„არ არსებობდა ღმერთი, თორემ, ასე არ უნდა მომხდარიყო...“ - ქალის სულისშემძვრელი წერილი შვილს, რომელიც გააშვილა

გაშვილება წერილი

ჯგუფში „ვეძებ“ სულისშემძვრელი წერილი გავრცელდა - ირკვევა, რომ  ბიოლოგიურმა დედამ შვილს წერილი მაშინ დაუწერა, როდესაც სხვაზე გააშვილა.

„გთხოვ, გთხოვ გამოჩნდი! ამ წამს ვიპოვე დე ეს წერილი! 5 დღეა, რაც ვიცი, აყვანილი რომ ვარ! ყველას, ყველას, ყველას ზუგდიდში, დამეხმარეთ და დაგვეხმარეთ!

1997 წლის დეკემბრის დასაწყისში დაიბადა ულამაზესი გოგონა, დედა იყო არასრულწლოვანი, სკოლის მოსწავლე, ხოლო ბიოლოგიური მამა დაოჯახებელი! მოხდა ისე, რომ გოგონას არ დაუდგნენ ოჯახის წევრები გვერდით და აიძულეს შვილის გაშვილება (ბიოლოგიური დედის მამიდა და ბებია)! დედამ, სკოლის მოსწავლე გოგონამ დაწერა ძალიან მტკივნეული წერილი და თან გააყოლა მის პირმშოს! არ უნდოდა, ტიროდა, მანქანაში ბოლოჯერ აჭამა ძუძუ და ტირილით დაემშვიდობაო! ამბობენ, დედას პირობა დადო, რომ არასდროს გათხოვდებოდა... მაგრამ, არ ვიცით, იქნებ კვლავ შეძლო დედობა. თუკი გსმენიათ ეს ისტორია, თუკი გსმენიათ შუამავლის გვარი გომართელი და ქარჩავა, რომლებიც აფხაზეთიდან დევნილი ოჯახისთვის უნდა მიეშვილებინათ გოგონა და წაეყვანათ რუსეთში, შეგვეხმიანეთ! მხოლოდ პირად შეტყობინებაში (დიდი ალბათობით, ბიოლოგიურმა მამამ არ იცის შვილის არსებობა).“ - ვკითხულობთ პოსტში.