ვიპოვე ვისაც ვეძებდი, მაგრამ სიხარული იმედგაცრუებამ შეცვალა... - წლების წინათ გაშვილებული გოგონას სევდიანი ისტორია...

bavshvi

ჯგუფი „ვეძებ“ სევდიან ისტორიას ავრცელებს, რომელსაც „პრაიმტაიმი“ უცვლელად გთავაზობთ.

„გამარჯობა, მე უკვე ვიპოვე ვისაც ვეძებდი და მინდა ჩემი უსიამოვნო გამოცდილება გაგიზიაროთ.

ანონიმურად დავრჩები, იმიტომ რომ შესაძლოა იმ ადამიანმა ეს პოსტი ნახოს და რადგან მას ამ თემაზე საუბარი არ სურს, მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ.

25 წლის ვიყავი, როცა გავიგე, რომ მამიდა მყოლია. მამაჩემის ღვიძლი და, რომელიც მისმა ბებიამ (ანუ ჩემმა დიდმა ბებიამ) გააშვილა და სხვა ოჯახში, იმავე ქალაქში იზრდებოდა, სადაც ჩემს ოჯახთან ერთად ვცხოვრობდი.

გავიდა დრო და ბებიამ მისი პირველი შვილის არსებობის შესახებ გაიგო. ბებიას დედამ სიკვდილის წინ აღიარა და მისამართიც გაუმხილა სადაც ცხოვრობდა მისი შვილი.

როგორც ვიცი, ბებიამ მოიძია მისი მკვდრად გამოცხადებული შვილი, აკითხავდა მისამართზე, ელოდებოდა შესასვლელთან, რომ ერთხელ მაინც დაენახა ის. აღმზრდელმა დედამ სამწუხაროდ ბებია სახლიდან გამოაგდო და იქ მისვლა აუკრძალა...

გავიდა წლები, მამიდამ ბებია თავად მოიძია, ურთიერთობა შედგა, გაიცნო ძმები. ჰქონდათ მიმოსვლა, ურთიერთობა, ერთმანეთს საჩუქრებს ჩუქნიდნენ. მამიდა ფოტოებს უგზავნიდა ბებიას..

ეს ყველაფერი ჩემს დაბადებამდე მოხდა და მამიდას არსებობის შესახებ 25 წლის ასაკში გავიგე, იქამდე ამაზე არავის უსაუბრია.

საქმე იმაში იყო, რომ მამიდაჩემი ძმებზე და მის მშობელ დედაზე განაწყენდა და დაახლოებით 30 წელი არც დედა და არც ღვიძლი ძმები მოუკითხავს. ეს წლები საზღვარგარეთ ცხოვრობდა და არც ბებიას დაკრძალვაზე ჩამოვიდა, როგორც ვიცი ძმებმა ეს ამბავი მიაწვდინეს..

როდესაც გავიგე, რომ მამიდა და მამიდაშვილები მყავს, ძალიან გამიხარდა და მაშინვე დავიწყე ძებნა სოციალური ქსელის საშუალებით. პოვნა არ გამჭირვებია, რადგან ბებიას ფოტოალბომში მათი ფოტოები წარწერებით და დაბადების თარიღებით დღემდე ინახება. ამასთან, ფიზიკური მსგავსება იმდენად დიდი იყო, ანუ მამიდა ძალიან ჰგავს ბებიას და ასევე ჩემი მამიდაშვილები, მარტივად ვიპოვე ფეისბუკ გვერდზე და დადგა ის დრო, რომ უნდა მივწერო...

არ ვიცი რით დავიწყო, როგორ ვუთხრა, რა ვუთხრა..იქნებ არ იციან, მეშინია რამე დანაშაული არ ჩავიდინო...ბოლოს გავბედე და მივწერე მამიდას, მორიდებით, მოწიწებით, ბოდიშის მოხდით, რომ შევაწუხე. მივწერე, რომ ძალიან გამიხარდა მათი არსებობა და რომ ეს ამბავი ახლახან გავიგე და ის, რომ მოხარული ვიქნები, თუ ერთმანეთს გავიცნობდით. დიდი ხანი ველოდი პასუხს, მაგრამ სრული იგნორირება. იმედს არ ვკარგავდი, იქნებ არ უნახავს და ამიტომ არ მპასუხობს მეთქი. შემდეგ გადავწყვიტე მამიდაშვილისთვის მიმეწერა. წერის დროს ხელები მიკანკალებდა ისე ვნერვიულობდი..

მივწერე, რომ ძალიან მინდა თქვენი გაცნობა, პრობლემებს არ შეგიქმნით და არ გეგონოთ, რომ იმიტომ გამოვჩნდი, რამე მატერიალური დახმარება მჭირდება მეთქი. უბრალოდ თქვენი გაცნობა მინდა და ბედნიერი ვარ, რომ თურმე მამიდა და მამიდაშვილები მყოლია მეთქი. იქნებ უფროსების დაშვებული შეცდომა, ჩვენ ახალგაზრდებმა გამოვასწოროთ მეთქი...

სამწუხაროდ ბედნიერი დასასრული არ ჰქონია.. მიპასუხა ძალიან ცივად, უხეშად, მითხრა რომ ამაზე საუბარიც კი არ უნდათ და რომ იქნებ მათ გადაწყვეტილებას პატივი ვცე და დამემშვიდობა...

ჩემი მოლოდინები და სიხარული, იმედგაცრუებამ შეცვალა. ძალიან მეტკინა გული და ვბრაზობდი ჩემს თავზე, ნეტა რატომ მივწერე-თქო...

მეგონა ჩემს მამიდაშვილებს ასევე გაუხარდებოდათ ჩემი არსებობა, როგორც მე მათი.

არ ვიცი ჩემმა მშობელმა ან ბებიამ ასეთი რა აწყენინეს ჩემს ბიოლოგიურ მამიდას, მაგრამ ფაქტია, რომ თავიდან მომიშორეს, სრულიად უდანაშაულო მათთან, სიკეთით და გახსნილი გულით მისული ადამიანი.

ალბათ არარეალურია, მაგრამ თუ ოდესმე აზრს შეიცვლიან, მე მთელი გულით მივიღებ. არ ვიცი რა გრძნობაა, ფიზიკური მსგავსების ბრალია ალბათ, ძალიან შინაურად მიმაჩნია ისინი...

იქნებ ჩემი ისტორია და გამოცდილება ვინმეს გამოადგეს და უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ დიდ იმედებს ადამიანებზე ნუ დაამყარებთ, ჩემი შეცდომაც ეს იყო...

ყველას გისურვებთ გეპოვნოთ და ასევე გაგიმართლოთ იმ ადამიანებში, ვისაც იპოვით.“