არ შემიძლია... დედებო, ეძებეთ შვილები!“ - მამა ნექტარიოს მჭედლიძე ემოციურ მიმართვას ავრცელებს

გაშვილებული ჩვილები

უკრაინაში მოღვაწე ქართველი სასულიერო პირი, მამა ნექტარიოს მჭედლიძე ემოციურ პოსტს აქვეყნებს. მოძღვარი მიმართავს იმ დედებს, რომლებმაც წლების წინ იმშობიარეს და კლინიკაში შვილების გარდაცვალების შესახებ უთხრეს.

მამა ნექტარიოსი განმარტავს, რომ დედა, რომელსაც სამშობიაროში გარდაცვლილი შვილი არ აჩვენეს, დიდი ალბათობით, მოატყუეს და ახალშობილი გაუშვილეს.

უკვე დავიღალე. ამდენი სიბოროტე საიდან, როგორ... დედას შვილი წაართვა და გააშვილო, იმ ფულით გამოკვებო თქვენი შვილები... ვერაფერს ვწერ მეტს, ვინც იმშობიარეთ 2004 წლამდე ლაგოდეხის და გურჯაანის სამშობიაროში და გითხრეს, თქვენი შვილები დაიღუპნენ და გარდაცვლილი ჩვილები არ გინახავთ, ყველა ცოცხალია. მეტს ვერ ვიტყვი, არ შემიძლია, დედებო, ეძებეთ შვილები. უბრალოდ ის ხალხი ვინც დედას შვილი მოჰპარა ჯოჯოხეთში იწვება სამარადისოდ“, - წერს მამა ნექტარიოსი.

ცნობისთვის, სამშობიაროებიდან ჩვილების, სავარაუდო, გაყიდვის ფაქტებზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. 

აქვე, ჯგუფის „ვეძებ“ დამფუძნებელი, თამუნა მუსერიძე აცხადებს, რომ საქართველოში არც ერთ სამშობიაროს სასაფლაო არ ჰქონია და კლინიკა ცრუობდა მაშინ, როცა მშობლებს ჩვილების დაკრძალვას სთავაზობდა.